აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს – გიორგი გახარიას გამოსვლის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა შეემატა. გიორგი გახარიამ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ცნობილი სახეა, 29 მაისს პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ წარუდგინა. გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებამ, ბუნებრივია, საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია და მედიის საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა, თუმცა უყურადღებოდ დარჩა თავად პარტიის ლიდერის პოლიტიკური სიტყვა, რომლის ლინგვოპოლიტოლოგიურ ანალიზსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

მათთვის, ვისთვისაც უცნობია ტერმინები „ლინგვოპოლიტოლოგია“ და „ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი“, შევეცდებით მოკლედ განვმარტოთ ისინი.

ლინგვოპოლიტოლოგია შედარებით ახალი დარგია ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, რომელიც იკვლევს პოლიტიკის ენას, კერძოდ, პოლიტიკური გამოსვლის ენობრივი სტრუქტურირების იმ სტრატეგიებსა და ხერხებს, რომელთაც იყენებენ პოლიტიკოსები საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით და, შესაბამისად, კანონზომიერ ურთიერთმიმართებას პოლიტიკურ მეტყველებასა და პოლიტიკურ პროცესებს შორის.

ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი კი ტრანსდისციპლინური კვლევის ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ და გულისხმობს პოლიტიკური მეტყველების ლინგვისტურ ანალიზს, რომლის საშუალებითაც დავადგენთ, კარგად ფლობს თუ არა პოლიტიკოსი პოლიტიკური გამოსვლების სტრუქტურირების ტექნიკას, ენობრივი მანიპულაციის რა საშუალებებს იყენებს მიზნის მისაღწევად, ამოვიცნობთ და შევაფასებთ იმ შეტყობინებებს, რომლებიც ხშირად „დაფარულია“ და არ დევს ზედაპირზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, „გავშიფრავთ“ პოლიტიკოსის სათქმელს და დავადგენთ, სინამდვილეში რისი თქმა სურდა. პოლიტიკური მეტყველების შეფასება ლინგვოპოლიტოლოგიაში ხორციელდება წინასწარ შემუშავებული ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორებიცაა პოლიტიკური მეტაენის გამოყენების ინდექსი, არგუმენტაციული სტრუქტურების გამოყენების ინდექსი, მანიპულირების ტექნიკის ფლობა, მეტაფორულობის ხარისხის ინდექსი, სენტიმენტანალიზი, სიძულვილის ენის გამოყენების ინდექსი და ა.შ. ამგვარი ანალიზის შედეგები ემპირიულ კვლევებს ეფუძნება, სტატისტიკურად შეგვიძლია გადავამოწმოთ და საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ პოლიტიკოსის ენობრივი პროფილი.

ახლა დავუბრუნდეთ გიორგი გახარიას პოლიტიკურ სიტყვას და ლინგვისტურად  გავაანალიზოთ  ტექსტი. გიორგი გახარიას გამოსვლა ოთხი ნაწილისაგან შედგება: წარდგენითი ნაწილი (საკომუნიკაციო არხის გახსნა, კომუნიკაციის აქტორების განსაზღვრა, პარტიის შექმნის მიზანი და ტაქტიკა), შეფასებითი ნაწილი (გამომსვლელის მიერ განვლილი პერიოდის  პოლიტიკური შეფასება ), დაპირებითი ნაწილი ( პარტიის სამომავლო გეგმების გაცნობა) და დასკვნა. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

              Ι. გამოსვლის წარდგენითი ნაწილი

გიორგი გახარიას სიტყვის წარდგენითი ნაწილი  ხუთი კომპონენტისგან შედგება: მისალმება (მოგესალმებით.), მადლობა (პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის.), მობოდიშება (მინდა ბოდიში გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელიც ჩვენ გვიკავშირდებოდა და, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა  ჩვენთან ერთად აქ ყოფნა სხვადასხვა რეგულაციის  გამო.), პარტიის მიზანი (დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის) და ტაქტიკა (ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ).  გამოსვლის ეს ნაწილი 45 სიტყვისაგან შედგება და ხუთ  წინადადებად არის ფორმულირებული.

