ვის აირჩევს თბილისი? (თბილისის მერობის კანდიდატების სატელევიზიო დებატების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი)

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია თითქმის ორი თვე გრძელდებოდა და პოლიტიკური ტემპერატურის მუდმივი ზრდის პირობებში მიმდინარეობდა. დღეს შემოგთავაზებთ თბილისის მერობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატების ერთი ფრაგმენტის ლინგვოპოლიტოლოგიურ ანალიზს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორ არის გაჟღენთილი ქართული პოლიტიკური მეტყველება  სიძულვილის ენით (65 %) და რამდენად აუცილებელია ქართული პოლიტიკური მეტყველების კულტურის ამაღლება.

პოლიტიკოსის ნებისმიერი საჯარო გამოსვლა საპასუხისმგებლოა, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან კომუნიკაციის ფორმისა და სტრატეგიის სწორ შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პოლიტიკური ზეპირმეტყველების სტრატეგიის შერჩევისას პოლიტიკოსები ითვალისწინებენ საჯარო გამოსვლის ფორმატს და შესაბამისად აგებენ პოლიტიკურ სიტყვას იმის მიხედვით, ამომრჩეველთან შეხვედრა პირისპირ არის დაგეგმილი თუ მედიასაშუალებებით შუქდება; ამასთან, მნიშვნელობა აქვს იმასაც, კომუნიკაცია სიმეტრიულია თუ ასიმეტრიული, ციკლურია თუ არაციკლური. საჯარო გამოსვლების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ფორმატს – პოლიტიკური თოქშოუების, დისკუსიების, ინტერვიუს და დებატების ფორმატი ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავდება და პოლიტიკოსისაგან, ასევე, განსხვავებული სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას მოითხოვს.

ვინაიდან არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პარტიის კანდიდატებს განსხვავებულ პირობებში უხდებოდათ მუშაობა (გამოსვლების სიხშირე, ხანგრძლივობა, ამომრჩეველთან შეხვედრის ადგილი, საარჩევნო კამპანიის ფინანსური უზრუნველყოფა, საარჩევნო უბნის სრული გადაფარვა, წინასაარჩევნო გამოსვლების მხარდაჭერა მედიის მეშვეობით და ა.შ.), საანალიზოდ შევარჩიეთ რაოდენობრივად (მოცულობით) და თვისებრივად  (თემატურად) ერთგვაროვანი მასალა – თბილისის მერობის კანდიდატთა გამოსვლა სატელევიზიო დებატებში, კერძოდ,  მისალმება-წარდგენის ფრაგმენტი, რომლისთვისაც თითოეულ კანდიდატს მხოლოდ ერთი წუთი ჰქონდა გამოყოფილი.

დებატებში თბილისის მერობის 16 კანდიდატი მონაწილეობდა: თამარ კეკენაძე ( „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“, #1), ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“, #5), გიორგი ლომია („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, #8), ანა ბიბილაშვილი („ლელო“, #9), მიხეილ ქუმსიშვილი („შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, #10), გიორგი ქუთათელაძე („საქართველო“, #13), თეიმურაზ ბობოხიძე („მამული“, #15), გიორგი ლაღიძე („გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“, #20), არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ („ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, #23), გიორგი გახარია („გახარია – საქართველოსთვის“, #25), ქეთევან ნაკაშიძე („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“, #29), ევგენი ღვინიაშვილი („მშრომელთა სოციალისტური პარტია“, #30), ზაზა ხატიაშვილი („თავისუფალი საქართველო – ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა“, #37), კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, #41), ანა დოლიძე („ანა დოლიძე – ხალხისთვის“, #48), გიორგი გაჩეჩილაძე („გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“, #50).

კანდიდატთა გამოსვლების გასაანალიზებლად გამოვიყენეთ კრიტერიუმების სკალა, რომელიც შემდეგი კომპონენტებისაგან შედგება: ფორმალური შეფასების სკალა (გამოსვლის შინაარსობრივი სტრუქტურა, მისალმების ფორმულა, წარდგენის ფორმა, შეფასების კოეფიციენტი, საზოგადოებაზე ზეწოლის კოეფიციენტი, განხორციელებადობის კოეფიციენტი) და გამოსვლის სენტიმენტანალიზი (სიძულვილის ენის გამოყენების კოეფიციენტი და მეტაფორულობის ხარისხი).

ციტირებისას კანდიდატთა სიტყვებს  უცვლელად ვტოვებთ.

მისალმების ფორმულა

მისალმების ფორმულები, ძირითადად, ორი ნიშნით ხასიათდება: მისალმების  ფორმა (ლაკონიური, მოკლე, ვრცელი) და ადრესატ(ებ)ის განსაზღვრა. მისალმების სწორი ფორმის არჩევა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან  მისალმების მეშვეობით იხსნება საკომუნიკაციო არხი კანდიდატსა და ამომრჩეველს შორის; შესაბამისად, სწორედ ამ დროს  ხორციელდება ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა და მისთვის თანამონაწილეობის განცდის შექმნა, რათა მან თავი კანდიდატის მიმართვის ადრესატად იგრძნოს.

დებატებში გამოყენებული მისალმების ფორმულები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ქვემოთ მოცემულ სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობა  დალაგებულია სიტყვების რაოდენობის მიხედვით:

  • ნიკა მელია/გიორგი გახარია/ქეთევან ნაკაშიძე: მოგესალმებით! (1 სიტყვა)

(მისალმება – ლაკონიური, ადრესატი – დაუზუსტებელი)

  • თეიმურაზ ბობოხიძე: მოგესალმებით თანამემამულენო! (2 სიტყვა)

(მისალმება – ლაკონიური, ადრესატი – თანამემამულეები)

  • გიორგი გაჩეჩილაძე: მე მივესალმები ყველას. (3 სიტყვა)

(მისალმება – ლაკონიური, ადრესატი – ყველა)

  • ანა ბიბილაშვილი: მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. (3 სიტყვა)

(მისალმება – ლაკონიური, ადრესატი – დაუზუსტებელი, განმეორებით მისალმებაში მიმართავს მაყურებელს)

  • გიორგი ლომია: მოგესალმებით, მივესალმები აქ დამსწრე საზოგადოებას. (5 სიტყვა)

(მისალმება – მოკლე, ადრესატი – დაუზუსტებელი, განმეორებით მისალმებაში მიმართავს დამსწრე საზოგადოებას)

  • გიორგი ლაღიძე: მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს, მივესალმები კანდიდატებს. (5 სიტყვა)

(მისალმება – მოკლე, დაუზუსტებელი, განმეორებით მისალმებაში მიმართავს  საქართველოს და კანდიდატებს)

  • არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ: მოგესალმებით თბილისელებს და მოგესალმებით კანდიდატებს! (5 სიტყვა)

(მისალმება – მოკლე, ადრესატი – თბილისელები და კანდიდატები)

  • თამარ კეკენაძე: მოგესალმებით, მივესალმები ჩემს კოლეგებს, მივესალმები მაყურებელს. (6 სიტყვა)

(მოსალმება – მოკლე, ადრესატი – დაუზუსტებელი, განმეორებით მისალმებაში მიმართავს კოლეგებს (სავარაუდოდ  კანდიდატებს) და მაყურებელს)

  • ანა დოლიძე: მოგესალმებით, მივესალმები აუდიტორიას, მაყურებელს, ჩემს ოპონენტებს. (6 სიტყვა)

(მისალმება – მოკლე, ადრესატი – დაუზუსტებელი,  განმეორებით მისალმებაში მიმართავს აუდიტორიას, მაყურებელს და ოპონენტებს)

  • ევგენი ღვინიაშვილი: მოგესალმებით … მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, მივესალმები მშვიდობის დესპან ქალაქიდან…. ყველას მივესალმები. (13 სიტყვა)

(მისალმება – ვრცელი, ადრესატი – დაუზუსტებელი, განმეორებით მისალმებაში მიმართავს საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, ყველას)

  • გიორგი ქუთათელაძე: ნამდვილად, მეგობრებო, მოგესალმებით, მე მივესალმები ძვირფას ადამიანს, დიდ ქართველს, რომელმაც პატივი დაგვდო, მობრძანდა, ბატონი ვაჟა ოძელაშვილი. (6 სიტყვა)

(მისალმება – ვრცელი, ადრესატი – მეგობრები, სტუდიაში მყოფი კონკრეტული პირი)

  • კახა კალაძე: საღამო მშვიდობის, მივესალმები ყველას, მივესალმები ოპონენტებს, დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს თბილისელებს. (13 სიტყვა)

(მისალმება – ვრცელი, ადრესატი – ყველა, ოპონენტები, დამსწრე საზოგადოება, საგანგებოდ გამოყოფს თბილისელებს)

  • მიხეილ ქუმსიშვილი: მოგესალმებით, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმები დამსწრე აუდიტორიას, ასევე ლეიბორისტული პარტიისა და ჩემს მხარდამჭერებს, რომლებიც ძალიან გულშემატკივრობენ და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამისათვის გადაგიხადოთ თქვენ და  მივესალმები ზოგადად ყველა იმ იმედგაცრუებულ ადამიანს, ვისაც ყელში ამოუვიდა,  აი, ამ ერთი და იგივე წრეზე ტრიალი, ერთი და იგივე პოლიტიკური ფიგურების ყურება, რომლებიც ვერაფერს ვერ ცვლიან და ქვეყანა და ქალაქი ვერ მიდის წინ. (60 სიტყვა)

(მისალმება – ვრცელი, ადრესატი – ტელემაყურებლები, აუდიტორია, საკუთარი  პარტიისა და თავად კანდიდატის მხარდამჭერები, იმედგაცრუებული ადამიანები)

 

როგორც აქ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, მისალმების ფორმულაში გამოყენებულია:

  1. მისალმების ზოგადი და ლაკონიური ფორმა (მოგესალმებით! / მივესალმები ყველას), რომელშიც ადრესატი კონკრეტულად არ არის დასახელებული და ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რამდენად მოიაზრებს თავს მისალმების ადრესატად;
  2. მისალმების მოკლე და ვრცელი ფორმები, რომლებშიც კონკრეტულად არის დასახელებული მიზნობრივი ჯგუფები (დამსწრე საზოგადოება/აუდიტორია, ტელემაყურებელი, მხარდამჭერები, მეგობრები, თბილისელები, ოპონენტები, თანამემამულეები);
  3. მისალმებაში გამოყენებულია გეოგრაფიულ-პოლიტიკური გადაფარვის ხერხი (მივესალმები თბილისს, საქართველოს, კავკასიას, მსოფლიოს).

 

საგანგებოდ გვინდა გავაანალიზოთ ორი კანდიდატის – მიხეილ ქუმსიშვილისა და გიორგი ქუთათელაძის მისალმება.

მიხეილ ქუმსიშვილი: „მოგესალმებით, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმები დამსწრე აუდიტორიას, ასევე ლეიბორისტული  პარტიისა და ჩემს მხარდამჭერებს, რომლებიც ძალიან გულშემატკივრობენ და ძალიან დიდი  მადლობა მინდა ამისათვის გადაგიხადოთ თქვენ და  მივესალმები ზოგადად ყველა იმ იმედგაცრუებულ ადამიანს, ვისაც ყელში ამოუვიდა,  აი, ამ ერთი და იგივე წრეზე ტრიალი, ერთი და იგივე პოლიტიკური ფიგურების ყურება, რომლებიც ვერაფერს ვერ ცვლიან და ქვეყანა და ქალაქი ვერ მიდის წინ.“ 

მისალმების ადრესატად ცალსახად არის დასახელებული ოთხი მიზნობრივი ჯგუფი: ლოკალური – დამსწრე აუდიტორია, ფართო – ტელემაყურებელი, კონკრეტული – პარტიის და კანდიდატის მხარდამჭერები და სპეციფიკური  – იმედგაცრუებული ადამიანები. აქ საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიზნობრივი ჯგუფის მარკირება უარყოფითი სემანტიკის მქონე შესიტყვებით  „იმედგაცრუებული ადამიანები“ არასასურველია წინასაარჩევნო დებატებში. როგორც სტრატეგიულად, ისე სტილისტურად და გრამატიკულად სწორი  იქნებოდა ასეთი ფორმულირება: მივესალმები ზოგადად ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმედები გაუცრუა ხელისუფლებამ, ვისაც მობეზრდა ამ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალი, ერთი და იმავე პოლიტიკური ფიგურების ყურება…)

ასევე, გვინდა გამოვყოთ გიორგი ქუთათელაძის მისალმება, ვინაიდან მისალმების ფორმაც და ადრესატიც, რომელსაც მან მიმართა მისალმება-წარდგენის ნაწილში, არასტანდარტულია და, მე ვიტყოდი, სტრატეგიულადაც მცდარი. ჯერ ერთი, მისალმებაში გამოყენებულია ზოგადი მიმართვა „მეგობრებო“, რაც ყურს აშკარად ჭრის და საბჭოთა პერიოდის ასოციაციებს იწვევს; მეორეც, მისალმებას ჰყავს ერთი კონკრეტული ადრესატი – დარბაზში მყოფი კონკრეტული პირი. ქუთათელაძის მისალმება საგანგებოდ იმიტომაც გამოვყავით, რომ კანდიდატის სიტყვა სწორედ ამ პიროვნების და მისი ოჯახის წევრების წარდგენით გრძელდება და მთავრდება მოთხოვნით, რომელიც, ასევე, ამ პირის ოჯახს უკავშირდება. ვინაიდან აღნიშნული მისალმება-წარდგენის ეს შემთხვევა ოდიოზურია (ენობრივად არსად არ ჩანს ამომრჩეველი, მხარდამჭერი, ზოგადად – საზოგადოება), მთლიანად მოვიყვანთ კანდიდატის ერთწუთიანი გამოსვლის ტექსტს და მკითხველმა თავად განსაჯოს:

„ნამდვილად, მეგობრებო,  მოგესალმებით, მე მივესალმები ძვირფას ადამიანს, დიდ ქართველს, რომელმაც პატივი დაგვდო, მობრძანდა, ბატონი ვაჟა ოძელაშვილი, რომლის შვილი, თქვენ იცით, ნინო ოძელაშვილი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, ორგზის ევროპის ჩემპიონი, მეორე შვილი ერეკლე ოძელაშვილი, ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის პრიზიორი და დღეს დაგვიბრუნდა, ერევანში უზარმაზარი ტურნირი აქვს მოგებული. და აუცილებლად უნდა აღინიშნოს გიორგი ოძელაშვილი, მისი ნაბოლარა, ის ბიჭი, რომელიც დღეს პატიმარი არი, აი, სწორედ ის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უშორეს მწვერვალზე ავიდა და ჩამოხსნა ის სოდომისტური, ბილწი დროშა დაანარცხა ძირს და ჩაშალა ის სოდომისტური ბილწი პრაიდი, საქართველოს ზნეობა იხსნა და მე მოვითხოვ, მისი მეგობრები ყველა, გათავისუფლდეს, ის 33 კაცი და ამავე დროს, ჩემო მეგობრებო, დავიწყოთ ახალი აზროვნება. ვაღიაროთ ისეთი დიდი სიმართლე, რომელიც ყველამ იცის და ამ კამათში. განუწყვეტელ კამათში გავიზარდეთ ჩვენ. საქართველო არის ლიბანიზირებული, გაყოფილი ორ ნაწილად. ერთ მხარეს დგას ამერიკის ჯარი, მეორე მხარეს დგას რუსის ჯარი, ამაზე ვიფიქროთ”. 

კანდიდატების მისასალმებელი გამოსვლის სტრუქტურა

კანდიდატების გამოსვლები სტრუქტურის თვალსაზრისით რამდენიმე ფუნქციურ ნაწილად იყოფა. ქვემოთ წარმოგიდგენთ  16-ვე კანდიდატის გამოსვლის სტრუქტურას:

  • მისალმება – დისკრედიტაცია
  • მისალმება – პარტიის დახასიათება
  • მისალმება – პარტიის წარსულის დამსახურების წარდგენა
  • მისალმება – კრიტიკა – ბრალდება
  • მისალმება – თვითწარდგენა – „სადღეგრძელო“
  • მისალმება – დისკრედიტაცია – მიზანი – გეგმა
  • მისალმება – შეფასება – კრიტიკა – მოწოდება
  • მისალმება – თვითწარდგენა – ბრალდება – თვითრეკლამა
  • მისალმება – ბრალდება – მიზანი – შეპირება – მოწოდება
  • მისალმება – ერთი პირის ისტორია – მოთხოვნა – მოწოდება – ბრალდება
  • მისალმება – თვითწარდგენა – შეფასება – შეპირება – მადლობა
  • თვითწარდგენა – ბრალდება – სურვილი – ერთი პირის ისტორია – სურვილი
  • მისალმება – თვითწარდგენა – მისალმება – თბილისის დახასიათება – შეფასება – მისალმება
  • მისალმება – დებატების მნიშვნელობის შეფასება და მადლობა – ბრალდება – მოწოდება
  • მისალმება – მადლობა დებატების ორგანიზატორებს – შეფასება – თვითწარდგენა – მოწოდება
  • მისალმება – არჩევნების მნიშვნელობის შეფასება – პარტიის/გუნდის შეფასება – პარტიის პროგრამა – მომავლის შეფასება

 

მერობის კანდიდატთა გამოსვლების ამ ნაწილის ანალიზი კარგად წარმოაჩენს მათ  დამოკიდებულებას დებატებისადმი: ზოგიერთი კანდიდატის გამოსვლა აშკარად არასტრუქტურირებულია და სპონტანურად, სტუდიაში პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს არის ფორმულირებული, როგორც, მაგალითად, ერთ-ერთი კანდიდატის გამოსვლა:

„მოგესალმებით, მე გახლავართ სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი 30-ე ნომრით. მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, მივესალმები მშვიდობის დესპან ქალაქიდან. თბილისი- აი, ეს ემბლემა,  34 წლის წინ გაერომ თბილისი აღიარა მშვიდობის დესპანად. ეხლა რაშია საქმე: იმ ქვეყანას  და იმ ხალხს, სადაც მშვიდობის სული არ ტრიალებს, სიკეთეს ნურავინ ნუ ელის. აუცილებელია, მშვიდობის სული ტრიალებდეს. ამის გარეშე სიკეთე არ არსებობს. ეხლა რატო… რატო… ყველას მივესალმები, დიდი მადლობა!“  

თბილისის მერობის კანდიდატთაგან მხოლოდ სამ კანდიდატს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული და ცალსახად ჩამოყალიბებული სტრუქტურირებული გამოსვლა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ამომრჩეველთა ინტერესები; ამათგან მხოლოდ ერთმა კანდიდატმა ისაუბრა პარტიის მიერ შემუშავებულ კონკრეტულ პროგრამაზე.

თვითწარდგენა

თვითწარდგენა პოლიტიკოსის გამოსვლის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, თუმცა ამ კომპონენტის ჩართვა სიტყვაში არასავალდებულოა და უკავშირდება ცნობადობის ხარისხს. თვითწარდგენას,  ძირითადად, მიმართავენ პოლიტიკაში ახლად მოსული და საზოგადოებისათვის უცნობი კანდიდატები და პარტიები.  იმ შემთხვევაში, თუ პარტია და მისი კანდიდატი აქტიურ წინასაარჩევნო  კამპანიას ატარებენ, დებატების პროცესში თვითწარდგენა ცუდად აისახება მათ იმიჯზე – ამ კომპონენტის ჩართვა გამოსვლაში კანდიდატის დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებს.

საგულისხმოა, რომ იმ პარტიების კანდიდატებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ამომრჩეველი მათ კარგად იცნობს, გამოსვლის ტექსტში გამოტოვეს თვითწარდგენის კომპონენტი. ოთხმა  კანდიდატმა (ა. ბიბილაშვილი, რ. ოგბუნუჯუ, ქ. ნაკაშიძე, ზ. ხატიაშვილი) საჭიროდ ჩათვალა საკუთარი თავის წარდგენა. თვითწარდგენისათვის გამოყენებულია რამდენიმე ფორმულა:

მე ვარ (სახელი და გვარი);

მე ვარ (სახელი და გვარი), სპეციალობა;

მე ვარ (სახელი და გვარი), X პარტიის მერობის კანდიდატი.

ზოგიერთი კანდიდატი თვითწარდგენის ნაცვლად, პარტიას წარადგენს, თუმცა, როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ადასტურებს, არასწორ ენობრივ სტრატეგიას ირჩევს ამისთვის:

„ჩვენი პარტია „მამული“ არის კონსტრუქციული ძალა, ცენტრისტული, რომელიც არაკვალიფიცირებული ვართ, მაგრამ ჩვენ არაკვალიფიცირებული ვართ ხალხის მოტყუებაში, გადაგდებაში, აფერისტობაში, მოსყიდვაში, არაკვალიფიცირებული ვართ ბიუჯეტში ხელის ფათურში“.

თვითწარდგენის (ამ შემთხვევაში პარტიის წარდგენის) ეს ფორმა შეიძლება „პოლიტიკური თვითმკველობის“ შემთხვევად ჩაითვალოს: 24 სიტყვაში სამჯერ მეორდება „არაკვალიფიცირებული ვართ“. კანდიდატის მიზანი, სინამდვილეში, პარტიის დადებითი იმიჯის შექმნა იყო (ჩვენ ვართ კონსტრუქციული ძალა, რომლისთვისაც უცხოა მოპარვა, მოტყუება, აფერისტობა, მოსყიდვა, ბიუჯეტში ხელის ფათური), მაგრამ პარტიის წარსადგენად უარყოფითი სემანტიკის მქონე სიტყვის „არაკვალიფიცირებული“ გამოყენება ნეგატიურ ფონს უქმნის გამომსვლელის სიტყვას და  ძალიან აბნევს ამომრჩეველს, რომელიც ემოციურად უკვე უარყოფითად არის განწყობილი და აღარა აქვს მნიშვნელობა იმის ახსნას, თუ რაში არის მოცემული პარტია „არაკვალიფიცირებული“.

სიძულვილის ენა

თანამედროვე ქართული პოლიტიკური მეტყველება, ზოგადად, სიძულვილის ენით არის გაჟღენთილი. გამონაკლისი არც წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური მეტყველება გახლავთ. სატელევიზიო დებატების მხოლოდ წარდგენითი ნაწილის ანალიზის მიხედვით, სიძულვილის ენას 16 კანდიდატიდან 10 კანდიდატი იყენებს. მათ შორის, სიძულვილის ენის გამოყენებით გამოირჩევიან ნიკა მელია (65,2%), გიორგი ლომია (43,2%) და ანა ბიბილაშვილი (34,8). სიძულვილის ენის პროცენტულობა მოცემულია დიაგრამაში:

კანდიდატთა მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა სიმძაფრის სხვადასხვა ხარისხს გვიჩვენებს. ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც კანდიდატთა მიერ გამოყენებულ ბრალდებისა და დისკრიმინაციის ფორმულებში გვხვდება:

საფრთხობელა, ამორალურად მოძალადე, კორუმპირებული ადამიანი, უსაზღვროდ კორუმპირებული, კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი, მოძალადე, ძირგამომპალი ადამიანი, სისხლიანი ბანერები, სოდომისტური ბილწი დროშა,  ბილწი პრაიდი, ლიბანიზირებული, შეიყვანა უფსკრულში,  ყელში ამომივიდა, კორუფციის ჭაობი, კოლექტიური მურუსიძე და ჩინჩალაძე და სხვ.

დასახელებული მაგალითებიდან რამდენიმე შემთხვევა სიძულვილის ენის მაღალ კოეფიციენტს გვიჩვენებს. ასეთია, მაგალითად, ძირგამომპალი ადამიანი, რომელიც კახა კალაძის მისამართით იყო ნათქვამი. საგულისხმოა, რომ ასეთი შესიტყვება ქართულში არ არსებობს.  ძირგამომპალი შეიძლება მიემართებოდეს სტრუქტურის მქონე ფიზიკურ ან არაფიზიკურ ოდენობას, როგორიცაა: კონსტრუქცია, სისტემა, რეჟიმი, სახელმწიფო, სახლი, კედელი, ნავი, ხელისუფლება, ტექნიკა, დემოკრატია და ა.შ. ადამიანთან მიმართებით ეს ეპითეტი არ გამოიყენება, იგი თბილისის მერიის არჩევნებზე ნიკა მელიას მიერ შემოტანილი „ნეოლოგიზმია“.

მეტაფორულობა

პოლიტიკოსთა გამოსვლები, ზოგადად, მეტაფორულობით ხასიათდება. პოლიტიკოსები თავიანთ გამოსვლებში ხშირად მიმართავენ ავტორიტეტებს – ისტორიულ პირებს, ან ლიტერატურულ პერსონაჟებს. ასეთი ავტორიტეტები ერის ისტორიულ მეხსიერებაში ინახება როგორც მეხსიერების ფიგურა და პერიოდულად აქტიურდება პოლიტიკოსთა მეტყველებაში, საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით. მეხსიერების ფიგურებს პოლიტიკოსები,  ძირითადად, იყენებენ როგორც ერის საიდენტიფიკაციო საშუალებას. მათი გამოყენება სისხარტეს ანიჭებს გამომსვლელის სიტყვას და ახსნას არ საჭიროებს, რამდენადაც კოლექტიური მეხსიერების ფიგურას წარმოადგენს. ასეთი იდენტობის ფორმულებია:  დავით აღმაშენებლის ქვეყანა, თამარ მეფის ქვეყანა, რუსთაველის ქვეყანა, ილიასა და აკაკის საქართველო და ა.შ.  თბილისის მერობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატებში მოულოდნელად გამოჩნდა  ახალი ფიგურა – ალუდა ქეთელაური („ეს არი ალუდა ქეთელაურის ფასეულობების ქვეყანა.“).

ალუდა ქეთელაურის სახე ქართულ ლიტერატურაში ამბივალენტურია, რამდენადაც ალუდას პერსონაჟის შესახებ არსებული მოსაზრებები განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთსაპირისპიროც კია. გურამ ასათიანი თავის ნაშრომში „ქართული პოეტური აზროვნების ევოლუცია XIX საუკუნეში“ მას ასე ახასიათებს: „ალუდა ქეთელაური მაღალი ჰუმანისტური შეგნების მატარებელი გმირია“; ია ანთაძე მას იმ პიროვნებად მიიჩნევს, რომელიც ძველის სრული უარყოფით პროგრესის დამწყები და ახალი ღირებულებების დამამკვიდრებელია;  ავთანდილ არაბული კი საგანგებოდ მიუთითებს იმ სირთულეზე, რომელიც ალუდა ქეთელაურის მხატვრული სახის გააზრებას და ინტერპრეტაციას ახლავს თან:  „თანამედროვე მოსწავლე და მოქალაქე უნდა აღიზარდოს მოაზროვნედ და სიმართლის შეუპოვარ დამცველად. ამისათვის ვაჟა ძალიან მნიშვნელოვანია. დანის ფხაზე გვიწევს გავლა, რომ არ დავუსახოთ ალუდა ქეთელაური, როგორც დაუმორჩილებლობის ნიმუში. თუ არ განვუსაზღვრეთ, რას არღვევს ის და რას იცავს, ქართველს წახალისება არ სჭირდება იმ მხრივ, რომ დაარღვიოს კანონი. ალბათ ეს არის ჩვენი აღზრდის სისტემის ხარვეზი, რომ ჩვენ ვერ ვზრდით კანონმორჩილ მოქალაქეებს“. ასეთ ფონზე ანა დოლიძისეული დეტერმინაცია – „ეს არი  ალუდა ქეთელაურის ფასეულობების ქვეყანა“  – ორაზროვანი შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის და დააბნიოს იგი. ერთწუთიანი გამოსვლის დროს ამგვარი ფორმულირებების გამოყენება სარისკოა, ვინაიდან ახალი, უცხო ფორმულის შემოტანა შინაარსის აღქმას უძნელებს მსმენელს. ყოველი ახალი ფორმულის ამოხსნას დრო სჭირდება, რის გამოც მსმენელი მომდევნო წინადადებას სრულფასოვნად ვეღარ აღიქვამს.

შეფასების კრიტერიუმი

იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც პოლიტიკოსთა მეტყველების გასაანალიზებლად  გამოიყენება, შეფასების კრიტერიუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ის ფორმულირება, რომელსაც იყენებს პოლიტიკოსი ფაქტების, მოვლენების, პოლიტიკური სუბიექტების შეფასების დროს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი, როგორც პოლიტიკოსის ენობრივ პროფილს და ხშირად სიძულვილის ენის გამოყენების მიზეზიც ხდება.

შეფასების კრიტერიუმის სკალა ენობრივი მანიპულაციის რამდენიმე ხერხს მოიცავს და ობიექტურიდან სუბიექტურ შეფასებამდე ასე განლაგდება:

შეფასება (ნეიტრალური/დადებითი/უარყოფითი) – კრიტიკა (კონსტრუქციული/დესტრუქციული) – ბრალდება (სამართლიანი/უსამართლო) – დისკრედიტაცია (დაფარული/ღია).

თბილისის მერობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატებში სრულად იყო ათვისებული შეფასების აქ დასახელებული სპექტრი:

საქართველო არის ბრილიანტი.

ეს არის შესაძლებლობა და პირველი შემთხვევაა, როდესაც ე.წ. კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტები ერთად დებატებზე ვიმყოფებით.

ძალიან დაიღალა ჩვენი მოსახლეობა გაუთავებელი ჩხუბით. რა სჭირდება ხალხს – სიმშვიდე, საკვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მათ შემოსავალზე და სამსახურზე.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული თბილისი ძლიერი საქართველოს გარეშე და არ არსებობს ძლიერი საქართველო წარმატებული თბილისის გარეშე.

სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს არათანაბარ მდგომარეობაში და არათანაბარ პირობებში  ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

დღეს საქართველოს პირველ რიგში სჭირდება მართვა და წესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი გვაქვს და არც მეორე.

ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით იმითი, რომ სახელმწიფო ყოფილიყო უფრო გამართული, უფრო ძლიერი.

საზოგადოება დაიღალა გაუთავებელი კინკლაობით; დაიღალა ამ გაუთავებელი ქიშპობით და საქართველოში დადგა ცვლილებების დრო.

თქვენი მოქმედებით და უმოქმედობით, ეს ქვეყანა მიიყვანეთ დაღუპვის პირას და ამ ქვეყანას წაართვით მომავალი, ადამიანებს წაართვით პერსპექტივა და იმედი.

მე არ ვსაუბრობ იმ მანკიერ პრაქტიკაზე, როცა ადამიანებს ყიდულობენ, აშინებენ და ა.შ. უფრო შორს წავიდა „ქართული ოცნება“: ორგზის საპარლამენტო პარტიას კომისიაში წევრები წაართვა.

უკვე რამდენი არჩევნებია, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“  მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე ცდილობს, ამ არჩევნებს დაუკარგოს შინაარსი და საერთოდ დაუკარგოს აზრი არჩევნებს.  

უკვე ცხრა წელია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ სრულად ჩამოშალა ქართული სახელმწიფო, ამ ქვეყანას დაურღვია ფუნქცია და თითოეულ ჩვენთაგანს გაუნადგურა მომავალი. 

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა ქვეყანა  უფსკრულში, კორუფციის ჭაობში.

საქართველო არის ლიბანიზირებული, გაყოფილი ორ ნაწილად. ერთ მხარეს დგას ამერიკის ჯარი, მეორე მხარეს დგას რუსის ჯარი, ამაზე ვიფიქროთ.

მოვედი აქ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“  გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ,  ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით და ეს ადამიანები, და აი, ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი, … პატივს ვცემ ყველა პარტიების ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას.

დასკვნა

დღევანდელ ბლოგში ჩვენ წარმოგიდგინეთ თბილისის მერობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატების მხოლოდ ერთი, მისალმება-წარდგენის ნაწილის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიზანს არ წარმოადგენდა ცალკეული კანდიდატის პოლიტიკური მეტყველების შეფასება. ჩვენ, ზოგადად, ქართული პოლიტიკური მეტყველების კულტურასა და პოლიტიკოსთა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებსა და სტრატეგიებს ვიკვლევთ. როგორც აქ წარმოდგენილმა ანალიზმა გვიჩვენა, ქართველ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო პოლიტიკური მეტყველების კულტურის დასახვეწად და საკუთარი ენობრივი პროფილის გასაუმჯობესებლად.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურია დანიშნული. თუ ვის აირჩევს თბილისი, ეს 30 ოქტომბერს გაირკვევა. მეორე ტურის არჩევნების შედეგი კი იქნება იმის ლაკმუსი, თუ როგორ პოლიტიკურ მეტყველებას ვირჩევთ ჩვენ, პოლიტიკური მეტყველების როგორ კულტურას ვუჭერთ მხარს და კომუნიკაციის როგორ ფორმებს ვანიჭებთ უპირატესობას.

 

 ავტორი: 

პროფ. მანანა თანდაშვილი
ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი