საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურმა ანგარიშმა საქართველოს პარლამენტში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა 14 მარტს, მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. უკრაინის ომისადმი ოფიციალური საქართველოს პოზიციონირებამ დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვია და გააღრმავა კონფლიქტი, ერთი მხრივ, დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებსა და, მეორე მხრივ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. მოცემულ სიტუაციაში პრეზიდენტმა უჩვეულოდ მკაცრ გამოსვლში „სილა გააწნა“ ორივე მხარეს – როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციურ ძალებს, რასაც, ბუნებრივია, რეაქცია მოჰყვა ორივე მხრიდან – გამოითქვა კომენტარები და გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები სალომე ზურაბიშვილის სიტყვასთან დაკავშირებით. რეაგირების თვალსაზრისით უფრო შორს წავიდა მმართველი პარტია, რომელმაც დამატებით რეაგირების სამართლებრივ გზას მიმართა, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დააანონსა.
აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისათვის პოლიტიკური კომუნიკაციის ენობრივი ანალიზი და მისი გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. გთავაზობთ საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის არქიტექტონიკას და კონტენტანალიზს – რა მესიჯებს შეიცავდა პრეზიდენტის სიტყვა და რამ გამოიწვია ადრესატების მხრიდან ასეთი მძაფრი რეაგირება.
გამოსვლის სტრუქტურული ანალიზი
პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად თემას წარმოადგენდა არსებული ვითარების შეფასება უკრაინის ომის ფონზე და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო შექმნილ ვითარებაში. ამ გარემოებაზე ორი ფაქტი მიუთითებს: პრეზიდენტის გამოჩენა უკრაინის წარმომადგენელთან ერთად დარბაზში და თემატური აქცენტები – პოლიტიკური აქტორების სამკუთხედი: საქართველო-უკრაინა-რუსეთი. შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტებიდან სწორედ ეს სამეული ფიგურირებს ყველაზე ხშირად პრეზიდენტის სიტყვაში: უკრაინა/უკრაინელები (32-ჯერ), საქართველო/ქართველები (21-ჯერ), რუსეთი/რუსული (10-ჯერ).
პრეზიდენტის სიტყვა როგორც სტრუქტურული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით სამი ნაწილისაგან შედგება: შეფასებითი ნაწილი (არსებული სიტუაციის შეფასება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე), კრიტიკული ნაწილი (ხელისუფლებისა და პოლიტიკური ძალების კრიტიკა შექმნილი ვითარების ფონზე) და მიზნობრივი ნაწილი (საქართველოს მიზანი და გამოწვევები ახალ პოლიტიკურ ვითარებაში). გამოსვლა, ზოგადად, მკაცრ ტონშია ფორმულირებული და ემოციურობის მაღალი ხარისხით ხასიათდება, რაზედაც მანიპულაციის სპეციფიკური ენობრივი საშუალებებისა და სენტიმენტის გამომხატველი ლექსიკური ერთეულების გამოყენების სიხშირეც მიგვითითებს.
I. შეფასებითი ნაწილის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა უჩვეულოდ, მისალმების ფორმულის გარეშე დაიწყო, რითაც დასაწყისშივე გაემიჯნა დამსწრე აუდიტორიას და პრეზიდენტის შემდგომი სიტყვის პათოსის ერთგვარ პრელუდიად იქცა. თავისი სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ უკრაინის თემით დაიწყო და საქართველოს უკრაინასთან დაწყვილების ფონზე შეაფასა საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია და უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის შესაძლებლობები ახალი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების ჭრილში.
უკრაინის თემა წითელ ხაზად მიჰყვება გამოსვლის ამ ნაწილს, და მეტაფორულობის მაღალი ხარისხითა და ჰეროიკული პათოსით ხასიათდება: 434 სიტყვის მოცულობის ტექსტში მრავალჯერადადაა გამოყენებული ისეთი ეპითეტები როგორიცაა: გმირული, თავგანწირული, შეუპოვარი, არნახული, გამარჯვებული, თავდადებული, ქედმოუხრელი, წარმატებული. აქ გამოყენებულია ისეთი დადებითი სემანტიკის კონცეპტები, როგორიცაა: სამშობლო, გმირი, შემართება, თავდადება, გამძლეობა, გაუტეხელობა, გათავისუფლება, გამარჯვება, ერთსულოვნება, მხარდაჭერა, სოლიდარობა, თავისუფლება.
უარყოფითი სემანტიკის კონცეპტები (განსაცდელი, საფრთხე, ტრაგედია, კონფლიქტი, აგრესია, იმპერიალიზმი, დაპყრობა, რეპრესიები, ომი, ოკუპაცია, ევაკუაცია) გამოსვლის ამ ნაწილში მხოლოდ რუსეთთან მიმართებით არის გამოყენებული: რუსული აგრესია, იზოლირებული რუსეთი, დასუსტებული რუსეთი, რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, რუსული იმპერია, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, და ახლავს უარყოფითი სემანტიკის ეპითეტები: დამპყრობელი, დაბომბილი, სეპარატისტული, შემზარავი.
გამოსვლის ეს ნაწილი ცალსახად შეფასებითი ხასიათისაა, რაზედაც შეფასების ფორმულების გამოყენების სიხშირე და მრავალფეროვნება მიგვითითებს:
წინადადების კონტენტის სახე | წინადადებათა რაოდენობა | |
1 | შეფასება | 26 |
2 | მოწოდება | 2 |
3 | ვალდებულება | 2 |
4 | სურვილი | 2 |
5 | თხოვნა | 1 |
6 | მადლობა | 1 |
7 | პროგნოზი | 1 |
სულ: | 35 წინადადება (434 სიტყვა) |
შეფასების ფორმულებში ძირითადად გამოყენებულია შედარების და ანალოგიის ხერხები:
საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობლებთან შეუპოვარი, გმირული, თავგანწირული ბრძოლის მაგალითების.
უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა.
ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაში, გაუტეხელობაში, სიამაყეში იყო და არის! დღეს, ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ.
შედარება ემპათიის გამოყენებით:
ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!
შეფასება ვარაუდის თანხლებით:
… დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა, ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს.
მოწოდება, გაფორმებული თხოვნის ფორმულით:
მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა!
გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თავდადებულ გმირებს!
II. კრიტიკული ნაწილის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი
პრეზიდენტის გამოსვლის ამ ნაწილის კრიტიკულ შინაარსზე, გარდა სტატისტიკური მონაცემებისა (39 წინადადებიდან 24 წინადადება კრიტიკას მოიცავს) მიუთითებს ისეთი კონცეპტების გამოყენება, როგორიც არის: პოლარიზაცია, საფრთხე, უთანხმოება, გაუგებრობა, შიდა პოლარიზაციის გაღვივება, გაუგებრობა, წყენა, დაპირისპირება, დაყოფა, დაძაბული, თავდასხმა, კინკლაობა, მტერი, მტრობა, მძიმე ვითარება, ომი, ომის პარტია, პროვოკაცია, რადიკალური ზომები, მთავრობის შერყევა, ქიშპობა, შეურაცხყოფა, შიში, სირცხვილი, თავის თავში ჩაკეტვა, წყენა, შეურაცხყოფა.
შეფასებით წინადადებებში გამოყენებული ეპითეტებიც ძირითადად უარყოფითი სემანტიკისაა: გამოსასწორებელი, მიუღებელი, დამღუპველი, დამაზიანებელი, მანკიერი, პრორუსული, უარესი.
უარყოფითი სემანტიკისაა ასევე გამოსვლის ამ ნაწილში გამოყენებული ზმნები: სცოდავს, აბნევს, აზიანებს, აფრთხობს, ვერ ბედავს, ბზარი გააჩინონ, უთანხმოება დათესონ, ბრალს უყენებ, გააშავოს, ძალას გვაცლის, გვასუსტებს, დაყოფას იწვევს, საზოგადოებას აფრთხობს, მოღალატედ ნათლავს.
პრეზიდენტის გამოსვლის ეს ნაწილი, ზოგადად სენტიმენტის თვალსაზრისით ყველაზე მეტად არის მარკირებული: სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 615 სიტყვიდან თითქმის ერთი მესამედი (186 სიტყვა) უარყოფითი სენტიმენტის გამომხატველია.
პრეზიდენტის გამოსვლის ეს ნაწილი, კონტენტანალიზის მიხედვით, კრიტიკული ხასიათისაა.
წინადადების კონტენტის სახე | წინადადებათა რაოდენობა | |
1 | კრიტიკა | 24 |
2 | შეფასება | 11 |
3 | ვალდებულება | 2 |
4 | ბრალდება | 1 |
5 | რიტორიკა | 1 |
სულ: | 39 წინადადება (615 სიტყვა) |
შესაბამისად, ამ ნაწილში გამოყენებულ მანიპულირების ენობრივ საშუალებებში უარყოფით შეფასებებთან ერთად ბრალდებისა და კრიტიკის ფორმულებიცაა გამოყენებული:
უარყოფითი შეფასება:
დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ.
უარყოფითი შეფასება კრიტიკის თანხლებით:
სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება.
უარყოფითი შეფასება ბრალდების თანხლებით:
ოპოზიცია … ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას.
ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
უარყოფითი შეფასება „აფირმატიული (დადასტურებითი) ბრალდების“ გამოყენებით:
ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება.
ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!
კატეგორიულად უარყოფითი შეფასება:
ამას გამართლება არ აქვს.
რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!
სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!
კრიტიკა ალტერნაციის ხერხის გამოყენებით:
უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.
ბრალდება გამძაფრების ხერხის გამოყენებით (გამეორების საშუალებით):
დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!
უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.
ბრალდება საკითხით/თემით მანიპულირებაში:
უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება (სააკაშვილის შეწყალების თემა) კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.
უარყოფითი შეფასება საშიში ასოციაციების გამოწვევის ხერხის გამოყენებით:
ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს…
ქვეყნისთვის, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი.
უარყოფითი შეფასების ფორმულებში კატეგორიული ტონი კიდევ უფრო მეტად არის გამძაფრებული კატეგორიული უარყოფისა და შესაძლებლობის უარყოფის (არ და ვერ / არ თუ ვერ) ფორმულების კომბინაციით:
მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში…
მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი.
მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში.
ოპოზიცია სცოდავს, როცა … გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.
უარყოფითი შეფასება შეპირისპირების ხერხის გამოყენებით (პოლიტიკური ელიტა vs. საზოგადოება)
საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი.
დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ.
კრიტიკის ფონზე პრეზიდენტის დისტანცირება პოლიტიკურ სპექტრთან მიმართებით ენობრივადაც არის გაფორმებული და კარგად ჩანს შემდეგ წინადადებაში:
ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე?
სალომე ზურაბიშვილი აქ იყენებს არა ინკლუზიურ ჩვენ/ჩვენი ნაცვალსახელს (ჩვენი ხალხის წინაშე, ანუ ჩემი და თქვენი ხალხის წინაშე), არამედ ცალსახად მიმართავს პარლამენტის უმრავლესობას და ოპოზიციას ერთიან კონტექსტში და ემიჯნება მათ: პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მეორე ნაწილი მთლიანად კრიტიკაზეა აგებული. პრეზიდენტი ცალსახად აკრიტიკებს, ერთი მხრივ, სახელისუფლებო უმრავლესობას, მეორე მხრივ კი, ოპოზიციურ ნაწილს როგორც პოლიტიკურ, ისე მორალურ ასპექტში.
საპარლამენტო გამოსვლაში პრეზიდენტმა მთავრობას ბრალი დასდო:
- გაუბედაობაში:
ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!
- დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფაში (ერთპიროვნულ მოქმედებაში):
ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.
- ავტოკრატიულობაში (ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით):
ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება.
- ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საფრთხის – უშიშროების საკითხის იგნორირებაში:
ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!
პრეზიდენტმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიცია და ბრალი დასდო მას:
- საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობაში:
ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს.
- დეზინფორმაციის გავრცელებაში:
ოპოზიცია სცოდავს, … როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი!
…ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის.
- დესტრუქციულობაში:
ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას.
- უპასუხისმგებლობაში:
ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.
მიუხედავად მძაფრი კრიტიკისა, გამოსვლის მეორე, კრიტიკის ნაწილი დაბალანსების პრინციპის გათვალისწინებით არის აგებული როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. პრეზიდენტი ორივე მხარეს ადანაშაულებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში საერთო კრიტიკის გზით:
დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!
თუმცა, აქაც ცდილობს კრიტიკის დაბალანსებას და მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელშიც ეთანხმება ცალკეულ მხარეს:
თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია.
III. მიზნობრივი ნაწილის ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი
მესამე ნაწილი მოცულობით ყველაზე დიდია და თემატურადაც განსხვავდება წინა ორი ნაწილისაგან – მონოლითურობა ამ ნაწილში დარღვეულია და „აჭრელებულია“ როგორც კონტენტის, ისე მანიპულაციის ენობრივი საშუალებების თვალსაზრისით. ერთმანეთის გვერდით გვხვდება შეფასებები, კრიტიკა, ბრალდება, მოწოდება, მიმართვა, ვალდებულება, შეთავაზება, თავის მართლება, აკრძალვა, შეპირება და სხვ. შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლაში მანიპულაციის ენობრივი საშუალებების ფართო სპექტრია გამოყენებული:
წინადადების კონტენტის სახე | წინადადებათა რაოდენობა | |
1 | შეფასება | 28 |
2 | კრიტიკა | 10 |
3 | მოწოდება | 9 |
4 | აუცილებლობა | 8 |
5 | თავის მართლება | 4 |
6 | შეთავაზება | 4 |
7 | მიმართვა | 4 |
8 | ვალდებულება | 3 |
9 | რიტორიკული შეკითხვა | 3 |
10 | მადლობა | 2 |
11 | საყვედური | 1 |
12 | აკრძალვა | 1 |
13 | შეპირება | 1 |
სულ: | 78 წინადადება (1143 სიტყვა) |
დადებითი შეფასება:
ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა.
ეპისტემური შეფასება:
მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ბევრად საღად აზროვნებს და მისი კონსოლიდაცია შესაძლებელია.
კატეგორიული შეფასება:
კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია.
დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ.
გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები.
მე ამას არ დავუშვებ!
თავის გამართლება:
ამ მოცემულობაში კი, აუცილებელი იყო და მაქსიმალურად ვეცადე, პირადი შეხვედრებით, თუ საერთაშორისო მედიაში გამოსვლებით გამემყარებინა საქართველოს კუთვნილი ადგილი ამ პროცესებში.
შეთავაზება:
გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული.
საყვედური:
ამ ურთულესს პერიოდში, დღეს მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ თუ რა ხდება ჩვენს თავს.
აკრძალვა:
არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან!
დაპირება:
მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის გზები.
შედარება-შეპირისპირება (საზოგადოება vs. პოლიტიკური სპექტრი):
პოლიტიკოსებმა თუ ვერა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი მშვენივრად გაიგო.
აუცილებლობა/ვალდებულება:
უკრაინის ომის მიმართ ჩვენი მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს.
პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ.
მიუხედავად ასეთი „მრავალფეროვნებისა“, ერთი ძირითადი ხაზი მაინც იკვეთება პრეზიდენტის გამოსვლის ამ ნაწილში: თემატური ხაზი (პრეზიდენტის მოწოდება ერთიანობისაკენ) და სტრატეგიული ხაზი (დაპირისპირებული მხარეების დაახლოებისა და გაერთიანების მცდელობა დაბალანსების პრინციპის გამოყენებით), რომელიც გამოსვლაში გადმოცემულია როგორც ექსპლიციტურად, ისე იმპლიკაციის მეშვეობით:
დაბალანსება იმპლიკაციის მეშვეობით:
ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან (მინიშნება მთავრობის ტაქტიკაზე). მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად (მინიშნება საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე).
დაბალანსება ექსპლიციტურად:
სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია.
დაბალანსებულია პრეზიდენტის რჩევებიც:
ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული, არც კონფრონტაციისკენ პროვოცირება, არც წინსწრებით დათმობის და ზედმეტი სიფრთხილის ბუნდოვანი პოლიტიკა.
ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად.
დაბალანსების პრინციპია გამოყენებული პრეზიდენტის გაფრთხილებაშიც:
დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა და არც მეორეს კუთვნილება გახდება.
დაბალანსებულია პრეზიდენტის მიმართვები:
ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის.
და ბოლოს, პრეზიდენტი მოწოდებებით ასრულებს თავის სიტყვას:
მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი.
კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე.
გამოსვლის ბოლო, მიზნობრივი ნაწილი ერთიანობის კონცეპტის დეკლარაციას წარმოადგენს, სადაც პრეზიდენტის გამოსვლის პათოსი ნათლად არის ფორმულირებული – პრეზიდენტი ყველას მოუწოდებს გონიერებისა და გაერთიანებისაკენ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ:
ახლა ყველა მხრიდან ისმის: რა გავაკეთოთ? როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები? როდის და როგორ? გიპასუხებთ: ერთიანობა! ერთიანობა და ერთიანობა!
ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ!
ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა.
გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის.
ერთიანობის კონცეპტი ძირითადად კრებითი ნაცვალსახელის „ყველა“ არის გადმოცემული:
ყველა (საქართველოს მოქალაქე), ყველამ ერთად, ყველამ გაიგოს, ყველას პრეზიდენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ყველას მოვუწოდებ, ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი, ყველასათვის უმძიმესი პერიოდი, ყველა სენსიტიური საკითხი, ყველა წამოწყება, ყველა ახალი კარის გასაღები, ყველა ძალისხმევა, ყველა ოფიციალური ფორმატი.
გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა ექსპლიციტურად გააჟღერა გამოსვლის მიზანი – გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება, შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო.
მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის გზები.
როგორც თემების, ისე მანიპულაციის ენობრივი საშუალებების ასეთი სიუხვე, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის მესამე ნაწილშია მოცემული, ენობრივად ამ ნაწილში გამოყენებულ კონცეპტებშიც აისახება:
დადებითი სემანტიკის მატარებელი სიტყვები: საქართველო, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირი, ევროპა, ერთიანობა, პრეზიდენტი, უსაფრთხოება, ერთიანობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ინტეგრაცია, კონსოლიდაცია, კონსტიტუცია, პარლამენტი, პარტნიორები, სოლიდარობა.
უარყოფითი სემანტიკის მატარებელი სიტყვები: დამაზიანებელია, მიუღებელია, დაყოფა, უმძიმესი, ურთულესი, შეზღუდვები, აბსურდია, აღვუდგეთ, ბუნდოვანი, გვაფერხებს, დისკრიმინაცია, კონფრონტაცია, ოკუპაცია, საოკუპაციო, ომი, სისხლი, პანიკა, პროვოცირება, სანქციები, საფრთხეები, სიძულვილი, უთანასწორო, შეზღუდვები, შელახვა.
პრეზიდენტის სურვილები გადმოცემულია ზმნური კონცეპტებით: მივესალმები (3), გთავაზობთ (2), მივმართავ (2), მოვუწოდებ (2), მოვნახოთ (2), გამოვასწოროთ, გამოვაცხადოთ.
დასკვნა
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ლინგვოპოლიტოლოგიურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ პრეზიდენტმა ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში ისაუბრა საფრთხეებისა და ახალი გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა და ზოგადი ფორმულებით შემოისაზღვრა. პრეზიდენტმა გააკრიტიკა ორივე მხარე და ბრალი დასდო მთავრობას – გაუბედაობაში, დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფაში, ავტოკრატიულობასა და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საფრთხის – უშიშროების საკითხის იგნორირებაში, ოპოზიციას კი – საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, დესტრუქციულობასა და უპასუხისმგებლობაში. პოლიტიკური სპექტრის პოზიციონირება და ურთიერთდაპირისპირება მოცემულ ვითარებაში ემოციურად მკვეთრად დამუხტული და ენობრივად ცალსახად მარკირებული ფორმით არის გადმოცემული.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა, გამოსვლის მკაცრი და კატეგორიული ტონისა და ქართული პოლიტიკური სპექტრისაგან დისტანცირებულობის მიუხედავად, გაწონასწორებულია და დაბალანსებული კრიტიკის პრინციპის გამოყენებით არის აგებული. მსჯელობა მკაფიო და დასაბუთებულია. გამოსვლის ერთი მესამედი არგუმენტაციული სტრუქტურების გამოყენებით არის აგებული.
წინადადება | სიტყვა | არგუმენტაციული სტრუქტურები | |
I ნაწილი | 35 | 434 | 11 |
II ნაწილი | 39 | 615 | 16 |
III ნაწილი | 78 | 1143 | 23 |
სულ: | 152 | 2192 | თეზა/არგუმენტი 76, არგუმენტი 50 |
პრეზიდენტის გამოსვლის დასაწყისი და დასასრული საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან სტრატეგიული თვალსაზრისით. გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტმა გააკრიტიკა და მკაფიოდ გამოხატა დისტანცირება პოლიტიკურ სპექტრთან, თუმცა გამოსვლის დასასრულს ექსპლიციტურად გააჟღერა სურვილი და დაპირება, გახლეჩილ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად იმოქმედოს, თანამშრომლობისა და ერთიანობის გზით, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
ავტორი:
პროფ. მანანა თანდაშვილი
ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი