შემოაბიჯე
დიგიტალურ ქართველოლოგიაში!

ჩვენი შემოთავაზება

2024 წლის აქტივობები

საერთაშორისო სემინარი

„ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კორპუსლინგვისტური ანალიზი“

საერთაშორისო სემინარი თემაზე ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კორპუსლინგვისტური ანალიზი“  მიზნად ისახავს პოლიტიკური ლინგვისტიკის არსის, კვლევის ობიექტის, მიზნებისა და მეთოდების გაცნობას. სემინარის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. სემინარის მონაწილეები პრაქტიკულად დაეუფლებიან პოლიტიკური მეტყველების ანალიზის მეთოდებს და გამოიმუშავებენ კორპუსლინგვისტური კვლევების უნარ-ჩვევებს. საერთაშორისო სემინარი ტარდება ფრანკფურტის უნივერსიტეტის  და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოს  მხარდაჭერით.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრანკფურტის უნივერსიტეტი  დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიასთან თანამშრომლობით 2024 წლის 1-8 აგვისტოს სხალთა-ხიხანის ხეობაში ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების ათვისებას; ემპირიული მასალის შესაგროვებლად დაგეგმილია ექსპედიციის ჩატარება ხულოს მუნიციპალიტეტის საზაფხულო იალაღებზე.

პრეზენტაცია

„ჩემი ვეფხისტყაოსანი“ - მრავალენოვანი ციფრული ონლაინპორტალი ქართული დიასპორებისათვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2024 წელის 27 ივნისს ატარებს დიასპორების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იქნება სამინისტროს მიერ 2023 წელს დაფინანსებული დიასპორული პროექტები. დიასპორულ პროექტს წარადგენენ პროექტის ხელმძღვანელი პროფ. მანანა თანდაშვილი, პროექტის კოორდინატორი მარიამ გობიანიძე და პროექტის კალიგრაფიული შრიფტის ავტორი დავით მაისურაძე წარმოადგენენ „ვეფხისტყაოსნის“თარგმანების ციფრულ ონლაინპორტალს  შვიდ ენაზე: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური და ბერძნული. პროექტი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული და კულტურული იდენტობისა შენარჩუნებას. 

საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი

„ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან (გოეთეს უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი) ერთად 2024 წლის 11-13 ოქტომბერს ატარებს ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2024) – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“. სიმპოზიუმის თანაორგანიზატორია დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია-საქართველო. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გაიმართება სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედრები.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„საქართველო და კავკასია - ადამიანი და ეპოქა“

საქართველოს უნივერსიტეტი ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით  2024 წლის 1-3 ნოემბერს აწყობს III საერთაშორისო კონფერენციას ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი სფეროების ხელშეწყობის, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების განვითარებისა და ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების განვითარების მიზნით. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკა მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია,  ხელოვნების ისტორია, ბიზნესი, წყაროთმცოდნეობა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები და გეოპოლიტიკა.

პრეზენტაცია

საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალის "მილენიუმის" პრეზენტაცია

2024 წლის 11 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „მილენიუმის“ მეორე ნომრის პრეზენტაცია. ნომერში შესულია 2023 წლის 4-8 ოქტომბერს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ჩატარებულ  საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი მასალები. პრეზენტაციას გაუძღვება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ჟურნალ “მილენიუმის” სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პროფ. მანანა თანდაშვილი.

საერთაშორისო სემინარი

„ბუნებრივ ენათა დამუშავების ტექნოლოგიები და კორპუსული კვლევების მნიშვნელობა 21-ე საუკუნის ქართველოლოგიისათვის“

საქართველოს უნივერსიტეტისა და გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში (დიგიტალური ჰუმანიტარიისა აკადემიისა და ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფის თანამონაწილეობით) 2024 წლის  23-25 თებერვალს ტარდება საერთაშორისო სემინარი ბუნებრივ ენათა დამუშავების ტექნოლოგიების თემაზე. სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზებს, აითვისებენ კვლევის პროცესში კორპუსის ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევებს, ქართული ენის ფორმალური მოდელირების საფუძვლებს, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის თანამედროვე მიდგომებს, ქართული ენისათვის შექმნილ სხვადასხვა პროგრამულ საშუალებას და რაც მთავარია, გააცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქართველოლოგია 21-ე საუკუნეში.

პრეზენტაცია

„დიგიტალური ქართველოლოგია“
ტომი II

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია 2024 წლის 2 აპრილს აწყობს საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ მეორე ტომის პრეზენტაციას. ჟურნალის მეორე ტომში შევიდა იმ მეცნიერთა ნაშრომები, რომლებმაც 2023 წლის 4–8 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში „დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმის ცვლა?“ მიიღეს მონაწილეობა. „დიგიტალური ქართველოლოგიის“  მეორე ტომი ეძღვნება გამოჩენილი გერმანელი მეცნიერის, ქართველოლოგიის  გულმხურვალე მოამაგის ვინფრიდ ბოედერის ხსოვნას.

პრეზენტაცია

„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების ციფრული კორპუსი

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების ციფრულ კორპუსს. კორპუსი მოიცავს პოემის დედანსა და მის აფხაზურ თარგმანებს შესრულებულს  დიმიტრი გულიასა და მუშნი ლასურიას მიერ. კორპუსი აღჭურვილია საძიებო ინტერფეისითა და ტრანსლიტერაციის კონვერტორით.  პროექტი შესრულდა ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის თანამშრომლობით.  პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

2023 წლის აქტივობები

პრეზენტაცია

საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალის "მილენიუმის" პრეზენტაცია

2023 წლის 25 სექტემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „მილენიუმის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია. მას გაუძღვება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ჟურნალ “მილენიუმის” სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მანანა თანდაშვილი.

ტრენინგები

ინდივიდუალური ტრენინგები პოლიტიკურ ლინგვისტიკაში

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინდივიდუალური სახის ტრენინგებს პოლიტიკურ ლინგვისტიკაში შემდეგ თემებზე:
ა) პოლიტიკური დისკურსის კვლევის დიგიტალური მეთოდები,
ბ) პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში,
გ) მანიპულაციის ენობრივი საშუალებებისა და ტექნიკების გამოყენება პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში.
ტრენინგის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეჯამდება საპრეზენტაციო გამოსვლით და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია 30.08-8.09 სხალთა-ხიხანის ხეობაში ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გადაცემას, დოკულინგვისტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობას; ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების ათვისებას;

საერთაშორისო ზამთრის სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში

6-12 მარტს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია ფრანკფურტის უნივერსიტეტთან
თანამშრომლობით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს საერთაშორისო
სეზონურ სკოლას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. სკოლის მონაწილეებს საშუალება
ექნებათ გაეცნონ დიგიტალური ჰუმანიტარიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს და მიიღონ ცოდნა დიგიტალური ჰუმანიტარიის ძირითად მიმართულებებში.

ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია

2023 წლის 7 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია. მისი მიზანია, თავი მოუყაროს ქართული ენისათვის შექმნილ არსებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კომერციულ რესურსებს, რათა გამოვლინდეს და შეჯამდეს ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საერთო სურათი და დაისახოს ქართული ენის ტექნოლოგიზაციის ხარისხის ამაღლების პერსპექტივები. ღონისძიების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს,  ხელი შეუწყოს ქართულ ენასთან დაკავშირებული არსებული რესურსების ღია მეცნიერების კონტექსტში გააზრებასა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან ინტეგრირებას.

ბათუმის საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში

2023 წლის 4-11 აგვისტოს ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსიტუტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და “დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოსთან” თანამშრომლობით ტრადიციულად ატარებს ბათუმის საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ქართველოლოგიაში.
სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დიგიტალური ქართველოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს, გაეცნონ დიგიტალურ რესურსებს ქართველოლოგიაში და შეიძინონ დიგიტალური კვლევის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

2022 წლის აქტივობები

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თემაზე „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ (ქართული პოლიტიკური მეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი) პირველად ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის მეთოდების გაცნობასა და დაუფლებას. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პრეზენტაცია

საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ პრეზენტაცია

2022 წლის 6 ოქტომბერს 19.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ პრეზენტაცია.

ვორკშოფი

კვლევის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები ქართველოლოგიაში

ვორკშოფი მიზნად ისახავს კვლევის თანამედროვე მეთოდების შესწავლას ქართველოლოგიაში და ენის ტექნოლოგიების ათვისებასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას ქართველოლოგიურ კვლევებში. ვორკშოფის მონაწილეების გაეცნობიან ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზებს და ზეპირმეტყველების დიგიტალური დამუშავების პროგრამულ საშუალებებს (KWIC, FLEX, ELAN).

2021 წლის აქტივობები

ლექციები

საზაფხულო სკოლა „დიგიტალური რუსთველოლოგია“

საზაფხულო სკოლა „დიგიტალური რუსთველოლოგია“ მიზნად ისახავს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის კრიტიკულ განხილვასა და პოემის დიგიტალური კვლევის მეთოდების შესწავლას.

ტრენინგები

პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში

ტრენინგი „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ მიზნად ისახავს პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას როგორც პოლიტიკოსთა, ისე საზოგადოების ფართო ფენებში. 

ვორკშოფები

კორპუსლინგვისტური კვლევის მეთოდები

ვორკშოფი მიზნად ისახავს კვლევის დიგიტალური მეთოდების შესწავლას. ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზების გაცნობას და ქართული ენის ეროვნული კორპუსის გამოყენების წესებს.

0 +

ონლაინ კურსები

0 +

მონაწილე სტუდენტები

0 +

ლექტორები

0 +

ტრენერები

შემოაბიჯე დიგიტალურ ქართველოლოგიაში!