წარდგენითი ნაწილი კომპონენტების მიხედვით ასე შეგვიძლია დავახასიათოთ: მისალმების ფორმულა – უკიდურესად ლაკონიური (1 სიტყვა), მადლობის ფორმულა – ტრადიციული (9 სიტყვა), მობოდიშების ფორმულა – ტრადიციული, მაგრამ ვრცელი და უადგილო (24 სიტყვა), პარტიის მიზანი – ლაკონიური  (4 სიტყვა), პარტიის ტაქტიკა – ლაკონიური და გამჭვირვალე (5 სიტყვა).

გამოსვლის ეს ნაწილი  კომპაქტურია, სენტიმენტისაგან დაცლილი და ლაკონიურად არის ფორმულირებული, გარდა მობოდიშებისა, რომელიც, ერთი შეხედვით, კონტექსტს არ შეესაბამება (აქ ლოგიკურად მოსალოდნელი იყო არა მობოდიშების, არამედ წუხილის ფორმულის გამოყენება: ვწუხვარ, სამწუხაროდ, სამწუხაროა) და უადგილოა. გაუგებარია, პარტიის ლიდერი ბოდიშს რატომ უხდის მათ, ვინც ვერ მოახერხა პარტიის პრეზენტაციაზე რაიონებიდან ჩამოსვლა. ამასთან, საინტერესოა, რომ მობოდიშების კომპონენტი  სტატისტიკური თვალსაზრისით  ბევრად აღემატება სხვა კომპონენტებს: 24-ჯერ – მისალმების ფორმულას, 2,5-ჯერ – მადლობის ფორმულას, 6-ჯერ – პარტიის მიზანს, 5-ჯერ – პარტიის ტაქტიკას. წარდგენით ნაწილში ამ კომპონენტის ასეთი მოცულობით ჩართვას გიორგი გახარიას გამოსვლაში სულ სხვა ფუნქცია აქვს, ტაქტიკური ხასიათისაა და მასზე საგანგებოდ შევჩერდებით.

გიორგი გახარია თავის სიტყვას იწყებს მისალმებით, მაგრამ არ იყენებს მიმართვის ფორმულას, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია ქართულ პოლიტიკურ მეტყველებაში, დაწყებული შესიტყვებით „ქალბატონებო და ბატონებო“ ან „დებო და ძმებო“, დამთავრებული  „მეგობრებო“, „თანამოაზრეებო“,„თანამემამულენო“, „ქართველო ხალხო“ და ა.შ., რომელთა გამოყენებაც არცთუ ისე „უსაფრთხოა“ პოლიტიკურ მეტყველებაში, ვინაიდან  ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს ოპონენტებს (მაგ., მიზნობრივი ჯგუფის შემოსაზღვრა გენდერული, სოციალური, ეთნიკური, სამოქალაქო და ა.შ. ნიშნით) და კრიტიკის ობიექტად შეიძლება იქცეს.

გიორგი გახარია ესპლიციტურად არ ასახელებს ადრესატს,  მისალმების ფორმულაში იგი გამოტოვებულია. გამომსვლელი, როგორც ჩანს, შეგნებულად არიდებს თავს მიზნობრივი ჯგუფის დაკონკრეტებას მისალმების ფორმულაში და მადლობისა და მობოდიშების კომპონენტებში „აჯამებს“ სამიზნე ჯგუფს: ეს არის პრეზენტაციაზე დამსწრე და „ყველა ის მოქალაქე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, … რომელმაც ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად აქ ყოფნა“.

სიტყვის ამ ნაწილში განსაკუთრებით საყურადღებოა  ბოლო კომპონენტი – პარტიის ტაქტიკა, რომელიც ასეა ფორმულირებული: „ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. ამ ფორმულირებით გიორგი გახარია არაპირდაპირ მიანიშნებს და ემიჯნება „ქართული ოცნების“ ტაქტიკას, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების მიზნით გამოვიდა. თავის გამოსვლაში პარტიის ლიდერი  ხაზგასმით გამორიცხავს თავისი  პარტიის დაპირისპირებას არსებულ პოლიტიკურ ძალებთან, უპირველეს ყოვლისა კი, „ქართულ ოცნებასთან“  და ცდილობს ხაზი გაუსვას პოლიტიკურ სპექტრში ახალი პარტიის მშვიდობიანი მოსვლის გადაწყვეტილებას. პარტიის მიზანსა და ტაქტიკას გიორგი გახარია რამდენჯერმე იმეორებს თავის სიტყვაში: დასაწყისში (ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ), ძირითად ნაწილში (დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – არავის წინააღმდეგ) და დასკვნით ნაწილში (კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და პირველ რიგში იმისთვის, რომ ყველამ ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ავაშენოთ ძლიერი, ძლიერი, სახელმწიფო.), რომელშიც  კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ექსპლიციტურად არის გადმოცემული პარტიის მშვიდობიანად მოსვლისა და მოღვაწეობის ტაქტიკური გადაწყვეტილება.

                ΙΙ. შეფასებითი ნაწილი

გამოსვლის მეორე, ძირითადი ნაწილი, შეფასებითი ხასიათისაა, რომელშიც მომხსენებელი განვლილ პერიოდს აფასებს და პრობლემურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ნაწილი ყველაზე მეტად არის გაჯერებული მანიპულაციის ენობრივი საშუალებებით, რომელთა მიზანიც მსმენელთა დარწმუნებაა (პერსუასია). ამ მიზნით, გიორგი გახარია ძალიან ხშირად იყენებს გამეორების ხერხს, როგორც ენობრივი მანიპულაციის ტექნიკას. ეს ხერხი რამდენიმე სახით დასტურდება მის გამოსლაში:

ა) სიტყვის დონეზე ემოციური გაძლიერების მიზნით: ჩვენ ყველას, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს; … რომ პირველ რიგში, პირველ რიგში  იშრომონ…

ბ) სიტყვის გამეორება ფოკუსირების ან დაზუსტების მიზნით: მე დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე სრული აღქმით, აღქმით იმ პასუხისმგებლობის…, სახელმწიფოს, ძლიერი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია…,  ჩვენი მოქალაქეების, რიგითი  მოქალაქეების

ე) ფრაზის გამეორება ფოკუსირების მიზნით:

სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა გავქცეულიყავი. სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა იმის ძალა, რომ ვმდგარიყავი  თქვენთან ერთად და მეთქვა: გავერთიანდეთ „საქართველოსთვის“.

კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა – ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ყოველდღიური ზრუნვის  საგანი,

დარწმუნების სხვადასხვა ტექნიკას შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლექტიური იდენტობის ტექნიკას. კოლექტიური იდენტობის განცდას, ძირითადად, ნაცვალსახელების „ჩვენ/ჩვენი“ გამოყენება ქმნის. გიორგი გახარიას გამოსვლაში ეს დეიქტური ელემენტები ყველაზე ხშირად (სულ 142-ჯერ) არის გამოყენებული როგორც ცალკე, ისე შესიტყვებაში: ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენ ყველანი ერთად და ა.შ. დეიქტური შესიტყვება „ჩვენ ყველა“, რომელიც 16-ჯერ დასტურდება  გახარიას გამოსვლის ტექსტში, კიდევ უფრო მეტად არის გაძლიერებული შესიტყვებაში: ჩვენ ყველანი ერთად (3-ჯერ), რითაც მომხსენებელი კიდევ უფრო უმძაფრებს მიმართვის ადრესატს  კოლექტიური იდენტობის განცდას. კოლექტიური იდენტობის შექმნის ტექნიკის თვალსაზრისით, საინტერესოა გიორგი გახარიას დამოკიდებულება გარკვეული სოციალური ჯგუფების მიმართ, რაც ნაცვალსახელის – „ჩვენი“ – გამოყენებით  გამოიხატება: სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობა აკისრია სოციალურად დაუცველ იმ ჯგუფებზე  და ჩვენს მოქალაქეებზე, რომელზეც მან უნდა იზრუნოს. ჩვენს ხანდაზმულებზე, ჩვენს ბავშვებზე, ჩვენს შშმ პირებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს დახმარებას.

გიორგი გახარიას გამოსვლაში ცხადად „იკითხება“ მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსთან მიმართებით – იგი, ძირითადად, სამოქალაქო სახელმწიფოს მოქალაქის პოზიციიდან მსჯელობს, რაზედაც ორი კონცეპტის სიხშირე  მიგვანიშნებს: „სახელმწიფო“ (38-ჯერ) და „მოქალაქე“ (29-ჯერ):

…მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა  ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.

…ძლიერი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს თანაბარი, სამართლიანი პირობები შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს.

…იმისთვის, რომ ყველამ ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ავაშენოთ ძლიერი, ძლიერი, სახელმწიფო.

მოქალაქე გვხვდება შესიტყვებებში: ყველა იმ მოქალაქეს,  თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე,  ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბრძენ მოქალაქეებს, ყველამ ერთად, მოქალაქეებთან ერთად და ა.შ.

გაანალიზებული მასალა გვიჩვენებს, რომ გამომსვლელი, ძირითადად, არა ეროვნული, არამედ სამოქალაქო სახელმწიფოს პოზიციიდან საუბრობს და შეგნებულად მიჯნავს ერთმანეთისაგან  ორ კონცეპტს: სახელმწიფოს და სამშობლოს. შესაბამისად, გამიჯნულია კონცეპტები: მოქალაქე და ქართველი:

სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს.

სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და სახელმწიფო, რომელსაც უნდა იზრუნოს ჩვენს სამშობლოზე.

    კოლექტიური ვალდებულების ტექნიკა

პოლიტიკური მეტყველებისათვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, დამახასიათებელია განხორციელების, შესრულების სემანტიკის გადმომცემი (ე.წ. პერფორმატიული) ზმნების გამოყენება, რომლებიც ქმედებაზეა გათვლილი (გპირდებით, ვაღიარებ, გარწმუნებთ). გიორგი გახარია ნაკლებად იყენებს პერფორმატიულ ზმნებს (ეს ტექნიკა მხოლოდ ერთხელ არის გამოყენებული მის სიტყვაში: მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ). კოლექტიური ვალდებულების ტექნიკა გიორგი გახარიას გამოსვლაში კოგნიტური ზმნის „სმენა“ (ანუ შეგნება, გაცნობიერება) მეშვეობით არის გადმოცემული და მენტორული ტონი იგრძნობა, რაზედაც შემდეგი ფორმულა მეტყველებს: „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ“, „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ“. გამეორების ტექნიკის გამოყენებით ეს ფორმულა მანიპულაციის კიდევ უფრო ძლიერ საშუალებად არის ქცეული შემდეგ წინადადებაში:

ჩვენ ყველას, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანი სამართლიანი ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა არის ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყანაში გავაჩინოთ სამართლიანობის დაცულობის და სიმშვიდის შეგრძნება.

ამ ფორმულის გამოყენების სიხშირე საკმაოდ მაღალია (21-ჯერ), შესაბამისად კოლექტიური ვალდებულების ტექნიკა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნიკად უნდა მივიჩნიოთ გიორგი გახარიას მანიპულაციის არსენალში.

ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოხატვის ტექნიკა – თვითკრიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია წარმატებით იყენებს კოლექტიური ვალდებულების ტექნიკას, არ ერიდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღებას:

მაგრამ მე დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე, სრული აღქმით, აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში. რა თქმა უნდა მე ვარ ნაწილი იმ წარმატების და რაც მთავარია, წარუმატებლობის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ აქ.

გარდა აქ დასახელებული რამდენიმე ტექნიკისა, გიორგი გახარია მანიპულაციის სხვა  ტექნიკასაც იყენებს თავის გამოსვლაში, როგორიცაა:

    შეფასება:

ეს არის  უაღრესად მანკიერი თვისება და დემოკრატიულ სახემწიფოში, განსაკუთრებით საპარლამენტო დემოკრატიაში, როდესაც სხვადასხვა კოალიცია ერთი წლის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს, შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე…

    შეფასება შეპირისპირების გზით:

დღეს ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია,  ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის.

    მოწოდება

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, ჩვენ უნდა დავუსახოთ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ უნდა მივიღოთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ…

    პროგნოზირება

სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება ეფექტიანად გავაძლიეროთ ინსტიტუტები და საერთოდ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ან ეკონომიკურ ზრდაზე.

    ამბიციურობა

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ „საქართველოსთვის“ იყოს ალბათ, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდანვე ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზებს კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ პროგრამას, როგორ უნდა ვაშენოთ ერთად ძლიერი, ეფექტიანი და რაც მთავარია, სამართლიანი სახელმწიფო.

    პრობლემების სელექციის ტექნიკა – საჭიროების გამოკვეთა

გიორგი გახარიას გამოსვლაში საჭიროების კონცეპტი 10-ჯერ არის გამოყენებული, საჭიროების  ობიექტთა ჩამონათვალი კი მოიცავს შემდეგ კონცეპტებს:სწრაფი განვითარების გეგმა, თანმიმდევრული გეგმა, ერთიანობა, დემოკრატიული წესრიგი, საყოველთაო პოლიტიკური შეთანხმება, ზეპარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება, ნათელი წესები, ეფექტიანად გავაძლიეროთ ინსტიტუტები, საგამოძიებო მექანიზმის სერიოზული გადახედვა, ეფექტიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, სერიოზული რეფორმა, სასწრაფოდ რეფორმირება, განათლების სისტემა, სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა,  ქვეყნის მშვიდობიანი და არა ძალადობრივი განვითარება.

…ჩვენ დღეს გვჭირდება სწრაფი განვითარების გეგმა, მაგრამ თანმიმდევრული გეგმა,…ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული წესრიგი,…ჩვენ გვჭირდება ისეთ საკითხებზე საყოველთაო პოლიტიკური შეთანხმება (ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა პოლიტიკური პარტიის), ისეთ ზეპარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე მაინც, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია უკვე შეთანხმდნენ.

    კრიტიკა

პარტიის ლიდერი არაერთხელ მიმართავს კრიტიკას, როგორც მანიპულაციის ხერხს, ოღონდ არა ღიად, არამედ შეფარულად, იმპლიკაციის მეშვეობით:

ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დაყოფა, მათი დევნა ან მათი წახალისება.(შეტყობინება: დღეს ქვეყანაში ხდება საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა, დევნა და წახალისება)

…მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ სამართლიანი წესრიგი (შეტყობინება: დღეს არ არსებობს სამართლიანი წესრიგი.)

დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი (შეტყობინება: მმართველობის დღევანდელ გუნდს არ შეუძლია სიმართლისთვის თვალის გასწორება).

    დასაბუთება

საკუთარ გადაწყვეტილებას, კერძოდ, პოლიტიკური პოსტის დატოვების ფაქტს, გიორგი გახარია მმართველი პარტიის შეცდომებით ხსნის და საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულებით ასაბუთებს:

მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა  რეალურ პრობლემებს, ჩვენი მოქალაქეების, რიგითი  მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად  და აშკარად,პოლიტიკურმა პარტიამ   მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა.

პარტიის ლიდერის მოქალაქეობრივი პოზიცია ამ შემთხვევაშიც შეფარვით, იმპლიკაციურად არის ფორმულირებული: გადადგომის ფაქტს იგი იმით ხსნის, რომ მმართველმა პარტიამ ოპონენტებთან ბრძოლას მეტი ყურადღება და რესურსები დაუთმო, ვიდრე რიგითი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას, რამაც გამოიწვია მისი პროტესტი და გადაადგმევინა ეს პოლიტიკური ნაბიჯი, რითაც მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი საზოგადოების წინაშე.

    არგუმენტირება

არგუმენტაციული სტრუქტურების გამოყენების ინდექსი, რომელიც ერთ-ერთ გადამწყვეტ კრიტერიუმს წარმოადგენს პოლიტიკოსის ენობრივი პროფილის დადგენის დროს, გიორგი გახარიას გამოსვლაში საკმაოდ მაღალია: ტექსტი მოიცავს  114 წინადადებას. არგუმენტირებული წინადადებების რაოდენობაა 42 (47,88%). მათ შორის ექსპლიციტურად მარკირებულია 11 წინადადება, 31 წინადადება კი შეიცავს იმპლიკაციას არგუმენტირებაზე (73,81%), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს გიორგი გახარიას პოლიტიკური მეტყველების თავისებურებაზე, ისაუბროს იმპლიკაციის გამოყენებით.

ასე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები, ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება.

შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე პროფესიული, აპოლიტიკური, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის გარეშე.

ეფექტიანი ბიუროკრატიის კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური ბიუროკრატიის გარეშე ჩვენ ვერ გავატარებთ ვერანაირ რეფორმას.

     მეტაფორულობა:

გიორგი გახარიას გამოსვლა გამოირჩევა მეტაფორულობის ძალიან დაბალი ხარისხით: გამოსვლისას  მხოლოდ რამდენიმე მაგალითი გვხვდება, მაგ.,სამშობლოზე შეყვარებული კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ჩვენს ბრძენ მოქალაქეებს, ვისზეც დგას სახელმწიფოს ხვალინდელი დღე, ვიცხოვროთ მხოლოდ ერთ სართულიან ქვეყანაში -ცათაბჯენების ეპოქაში

             

                ΙΙΙ. დაპირებითი ნაწილი

გამოსვლის მესამე ნაწილში მოცემულია პროგრამული დაპირებები. პარტიის ლიდერი აქ საუბრობს იმ გეგმებზე, რომლებიც  დაისახა  მისმა  პარტიამ. ესენია: დიალოგისთვის  მზაობა, საჯარო სექტორის მხარდაჭერა, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა, განათლების სისტემის რეფორმა, სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა. პროგრამის ძირითადი მიმართულებები სამ პუნქტადაა  ჩამოყალიბებული და სამი სიტყვა-კონცეპტით არის გადმოცემული: განვითარება, დემოკრატია, უსაფრთხოება.  თუ ამ კონცეპტებს ღირებულებების ტრიადად შევკრავთ, მივიღებთ გიორგი გახარიას პოლიტიკური მოქმედების კონცეპტს:  დემოკრატიული განვითარება უსაფრთხოების გზით.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას საპროგრამო ტრიადა დინამიკური ღირებულებების კრებულს წარმოადგენს და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საფუძველთა საფუძველია, კონტრადიქტორულია მისი გამოსვლის ზოგიერთ ფრაგმენტში გამოთქმულ აზრთან ან ფორმულირებასთან, რაც ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიისა და წესრიგის გახარიასეული გაგების თავსებადობას ამ კონცეპტებთან:

მეორე, რა თქმა უნდა,  გახლავთ დემოკრატია, მაგრამ დემოკრატია როგორც წესრიგის განმსაზღვრელი წესების კრებული და არა ქაოსის შემომტანი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ სამართლიანი წესრიგი. სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და, რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს.

რას გულისხმობს გამომსვლელი „სამართლიან წესრიგში“, ან როგორ ან რატომ უნდა შემოიტანოს დემოკრატიამ ქაოსი, ბუნდოვანია და ამაზე ალბათ სპეციალისტები იმსჯელებენ, ეს ჩვენი კომპეტენციის სფეროს სცილდება.

                   IV. დასკვნა

დასკვნით ნაწილში გიორგი გახარია წარმოგვიდგენს მომავალი საქართველოს მისეულ (პარტიის მიერ დასახულ) მოდელს, რომელსაც პარტიის პროგრამის განხორციელების შედეგად მივიღებ: სამართლიანი, ძლიერი სახელმწიფო, სამართლიანი წესრიგი, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება და რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციის საშუალებას მისცემს, საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.   

       სტატისტიკური მონაცემების ანალიზი

       სიტყვათა სიხშირე და პოლიტიკური მეტაენის ინდექსი

გიორგი გახარიას გამოსვლა სულ  2429 სიტყვას მოიცავს, აქედან 388 ფუნქციური ელემენტია: და (106), რომ (67), უნდა (64), რომელიც (32),  რა თქმა უნდა (18), მაგრამ (16), როდესაც (15), რაც (14), პირველ რიგში (10), ამიტომ (9), იმისთვის (6), ან (5), თუ (4), იმიტომ (4),  მაგალითად (3), როგორც (3), სადაც (3), სამწუხაროდ (3), ალბათ (2), თუნდაც (2), მაინც (2). დანარჩენი – ლექსიკური და გრამატიკული ერთეულებია.

ლექსიკური თვალსაზრისით, ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა-კონცეპტებია: სახელმწიფო (38-ჯერ), პოლიტიკური (31-ჯერ), მოქალაქე (29-ჯერ), სამართლიანი/სამართლიანობა, სასამართლო (18-ჯერ), სისტემა/სისტემური (17-ჯერ), რეფორმა (15-ჯერ), საჭიროება (14-ჯერ), განვითარება (12 -ჯერ), გამოწვევები (11-ჯერ), დემოკრატია/დემოკრატიული (8-ჯერ), წესრიგი (8-ჯერ), უსაფრთხო/უსაფრთხოება (7-ჯერ), გეგმა (7-ჯერ), ინსტიტუტ(ებ)ი (7-ჯერ), მნიშვნელოვანი (7-ჯერ), პასუხისმგებლობა (6-ჯერ), რისკ(ებ)ი (6-ჯერ), კორუფცია (6-ჯერ), ნეპოტიზმი/ნეპოტისტური (5-ჯერ), მიზანი (5-ჯერ), ეფექტიანი (5-ჯერ და ყველა მის სამომავლო გეგმებთან მიმართებით არის გამოყენებული), პროცესი (4-ჯერ), პროგრესი (4-ჯერ), ბრძოლა (4-ჯერ), განახლება (3-ჯერ), მართლმსაჯულება (3-ჯერ), მიღწევა (2-ჯერ).  აქვე საგანგებოდ გვინდა მივუთითოთ იმ ფაქტზე, რომ გიორგი გახარიას  გამოსვლაში არ გვხვდება ისეთი სიტყვა-კონცეპტები, როგორებიცაა: ლიბერალიზმი, უმცირესობა, ადამიანის უფლებების დაცვა.

მთლიანობაში პოლიტიკური ლექსიკის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელია 21,9%, რაც პოლიტიკური მეტაენის გამოყენების მაღალ ინდექსზე მიუთითებს.

        ლინგვოპოლიტოლოგიური კვლევის შედეგი

გიორგი გახარიას ენობრივი პროფილი, ზემოთ წარმოდგენილი მაგალითებისა და მსჯელობის შედეგად, ამგვარად გამოიკვეთა: გიორგი გახარიას პოლიტიკური მეტყველება ხასიათდება ლაკონიური და სტრუქტურირებული მეტყველებით, კარგად ფლობს და ეფექტურად იყენებს ენობრივი მანიპულაციის სხვადასხვა ტექნიკას, თავისუფლად ოპერირებს პოლიტიკური ტერმინებით (პოლიტიკური მეტაენის ინდექტი 20 %-ს აღემატება), არ ახასიათებს მეტაფორულობა, არ მიმართავს ავტორიტეტების ციტირების, ცრურწმენებისა და ეროვნული სტერეოტიპების გამოყენების ხერხს, არ ოპერირებს ციფრებით (სტატისტიკის გამოყენების მეთოდი მხოლოდ ერთხელ დასტურდება) და არ იყენებს სიძულვილის ენას. ის ენობრივი შეცდომები, რომელიც გიორგი გახარიას პოლიტიკურ სიტყვაში დასტურდება, ცალკე მსჯელობის თემაა და მასზე აქ აღარ შევჩერდებით. ზოგადად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტიპის შეცდომები ძალიან არის გავრცელებული პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში და საგანგებო ყურადღებას საჭიროებს.

გიორგი გახარიას ენობრივი პროფილის დასაზუსტებლად და მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, დასახასიათებლად, საგანგებოდ გვინდა გამოვყოთ მისი ენობრივი სტრატეგიის ერთი არსებითი მახასიათებელი ნიშანი: მანიპულაციის სხვადასხვა ტექნიკას (მაგ., კრიტიკა, არგუმენტირება, დასაბუთება, დაჯერების ტექნიკა) გიორგი გახარია იყენებს არა ღიად (ექსპლიციტურად), არამედ დაფარულად, იმპლიკაციის გამოყენებით, რაც,  სავარაუდოდ, მისი თანამდებობრივი ბიოგრაფიით არის განპირობებული. აქედან გამომდინარე, გიორგი გახარიას პოლიტიკური მეტყველება მანიპულირების გაცილებით უფრო მაღალ კოეფიციენტს გვიჩვენებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

აქ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, გიორგი გახარიას სახით ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ენობრივი მანიპულირების შესაძლებლობის  მქონე სერიოზული პოლიტიკური ფიგურა ჰყავს. სხვა საკითხია, რამდენად გულწრფელად და სწორად, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების სასიკეთოდ გამოიყენებს იგი ამ თავის პოლიტიკურ კაპიტალს. ამას ალბათ დრო გვიჩვენებს.

     ავტორი: 

პროფ. მანანა თანდაშვილი
ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი