2019 წლის 22 დეკემბერს ქართული საზოგადოებისათვის ცნობილმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ქართულ საზოგადოებას ახალი პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარუდგინა. ბიზნეს-საქმიანობიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გადანაცვლება, ბუნებრივია, გულისხმობს როგორც საზოგადოებაში დამკვიდრებული იმიჯის, ისე ენობრივი პროფილის ცვლილებას. ქვემოთ წარმოგიდგენთ მამუკა ხაზარაძის სიტყვის ლინგვოპოლიტოლოგიურ ანალიზს და დასკვნას, თუ რამდენად შეძლო მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკოსის როლში შესვლა.
მამუკა ხაზარაძის გამოსვლა 5 ნაწილისაგან შედგება: წარდგენითი ნაწილი – მიმართვა, შეფასებითი ნაწილი – თანამედროვე სიტუაციის დახასიათება, დაპირებითი ნაწილი – პარტიის მიზნების წარდგენა და დაპირება, პარტიის მიერ დასახული მიზნების განხორციელების გეგმა და მოწოდება.
I გამოსვლის წარდგენითი ნაწილი – მიმართვა
მიმართვის ნაწილი ყველაზე მოკლეა, შედგება 5 წინადადებისაგან (114 სიტყვა) და შინაარსობრივად სამი კომპონენტისაგან შედგება: პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, სოციალური წარმომავლობა, დიდი და მასშაბური საქმის წამოწყების გადაწყვეტილება-დაანონსება.
ვინაიდან ცნობილი ბიზნესმენი ამჯერად პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამაარსებლის ფუნქციით წარუდგა საზოგადოებას, მიმართვის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას მამუკა ხაზარაძისათვის წარმოადგენს ახალი როლის მორგება. იმისათვის, რომ მსმენელი მოამზადოს საკუთარი პიროვნების ახალ როლში წარსადგენად – ანუ პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძის როლის აღსაქმელად – იგი რამდენიმე ხერხს იყენებს:
- თავის მართლების ხერხი:
ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ, ამ სცენაზე, პოლიტიკური სიტყვის წარმოთქმა მომიწევდა.
(მესიჯი: არ ვაპირებდი პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ იძულებული გავხდი).
- საზოგადოებასთან გათანაბრების ხერხი:
საკომუნიკაციო არხის გასახსნელად მამუკა ხაზარაძე საზოგადოებასთან საკუთარი თავის გათანაბრების ხერხს იყენებს, რისთვისაც კომუნიკაციის ფამილარულ ფორმულებს ხმარობს – საკუთარი ოჯახის სოციალური ფენის დახასიათებით დაწყებული ბიოგრაფიული ელემენტებით დამთავრებული:
მე დავიბადე თბილისში ინჟინრისა და ექიმის ოჯახში და ჩვენი ქალაქის ერთი ძველი უბნის სამოთახიან ბინაში მშობლებთან, დასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი. დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, სამოქალაქო ომის ტრაგედიამ, ახლადშექმნილი ოჯახის შენახვის, ელემენტარული საჭიროების აუცილებლობამ, და რაც მთავარია, ჩემში თავისუფალი ადამიანის პოვნის სურვილმა 23 წლის ასაკში დამოუკიდებელი საქმის დაწყება გადამაწყვეტინა.
(მესიჯი: მე ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ და მრავალწევრიან, დიდ ოჯახში გავიზარდე).
საგულისხმოა, რომ მომხსენებელი ბიზნესის დაწყების მიზეზად, ზოგადი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გარდა, ორ ფაქტორს ასახელებს: ოჯახს (ახლადშექმნილი ოჯახის შენახვის, ელემენტარული საჭიროების აუცილებლობამ) და პიროვნულ თავისუფლებას (და რაც მთავარია, ჩემში თავისუფალი ადამიანის პოვნის სურვილმა … ადრეულ ასაკში გადამაწყვეტინა დამოუკიდებელი საქმის დაწყება, რომელიც დიდ ბიზნესად ვაქციე). ორივე ეს ფაქტორი შემთხვევით არ არის დასახელებული წარდგენით ნაწილში – იგი აერთიანებს როგორც ტრადიციულ-საზოგადოებრივ (ოჯახი), ისე ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებას (თავისუფლება), როგორც დემოკრატიის ერთ-ერთ არსებით კომპონენტს. შესიტყვებები „ახლადშექმნილი ოჯახის შენახვა“ და „ელემენტარული საჭიროების აუცილებლობა“, ბუნებრივია ემპათიას იწვევს მსმენელში, თავისუფლების კონცეპტის გამოყენება კი სიმპათიას იწვევს მისი, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანის მიმართ. ამგვარად, დასახელებული ტექნიკების გამოყენებით გამოსვლის პირველსავე ნაწილში იქმნება მამუკა ხაზარაძის პიროვნული პროფილი, რომელიც ტრადიციულისა და თანამედროვე ღირებულებების ნაზავია.
- წარმატების კოლექტიურობის განცდის შექმნა
საგულისხმოა, რომ მამუკა ხაზარაძე, რომელიც ქართული საზოგადოებისათვის წარმატებული ბიზნესმენი იყო, და რაც შესავალშიც გააჟღერა გამომსვლელმა (რომელიც დიდ ბიზნესად ვაქციე), შემდეგ წინადადებაში ხაზგასმით წარმოაჩენს თანაგუნდელების წვლილს: „…ბიზნესის, რომელიც ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მრავალი მარცხის მიუხედავად, ბევრი ადამიანის წარმატებულ საქმეებად ვაქციეთ.“
(მესიჯი: მე არა ვარ „მითი“, ჩემი წარმატებული ბიზნესი კოლექტიური შრომის შედეგია).
აქ წარმოდგენილი ხერხებით მამუკა ხაზარაძემ დაასრულა საკუთარი პიროვნების შესახებ არსებული იმიჯის დესტრუქტურირება და გადავიდა ახალი იმიჯის შექმნაზე: პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლასა და პოლიტიკური პარტიის დაარსებას იგი ახალი, გაცილებით დიდი და მასშტაბური საქმის წამოწყებით ხსნის, რომლის მიზანი ამჯერად საქართველოს კეთილდღეობაა. და აქაც ეს დიდი და მასშტაბური საქმე წარმოდგენილია, ერთი მხრივ, თანამოაზრეებთან და თანაგუნდელებთან კოლექტიური პასუხისმგებლობის აღებით და მეორე მხრივ, ადრესატი საზოგადოების ჩართულობით: „და დღეს 30 წლის შემდეგ ჩემს თანამოაზრეებთან და თანაგუნდელებთან ერთად, თქვენთან ერთად ვიწყებ გაცილებით დიდ და მასშტაბურ საქმეს, რომელიც უკვე ჩვენს ქვეყანას ეძღვნება.“
მიმართვის ნაწილის ბოლო წინადადება მეტაფორულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება და მიზნად ისახავს საზოგადოებაში განსაკუთრებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას. ქვეყანა, როგორც პარტიის ზრუნვის ობიექტი, აქ დეტერმინირებულია როგორც 5 ელემენტის ერთობლიობა: ისტორია, კულტურა, რესურსები, ხალხი, პოტენციალი: „…ქვეყანას, თავისი უნიკალური ისტორიით, უძველესი კულტურით, მდიდარი რესურსებით, მამაცი და ნიჭიერი ხალხით, უზარმაზარი პოტენციალით, რომელსაც სამწუხაროდ დღემდე ვერ ვიყენებთ.“
II შეფასებითი ნაწილი
მამუკა ხაზარაძის სიტყვის მეორე ნაწილი წარმოადგენს საქართველოს თანამედროვე სიტუაციის შეფასებას. სიტყვის ეს ნაწილიც შედარებით მოკლეა: შედგება 17 წინადადებისაგან და 204 სიტყვისაგან და მთლიანობაში უნდა შეფასდეს, როგორც გამოსვლის კრიტიკული ნაწილი. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე აქ იყენებს მანიპულაციის ისეთ ხერხებს, რომელიც პოლიტიკურ მეტყველებაში კრიტიკული პოზიციის გამოხატვისას გამოიყენება ხოლმე:
- შეფასება (უარყოფით კონტექსტში):
საქართველო დღეს ღრმა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისშია.
დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას განსაცდელში აგდებს.
ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს.
მეგობრებო, ქართული საზოგადოება კრიტიკულ ზღვარზეა, ჩვენი ქვეყნის განვითარება ჩიხშია შესული.
- შეფასება ბრალდების გამოყენებით:
ყოველივე ამის შედეგად, მივიღეთ მიტაცებული სახელმწიფო, მითვისებული სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ქცეული პროკურატურა, სიღატაკე და ეკონომიკური სტაგნაცია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ემიგრაციის მკვეთრი ზრდა, ბავშვთა შიმშილიანობა, შრომის არაადამიანური პირობები, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების საფუძვლების მოშლა, სიცრუის მანქანის, ტროლების და ბოტების ქარხნის შექმნა, უიმედობა, უპერსპექტივობა, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პრორუსული იდეოლოგიის გაძლიერება.
- ბრალდება დისკრეტიზაციის გამოყენებით
მას (ქვეყანას) ფაქტობრივად მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც დასაკუთრებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი და მთელი მმართველობითი ვერტიკალი.
ის (ბიძინა ივანიშვილი) აფერხებს დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და საქართველოს შრომისუნარიან მოსახლეობას უცხოეთში სამუშაოდ აგზავნის.
- შედარება სტატისტიკის მოხმობით
ჩვენდა სამარცხვინოდ 77 ქვეყანას შორის საქართველო 74 ე ადგილზეა მოსწავლეთა განათლების დონისა და წაკითხულიდან აზრის გამოტანის მიხედვით.
- საშიშროების განცდის შექმნა & მტრის ხატის გააქტიურება
დღევანდელი მმართველი ძალა კარგავს საქართველოს დასავლელი მეგობრების ნდობას და ქვეყანას ჩრდილოეთის ვექტორის მიმართულებით მიაქანებს.
ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ღიად პრორუსული ძალები.
…თავს ესხმიან ქვეყნის სულიერ საყრდენს – მართლმადიდებელ ეკლესიას, რადგან … მისი გავლენა მათ ბევრ რამეში უშლით ხელს.
- რიტორიკული შეკითხვა
რა არის ჩვენი ხელისუფლების გეგმა? მარიხუანას მოყვანა? აზარტული თამაშები?
- პროგნოზირება (შიშის დანერგვის თანხლებით)
ასეთი პოლიტიკის შედეგი იქნება – “საქართველო ქართველების გარეშე“.
III დაპირებითი ნაწილი
მამუკა ხაზარაძის გამოსვლის დაპირებითი ნაწილი შედგება პარტიის მიზნების წარდგენისა (66 სიტყვა) და ქვეყნის საჭიროების განსაზღვრისაგან (204 სიტყვა). ამ ნაწილში მამუკა ხაზარაძე ძალიან ზოგადად წარმოადგენს პარტიის მიზანს და მეტაფორულობით ხასიათდება:
- „ლელო“ ქმნის ახალ პოლიტიკურ სტანდარტს;
- არა მხოლოდ დავამარცხებთ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებს, არამედ ახალი ფურცლიდან დავწერთ ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიას;
- ახალ მოწინავე ფუნქციას შევძენთ საქართველოს და ვაქცევთ მას ძლიერ და წარმატებულ ქვეყნად არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით;
- ჩვენი მიზანი იქნება უახლოეს წლებში მოვიზიდოთ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია;
- ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ბედნიერი ადამიანების ქვეყანა.
სიტყვის ამ ნაწილში მამუკა ხაზარაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ორ კონცეპტს: მენტალურს (ბედნიერების კონცეპტი) და ეკონომიკურს (საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბიზნეს-გეგმა). მამუკა ხაზარაძე, უპირველეს ყოვლისა, ბედნიერების კონცეპტზე მსჯელობს და საკმაოდ დაწვრილებით საუბრობს იმის შესახებ, თუ ა) როგორ იზომება ქვეყნის ბედნიერება და ბ) რომელ ადგილზეა საქართველო ბედნიერების ინდექსის მიხედვით (160 ქვეყნიდან 119 ადგილი). ამ ნაწილში მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას ჰპირდება ქვეყანაში ბედნიერების ინდექსის ამაღლებას: ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ეკოლოგიის გაუმჯობესებას, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის ზრდას და ა.შ., რაც იქნება, „პირველი ინდიკატორი როგორც ადამიანების კეთილდღეობის რეალური გაუმჯობესების, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით.“
მეორე კონცეპტი, რომელიც ქვეყნის საჭიროებას უკავშირდება, არის ქვეყანაში ეკონომიკის გაუმჯობესება. კერძოდ:
- ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს;
- ქვეყანას სჭირდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციები;
- ქვეყანას სჭირდება ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება;
- კვალიფიციური და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა.
IV განხორციელების გეგმა
განხორციელების გეგმა ყველაზე მოცულობითი ნაწილია მამუკა ხაზარაძის სიტყვის: იგი მთელი ტექსტის 54 % შეადგენს (1062 სიტყვა). პარტიის მიზნების განხორციელების გეგმა 17 პუნქტისგან შედგება და შემდეგ თემებს მოიცავს:
- იურიდიული: კანონის უზენაესობის დამყარება, სასამართლო რეფორმის ჩატარება, საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუციის შექმნა საერთაშორისო ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად;
- ფინანსური: ქვეყნის ქცევა რეგიონის ფინანსურ ცენტრად, საერთაშორისო საფონდო ბირჟის შექმნა, ადგილობრივი რესურსების გამოყენება (აქ რამდენჯერმე არის ნახსენები ანაკლიის პორტისა და ქალაქის მშენებლობა), მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარება, სახელფასო მინიმუმის გაზრდა.
- პოლიტიკური: ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირება და დასავლური ღირებულებების განმტკიცება, აფხაზი და ოსი ხალხის შემორიგება მათი ენის, იდენტობისა და კულტურის დაცვის გარანტიის გათვალისწინებით.
- უსაფრთხოება: ქვეყნის ჯარის გაძლიერება, რათა თავი დაიცვას რუსეთისაგან, ვეტერანებისა და კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დაცვა.
- ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა: ქვეყნის დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის გაძლიერება. საქართველოს კუთხეების კლასტერული განვითარება და ქვეყნის ურბანული განვითარების სწორი პოლიტიკის შემუშავება.
- ქვეყნის ეკონომიკური განვითარება: იმპორტის შემცირება და ექსპორტის განვითარება, ფერმერული მეურნეობების განვითარება.
- ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა: კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა, დაცვა და პოპულარიცაზია მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან კულტურის ახალი ფორმების ხელშეწყობა.
- განათლების სისტემის რეფორმა: მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლების სისტემის შექმნა, ნიჭიერი ახალგაზრდებისა და უნარიანი პედაგოგების წახალისება.
- სოციალური საკითხები: ემიგრანტების დაბრუნება მათი დასაქმების პერსპექტივით.
- სამედიცინო მომსახურება და ჯანდაცვის ხარისხის ამაღლება: ჯანდაცვის სისტემაში რეფორმის გატარება, ხელმისაწვდომობა და პრევენციულობის შემოტანა, ფარმაცევტიული ბაზრის დემონოპოლიზაცია, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება.
- ეკოლოგია: სუფთა ჰაერი, მწვანე განვითარება, სუფთა ენერგიის წარმოება, ბიოწარმოება, ორგანული სოფლის მეურნეობა.
- დემოგრაფიული: ქართველი ერი უნდა იქცეს ზრდად ერად ოჯახის კეთილდღეობის ამაღლების გზით.
ეს პუნქტები მამუკა ხაზარაძის სიტყვაში საკმაოდ დაწვრილებით არის დახასიათებული და ერთი სლოგანის ქვეშ ერთიანდება დასკვნის სახით: „ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ჩვენს უკვე გაჟღერებულ მიზანს – საქართველოს გაყვანას გაეროს ბედნიერების ინდექსის მოწინავე რიგებში. ყველა ეს პარამეტრი ერთად შექმნის ბედნიერ ქვეყანას, ბედნიერ და რეალიზებულ ადამიანს და უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას.“
აქ ჩამოთვლილი საკითხების უბრალო ჩამონათვალშიც კი ცხადად „იკითხება“ მამუკა ხაზარაძის არა როგორც პოლიტიკოსის, არამედ ბიზნესმენის ხედვა: შესაბამისად, პარტიის მიზანს ძირითადად ბიზნეს-პროექტების განხორციელება წარმოადგენს: საქართველოს კუთხეების კლასტერული განვითარება, ფერმერული მეურნეობების განვითარება, ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგოწარმოების და ქვეყნის ურბანული განვითარების სწორი პოლიტიკის შემუშავება, სუფთა ენერგიის წარმოება, ბიოწარმოება, სამედიცინო ტურიზმის განვითარება, იმპორტის შემცირება და ექსპორტის განვითარება, საერთაშორისო საფონდო ბირჟის შექმნა, მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა და ისეთი კომპანიების შემოყვანა, როგორიცაა ამაზონი, ალიბაბა, ფედექსი და ა.შ. საგულისხმოა, რომ აქ მოყვანილი მიმართულებების ზოგადი დასახელების ფონზე 9-ჯერ ასახელებს მამუკა ხაზარაძე კონკრეტულ ბიზნეს-პროექტს: ანაკლიას და ანაკლიის პორტს, რაც თვალსაჩინოს ხდის მის განსაკუთრებულ ბიზნეს-ინტერესებს ანაკლიის პროექტისადმი.
მამუკა ხაზარაძის გამოსვლა მთავრდება მოწოდების ტექსტით, რომელიც ეხმიანება ზემოთ ჩამოთვლილ სამოქმედო გეგმას და სლოგანის ფორმულით არის მოცემული. ტექსტის ეს ნაწილი მცირე მოცულობისაა (226 სიტყვა). მოწოდებას წინ უძღვის საქართველოს უახლესი ისტორიის გახსენება, რომელიც ძალიან მტკივნეულია ქართული საზოგადოებისათვის. საგულისხმოა, რომ მამუკა ხაზარაძე აქ შეგნებულად იყენებს ენობრივი მანიპულაციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას – ფრეიმს, კერძოდ საზოგადოებას ახსენებს 1991 წლის 22 დეკემბრის მოვლენებს (ძმათაშორის სისხლისღვრას რუსთაველის გამზირზე, რომელიც ისტორიული სირცხვილის ერთ-ერთ ფაქტად არის შენახული ქართველი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში), რათა გაამძაფროს კონტრასტი განვლილ და მომავალ ცხოვრებას შორის: „მეგობრებო, 28 წლის წინ 22 დეკემბერს თბილისში ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. სწორედ ამ დღეს მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია. ქართველმა ქართველს ესროლა. 28 წელია ჩვენ ვერ ჩამოვირეცხეთ ეს სირცხვილი. ვერ გამოვედით ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც კვლავ გრძელდება საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ფრაგმენტაცია.“
ამ „გაფრთხილების“ შემდეგ მამუკა ხაზარაძე იყენებს მანიპულაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხერხს – „იდილიური თანაარსებობის განცდის შექმნას“ და მოუწოდებს საზოგადოებას „მონანიებისკენ, შემრიგებლობისკენ, გაერთიანებისკენ!“, რათა ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო, კერძოდ:
- ქვეყანა, სადაც უზენაესია კანონი და მოქმედებს საერთაშორისო სასამართლო არბიტრაჟი.
- ქვეყანა, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრი.
- ქვეყანა, როგორც კავკასიის მთავარი კარიბჭე.
- ქვეყანა, როგორც ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.
- ქვეყანა, რომელიც არის ერთიანი და ჰყავს ძლიერი, პროფესიული არმია.
- ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ეფექტური და მცირე მთავრობა.
- ქვეყანა, სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები.
- ქვეყანა, სადაც ბრუნდებიან ემიგრანტები.
- ქვეყანა, სადაც განათლებული ადამიანი ეროვნული კაპიტალია.
- ქვეყანა, სადაც მიწა მუშავდება და იქმნება კლასტერული ფერმერული მეურნეობები.
- ქვეყანა, სადაც დაცულია ეროვნული მემკვიდრეობა, ვითარდება ინოვაციები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
- ქვეყანა, რომელსაც ხარისხის ნიშანი აქვს, სადაც ორგანულია საკვები და სუფთაა ჰაერი.
- ქვეყანა, სადაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა უმთავრესი მიზანია
- ქვეყანა, სადაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება, სადაც ადამიანი არის ბედნიერი, ღირსეულად დასაქმებული, ჯანმრთელი, დაცული, თავისუფალი.
მოწოდება მთავრდება მთავარი სლოგანით: ერთად დავდოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების ლელო, რაც პარტიაში გაერთიანებისა და, შესაბამისად, კოლექტიური პასუხისმგებლობისაკენ მოწოდებად უნდა ჩაითვალოს.
სტატისტიკური ანალიზი
მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გამოსვლის ტექსტი შედგება 135 წინადადებისაგან, ტოკენის რაოდენობაა 1879, ხოლოს გამოყენებული სიტყვაფორმების ტიპების რაოდენობა – 1099. 135 წინადადებიდან თითქმის 50% არგუმენტირებული წინადადებებია (73), ამასთან ექსპლიციტურად და იმპლიციტურად გადმოცემული არგუმენტაციები თითქმის უტოლდება ერთმანეთს: ექსპლიციტურად მარკირებულია 39 წინადადება, იმპლიტიცურად გადმოცემული არგუმენტირება დასტურდება 34 წინადადებაში.
ნაცვალსახელებიდან ყველაზე მაღალ სიხშირეს გვიჩვენებენ ნაცვალსახელები ჩვენ/ჩვენი (51-ჯერ). ჩვენ ნაცვალსახელის (12 შემთხვევა) გამოყენებიდან 11 შემთხვევა ინკლუზიურ ჩვენს გულისხმობს : ჩვენ ვიცით როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები! ჩვენ ვმუშაობთ საგანგებო პროექტსა და კანონმდებლობაზე, ჩვენმა ბიზნეს ჯგუფმა, ჩვენ გააზრებული გვაქვს, ჩვენ ვაცხადებთ, ჩვენ გვსურს, ჩვენ შემოგვაქვს წინადადება.
ექსკლუზიური ჩვენ (მე და თქვენ ანუ საზოგადოება) დასტურდება ერთხელ: ეს ყველაფერი მოემსახურება იმას, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს და ჩვენ მივუახლოვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პარამეტრით წინა რიგებში არიან.
კუთვნილებითი ნაცვალსახელი ჩვენი გვხვდება როგორც ინკლუზიური, ისე ექსკლუზიური მნიშვნელობით და გვხვდება შესიტყვებაში: ჩვენი პარტია, ჩვენი სვლა vs. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ანექსია, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სამხედრო ვეტერანები.
საჭიროების სემანტიკის გამომხატველი ზმნები და ზმნური კონსტრუქციების რაოდენობა 41-ია: უნდა (37), სჭირდება (1), სჭირდებათ (1), საჭიროა (1), საჭიროების (1).
საჭიროებათა ჩამონათვალშია: კანონის უზენაესობის დამყარება, სასამართლო სისტემის სრული განახლება, რეგიონის ქცევა ფინანსურ ცენტრად (საერთაშორისო საფონდო ბირჟის შექმნა), უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა შიდა ქართვლის საოკუპაციო ხაზთან, აფხაზური და ოსური საზოგადოების შემორიგება, ძლიერი პროფესიული ჯარის შექმნა, ღირსეული სახელფასო მინიმუმის შექმნა, ურბანული განვითარების სწორი პოლიტიკა, საქართველოს კუთხეების კლასტერული განვითარების ხელშეწყობა, ღვინის მსოფლიო ექსპორტის ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლების საყოველთაობა, განათლების დეპოლიტიზება და დეცენტრალიზება, სწავლის შემდგომ ღირსეული დასაქმება, ემიგრანტების რეინტეგრაცია, სამხედრო ვეტერანების დაფასება.
პოლიტიკური სუბიექტებიდან შედარებისათვის ექვსი ქვეყანა არის დასახელებული: რუსეთი უარყოფით კონტექსტში (ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია), შვეიცარია, ისრაელი, დანია, ფინეთი და ისლანდია – დადებით კონტექსტში (საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი, კარგად აღჭურვილი პროფესიული ჯარი, ისეთი, როგორც შვეიცარიას ან ისრაელს. ამ ქვეყნების პირველ ხუთეულშია (ბედნიერების ინდექსის მიხედვით): დანია, ფინეთი, ისლანდია – ჩვენი ზომის ქვეყნები.)
აბსტრაქტული კონცეპტებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება კონცეპტი ბედნიერება/ბედნიერი (8-ჯერ) ცალკეც და შესიტყვებებშიც: ბედნიერების ინდექსი, ბედნიერი ადამიანი, ბედნიერი ქვეყანა. კონცეპტი ბედნიერი საქართველო მამუკა ხაზარაძის დაპირების დედაბოძს წარმოადგენს, როგორც მიზანი მამუკა ხაზარაძის საპროგრამო გეგმებისა. სწორედ ამ დაპირებით ასრულებს იგი დაპირების ნაწილს: „ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს უკვე გაჟღერებულ მიზანს – საქართველოს გაეროს ბედნიერების ინდექსის მოწინავე რიგებში გაყვანას. ყველა ეს პარამეტრი ერთად შექმნის ბედნიერ ქვეყანას, ბედნიერ და რეალიზებულ ადამიანს და უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას.“
მამუკა ხაზარაძის ადრესატები
მოხსენებაში ორჯერ არის მიმართვის ფორმა მეგობრებო გამოყენებული და ორივეჯერ უარყოფით კონტექსტში: მეგობრებო, ქართული საზოგადოება კრიტიკულ ზღვარზეა. მეგობრებო, 28 წლის წინ 22 დეკემბერს თბილისში ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. თუმცა, მოხსენებაში პერიოდულად „იკითხება“ გამომსვლელის მოხსენების ადრესატები: ოჯახი, როგორც სოციალური უჯრედი – მისი (მზარდი ერის) საფუძველი ოჯახის კეთილდღეობაა, ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვა, ახალი თაობის დაცული და უსაფრთხო მომავალი უნდა გახდეს; მოხუცები და ბავშვები – აღარ იარსებებს არცერთი მოშიმშილე ბავშვი და მოხუცი! ქვეყანა, სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები; ახალგაზრდები – სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდას უნდა შეეძლოს ასევე წარმატებით დასაქმება. უნდა შეიქმნას საგანგებო სახელმწიფო ფონდი, სახელად „ეროვნული კაპიტალი“, რომელიც გამოავლენს ნიჭიერ ახალგაზრდებს; ვეტერანები – დაფასება სჭირდებათ ჩვენს სამხედრო ვეტერანებს; ემიგრანტები – ქვეყანა, სადაც ბრუნდებიან ემიგრანტები.), მოქალაქე – სახელმწიფო მშენებლობის მთავარი მიზანი გახდება … ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
კონცეპტს მოქალაქე მამუკა ხაზარაძე 3-ჯერ იყენებს, როგორც სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ ობიექტს, რომლის მიზანს, საქართველოს გაერთიანება უნდა წარმოადგენდეს:
სახელმწიფო მშენებლობის მთავარი მიზანი გახდება ადამიანი – ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს სრული გაერთიანება თავის ისტორიულ საზღვრებში.
საგულისხმოა, რომ მამუკა ხაზარაძე არ მიმართავს ქართველ ერს. კონცეპტი ერი მხოლოდ ორჯერ გვხვდება გამოსვლის ტექსტში და ისიც ერთ წინადადებაში არის გამოყენებული: ჩვენი კლებადი ერი უნდა იქცეს მზარდ ერად. კონცეპტი ქართველი სულ 3-ჯერ გვხვდება მამუკა ხაზარაძის გამოსვლაში და სამჯერვე უარყოფით კონტექსტში: „საქართველო ქართველების გარეშე“, ქართველმა ქართველს ესროლა.
სიხშირული მაჩვენებელი
ყველაზე ხშირად ხმარებული სიტყვები: ქვეყანა (58), ჩვენ/ჩვენი (37), საქართველო (21), ადამიანი (21), პოლიტიკა/პოლიტიკური (14), დღეს/დღევანდელი (14), სახელმწიფო (12), ანაკლია (9), მიზანი (8), ბედნიერება/ბედნიერი (8), ბიზნესი (6), სასამართლო (6), ხელისუფლება (6), ლელო (5), ექსპორტი (5), განათლება (5), ოჯახი (5), პროგრამა (5), ინვესტიცია (5), რეგიონი (4), ბირჟა (3), ეკონომიკა/ეკონომიკური (3), პროექტ(ებ)ი (3), მეურნეობა (3), რეფორმა (3), იმპროტი/იმპორტირებული (2), კაპიტალი (2), კავკასია (2), კეთილდღეობა (2), კომპანია (2), ინდუსტრია (2), ფერმერული მეურნეობები (2).
დადებითი (განვითარების, წინსვლის, გარდაქმნის) სემანტიკის გამომხატველი ზმნები ძირითადად სამომავლო გეგმებთან მიმართებაში გამოიყენება: განვითარება (12), ქონა/ყოლა (7), შექმნა (5), გაზრდა (4), გაძლიერება (4), განხორციელება (4), ამოქმედება (3), აშენება (3), დაფუძნება (2), გადაქცევა (2), მართვა (2), შემოტანა (2), გადაქცევა (2), გაუმჯობესება (2), დასაქმება (1), დაწყება (1), მოზიდვა (2), წახალისება (1).
უარყოფითი სემანტიკის ზმნები კი მმართველი ხელისფულების შეფასების შემთხვევაში არის გამოყენებული: შეფერხება (2), მოშლა (1), შეჩერება (1), შემცირება (1).
ლინგვოპოლიტოლოგიური კვლევის შედეგი
მამუკა ხაზარაძის ენობრივი პროფილი, ზემოთ წარმოდგენილი მაგალითებისა და მსჯელობის შედეგად ამგვარად გამოიკვეთა: მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სიტყვის დასაწყისშივე შეეცადა ავტორი ბიზნესმენი-ხაზარაძის როლიდან გამოსულიყო და პოლიტიკოსი-ხაზარაძის როლი მოერგო, მისი ენობრივი პროფილის მიხედვით იგი მაინც ბეზნესმენ-ხაზარაძედ დარჩა: გამოსვლის ტექსტი არსებითად ხაზარაძის ბიზნეს- გეგმების პრეზენტაციას წარმოადგენს და ნაკლებად პოლიტიკური პარტიის პროგრამას, რაზედაც ორი გარემოება მიუთითებს: ეკონომიკური კონცეპტების სიუხვე და ენობრივი მანიპულაციის საშუალებების სიმცირე. შედარებისათვის: ბიზნეს და ეკონომიკური მეტაენის ინდექსი (189 ერთეული) აღემატება პოლიტიკური მეტაენის ინდექსს (123 ერთეული). ბიზნესპროექტებიდან აქცენტს აკეთებს ინვესტიციების მოზიდვასა და ანაკლიის პორტის განვითარებაზე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს, როგორც კავკასიის ეკონომიკური კარიბჭის იდეაზე. მამუკა ხაზარაძის ბიზნეს-გეგმებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ორი ბიზნეს-იდეა: საერთაშორისო სავალუტო ბირჟის შექმნა საქართველოში და საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუციის შექმნა საერთაშორისო ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად; ეკონომიური და ბიზნეს-გეგმებისაგან განსხვავებით, გამოსვლის ზოგიერი ადგილი კონკრეტულობას არის მოკლებული, ზედაპირული და ბუნდოვანია, როგორც მაგალითად „მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლების სისტემის შექმნა.“
გამომსვლელი ზომიერად იყენებს ენობრივი მანიპულაციის საშუალებებსა და ხერხებს, უმეტესად კონკრეტული ფაქტებისა და შედარებების მოხმობით ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას: ოპერირებს ციფრებით, საერთაშორისო გამოცდილებასთან და პრაქტიკებთან შედარებით. ენობრივი მანიპულაციის საშუალებები კონცენტრირებულია გამოსვლის ბოლო ნაწილში: ძირითად ნაწილში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმის უპირატესობა შეფუთულია საქართველოს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესი ორი კონცეპტით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ბედნიერი საქართველოს შექმნა. მამუკა ხაზარაძე აქ განსაკუთრებულად აპელირებს ბედნიერების კონცეპტზე, როგორც ადამიანის მოთხოვნილების ყველაზე მაღალ კატეგორიაზე და გამეორების ტექნიკის გამოყენებით (რომელიც 14 პუნქტად არის ჩამოყალიბებული და სლოგანის ფორმით წარმოდგენილი) პათეტიკური მოწოდებით ამთავრებს თავის გამოსვლას: „ლელო ერთობაშია! ერთად დავდოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების ლელო,“ რითაც ხაზს უსვამს საზოგადოების კოლექტიურ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის ფორმირებაში. არადა, იდილიური სლოგანის მაგივრად გაცილებით მოიგებდა პოლიტიკოსი ხაზარაძე, რომ გაეროს ბედნიერების ინდექსის მაგივრად სხვა ინდექსზე, კერძოდ ადამიანის განვითარების ინდექსზე გაეკეთებინა აქცენტი.
ავტორი:
პროფ. მანანა თანდაშვილი
ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი