ენის ლექსიკური მარაგი ენის სიმდიდრეა. ენის სიმდიდრეს კი, უპირველეს ყოვლისა, სიტყვათწარმოების შესაძლებლობები განაპირობებს. სიტყვებით ვმეტყველებთ და სიტყვები თავადაც მეტყველებენ. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ქართულ ენაში გაცილებით მეტია ნაწარმოები სიტყვების რაოდენობა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვაწარმოების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას ორი (ან რამდენიმე) სიტყვის გაერთიანება, ანუ კომპოზიტების წარმოქმნა წარმოადგენს. რუბრიკაში „ჩვენი ენა ქართული“ შევეცდებით ქართული ენის ლექსიკური ფონდიდან წარმოგიდგინოთ ის სიტყვები, რომლებსაც შედგენილობის სიტყვათა წარმოების უნარი შესწევთ და ამასთანავე, პროდუქტიულობითაც გამოირჩევიან.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ადამიანი სხეულის ნაწილებისა და ორგანოების აღმნიშვნელ სიტყვებს და მათგან ნაწარმოებ კომპოზიტებს.
- „გული“ და მისი სიტყვაწარმოებითი შესაძლებლობები ქართულში
სიტყვა „გული“ ქართულში პოლისემიურია – მას რამდენიმე მნიშვნელობა გააჩნია. ქართულ ენის განმარტებით ლექსიკონში „გულის“ 13 მნიშვნელობა არის მოყვანილი: 1. ღრუ კუნთოვანი ორგანო, 2. სხეულის ის ნაწილი, რომლის არეშიცაა მოთავსებული ეს ორგანო, 3. რაიმე საგნის (სხეულის, ორგანიზმის, სისტემის) ყველაზე შიგნითა, შინაგანი ნაწილი, 4. ხის შიგნითა, შედარებით უფრო მაგარი ნაწილი, 5. ნატოფის შიგნითა ნაწილი, 6. პურის, ნამცხვრის … შიგთავსი, 7. რაიმეს ყველაზე ღრმა ან ცენტრალური ნაწილი, 8. ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ადგილი, ცენტრი, 9. ცენტრი, წყარო, საწყისი ადამიანის შინაგანი, სულიერი და გონებრივი ცხოვრებისა, 10. გული, როგორც პიროვნული ნების გამოხატულება, 11. გულისპირი, საგულე, 12. ფანდურის ან ჩონგურის მუცელზე დაკრული თხელი ფიცარი, 13. ბანქოს ქაღალდში ერთი ოთხ სახეობათაგანი.
გული გვხვდება კომპოზიტებში როგორც ძირეული კომპონენტი, მაგალითად, ერთგული (< ერთ+გული), ისე თანდართული, ატრიბუტული მნიშვნელობით გამოყენებული კომპონენტი, მაგალითად, გულწრფელი (<გულ+წრფელი).
ერთგული – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით არის ის, ვინც ერთი გულითა და სულით არის ვინმეს (ან რამეს) მიმართ, ვინც თავს შესწირავს, არ უღალატებს, უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალული, თავდადებული, საიმედო, სანდო .
ერთგული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რთული სიტყვაა [კომპოზიტია], რომელიც ორ ფუძეს აერთიანებს, სიტყვის შემადგენელი პირველი ნაწილი რიცხვითი სახელია – ერთი, ხოლო მეორე არსებითი სახელი – გული.
ერთგულის საპირისპირო მნიშვნელობის გამოსახატად ქართულში მსგავსი წარმოების სიტყვა ორგული გამოიყენება: – ორი + გული. სიტყვის მნიშვნელობა კი ასე განიმარტება – ფარული მტერი, მზაკვარი, მოღალატე, მუხანათი .
სიტყვა გული კომპოზიტური წარმოების პირველ წევრადაც გვხვდება და სიტყვაწარმოების ეს მოდელი გაცილებით პროდუქტიულია ქართულში: გული მსაზღვრელ კომპონენტად დაერთვის ზედსართავ სახელს და ეგზოცენტრულ (ანუ ახალი შინაარსით აღჭურვილ) კომპოზიტებს ქმნის, მაგალითად, გულუხვი < გულ+უხვი ანუ ის, ვინც ყველაფერს იმეტებს, ხელგაშლილი, პურადი.
ამგვარად ნაწარმოები სიტყვები უხვად მოიპოვება ქართულ ენაში და ქმნის ახალ ზედსართავებს, რომლებიც მნიშვნელობის მიხედვით შეგვიძლია დავაჯგუფოთ დადებითი და უარყოფითი სემანტიკის ზედსართავ სახელებად.
დადებითი სემანტიკის მატარებელი კომპოზიტებია: გულალალი, გულგახსნილი, გულდინჯი, გულკეთილი, გულმაგარი, გულმამაცი, გულმარდი (ცოცხალი, ყოჩაღი), გულმართალი, გულმტკიცე, გულმშვიდი, გულმხიარული, გულნათელი, გულსავსე, გულსათუთი, გულტკბილი, გულჩვილი, გულღია (მხიარული, გულწრფელი), გულწარმტაცი, გულწმინდა, გულწრფელი, გულხალასი.
უარყოფითი სემანტიკის მატარებელი კომპოზიტებია: გულარჯალი (ვისაც არჯალი გული აქვს, ბოროტი), გულბილწი, გულბოროტი, გულგოროზი, გულგრილი, გულვერაგი, გულზვიადი, გულკერპი, გულუბრყვილო (უეშმაკო, მიამიტი, გამოუცდელი), გულმრუდე, გულღრძო, გულმშრალი, გულმძიმე, გულმწარე, გულფიცხი, გულშმაგი, გულცარიელი, გულცივი, გულხარბი, გულჯაბანი.
გული დაერთვის მიმღეობის ფორმებსაც და ქმნის კომპოზიტური წარმოების როგორც ეგზოცენტრულ, ისე ენდოცენტრულ ზედსართავ სახელებს.
დადებითი სემანტიკის მატარებელი კომპოზიტები:
გულაგზნებული, გულაკანკალებული, გულათრთოლებული, გულამაჩუყებელი, გულამოვარდნილი, გულამომჯდარი, გულამოსკვნილი, გულანთებული, გულაჩუყებული, გულახდილი, გულგაუტეხელი, გულდაიმედებული, გულდამშვიდებული, გულმოდგინე, გულმოწყალე, გულმხურვალე, გულმედგარი, გულშემატკივარი.
უარყოფითი სემანტიკის მატარებელი კომპოზიტები:
გულგათანგული (შეწუხებული, შეძრწუნებული), გულგამგმირავი (გაბრაზებული, განრისხებული), გულგანგმირული, გულგაპობილი, გულგატეხილი, გულგაქვავებული, გულგაყინული, გულდადაღული, გულდაკოდილი, გულდამძიმებული, გულდარდიანი, გულდასაწყვეტი, გულდაძმარებული, გულდაწყვეტილი, გულმავიწყი, გულმკვდარი, გულმოსაკლავი, გულმოსული, გულმწუხარე, გულმწყრალი, გულნაკლული (უკმაყოფილო, ნაწყენი), გულნატკენი, გულნაღვლიანი, გულნაწყენი, გულსაკლავი, გულსევდიანი, გულღატაკი, გულღრძო, გულშავი, გულშეკუმშული, გულშემზარავი, გულშემკრთალი, გულშემოყრილი, გულშემოღებული, გულშეძრული, გულშეწუხებული, გულჩათუთქული, გულჩათხრობილი, გულჩაკეტილი, გულჩამკვდარი, გულჩახვეული,
გული გვხვდება ისეთ კომპოზიტებში, რომლებიც ადამიანის სხეულის ნაწილს – გულმკერდს მიემართება:
გული მკერდის/გულმკერდის მნიშვნელობით: გულგადაღეღილი, გულმოღეღილი, გულჩახსნილი, გულამოღებული, გულისჯიბე, გულსაბამი/გულსაბნევი (გულ-მკერდზე დასაბნევი), გულსაკიდი (გულ(მკერდ)ზე დასაკიდებელი სიწმინდე), გულსაკინძი (საკინძი მკერდზე), გულფართო (იგივეა, რაც მკერდგანიერი), გულღია (იგივეა, რაც გულამოჭრილი), გულშეკრული (რასაც გული შეკრული აქვს, მაგ. პერანგი, ხალათი და ა.შ.), გულშიშველი (მკერდმოშიშვლებული), გულხელდაკრეფილი (ერთმანეთზე გადაჭდობით ან ჯვარედინად გულზე/მკერდზე ხელებდაწყობილი ადამიანი)
გული გვხვდება კომპოზიტებში, რომლებიც ადამიანის ემოციურ ან კოგნიტურ თვისებას გამოხატავენ: გულდამჯდარი (დინჯი, მოფიქრებული, აუჩქარებელი), გულდარდიანი, გულდაჯერებული (დარწმუნებული), გულთმისანი (წინასწარ შემტყობი, გამომცნობი), გულმავიწყი, გულნაქცევი (გუნებაშეცვლილი, გუნებანაქცევი).
გული გვხვდება ემპათიის გამომხატველ კომპოზიტებში: გულისხმიერი (სხვისი გულისტკივილის გამგები, გულშემატკივარი, ყურადღებიანი, თანამგრძნობი)
გულის შემცველ ზოგიერთ კომპოზიტში გული შიგთავსის მნიშვნელობით არის გამოყენებული: გულგამომპალი, გულგამომწვარი, გულყვითელი (რასაც ყვითელი გული, შიგთავსი აქვს)
რამდენიმე კომპოზიტში გული გვხვდება როგორც ინტენსივობის გამომხატველი ფუნქციური ელემენტი. შდრ.: გამწყრალი – გულგამწყრალი (ძალიან გაბრაზებული, განრისხებული), გულგანათლებული, გულუშიშარი.
გული გვხვდება ფერებთან კომბინაციაში სხვადასხვა სემანტიკის სიტყვებში:
გულთეთრი (გული აქ სხეულის ნაწილის, მუცლის აღმნიშვნელია, ძირითადად ცხოველებთან მიმართებაში გამოიყენება), გულყვითელა (იგივეა, რაც მოლაღური), გულშავი (ავი გულისა, გულბოროტი, სასტიკი, შეუბრალებელი), გულწითელა (წითელგულაინი ნაცრისფერი ჩიტი ბეღურების ოჯახისა),
გულის შემცველი ანტონიმური მნიშვნელობის კომპოზიტებია:
გულამოღებული – გულდახურული, გულგასახარი – გულგასახეთქი; გულგატეხილი – გულგაუტეხელი; გულგრილი – გულთბილი, გულდამშვიდებული – გულათრთოლებული; გულკეთილი – გულბოროტი; გულღია – გულჩაკეტილი; გულმწარე – გულტკბილი; გულნაკლული – გულსავსე;
გული კომპოზიტებში სხვადასხვა ბრუნვის ფორმით დასტურდება. ნათესაობითი ბრუნვის ფორმით:
გულთამპყრობელი, გულთამხილავი, გულთმეცნიერი, გულისამაჩუყებელი, გულისამრევი, გულისგადამლევი, გულისგადასაყოლებელი, გულისგამაწვრილებელი, გულისგამაწყალებელი, გულისგამგმირავი, გულისმომგები, გულისმომკვლელი, გულისწყრომა; გულთაბოძი (იგივეა, რაც დედაბოძი. კუთხურია და დასტურდება გოდერძი ჩოხელის ენაში: ჩვენი წინაპრების დიდი დარბაზის, რომელსაც საქართველო ჰქვია, გულთაბოძის გამომღრღნელებო).
მოქმედებითი ბრუნვის ფორმით:
გულთმისანი (<გულით მისანი, წინასწარ შემტყობი, გამომცმობი)
ორი არსებითი სახელის გაერთიანებით ნაწარმოები:
გულგვამი (იგივე, რაც გულმუცელი),
გულთაფლი (კეთილი გულის მქონე),
გულკაჟი (კაჟი გულის მქონე – მედგარი, მტკიცე, მხნე)
გულმხეცი (ავი, დაუნდობელი, ულმობელი),
გულქვა (ქვასავით უგრძნობი გულის პატრონი, შეუბრალებელი, ულმობელი, უწყალო)
გულძაღლი (ბოღმა, ავგული ადამიანი).
გული გამოიყენება კომპოზიტური აგებულების არსებითი სახელის საწარმოებლად:
გულისთქმა (ძლიერი სურვილი, მისწრაფება, გრძნობა, ზრახვა),
გულისვარდი (გამოიყენება მეტაფორულად, სატრფო),
გულისტკივილი (წუხილი, დარდი),
გულისფანცქალი (ღელვა, განცდა),
გულისფიცარი (გულმკერდის წინა კედელი),
გულისყური (ყურადღება, ინტერესი, გულისხმიერება),
გულისწადილი (სურვილი, მისწრაფება, წადილი),
გულისჭირი (განცდა, საწუხარი),
გულისხეთქვა (დიდი მღელვარება, შფოთვა),
გულისხმა (მიხვედრა, გაგება; ჭკუა, გონება),
განხილული მაგალითები ნათლად აჩვენებს ქართული ენის სიტყვათწარმოების მრავალფეროვან მოდელს, მის პოტენციალს განსაზღვრული მნიშვნელობის მქონე სიტყვისაგან აწარმოოს სემანტიკურად სრულიად ახალი შინაარსის მატარებელი კომპოზიტები. ბლოგის შემდეგ ნაწილებში კვლავაც შემოგთავაზებთ დაკვირვებებს მრავალფეროვანი სიტყვათწარმოების მოდელისა და სემანტიკის მქონე ლექსიკურ ერთეულებზე.
ავტორი: მარიამ რუხაძე
წყაროები:
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
წიგნაძე შ., სინონიმთა ლინგვისტური მახასიათებლები და ექსპრესიული შესაძლებლობები ქართულში, სადოქტორო ნაშრომი, თბილისი, 2019
https://clarino.uib.no/gnc/page?page-id=gnc-main-page