საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ პრეზენტაცია

2022 წლის 6 ოქტომბერს 19.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია“ პრეზენტაცია.

ჟურნალი დაარსებულია დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოს მიერ და განკუთვნილია დიგიტალურ ჰუმანიტარიაში მოღვაწე სპეციალისტებისათვის. ჟურნალი წარმოდგენს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივ სამეცნიერო გამოცემას და  მიზნად ისახავს საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობას. ჟურნალს განაგებს სამეცნიერო საბჭო, რომელშიც შესული არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები გერმანიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, საქართველოდან. ჟურნალის მთავარი რედაქტორია ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი მანანა თანდაშვილი.

ჟურნალის პრეზენტაციაზე პროფ. მანანა თანდაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ჟურნალის პირველი ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებულია 6 უცხოელი და 8 ქართველი მეცნიერის სტატიები. ჟურნალს გზა დაულოცეს პროფ. მზექალა შანიძემ და  გერმანელმა ქართველოლოგმა პროფ. იოსტ გიპერტმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამეცნიერო სივრცე ონლაინჟურნალის დახმარებით საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად იქნება გაზიარებული, რაც ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის საქართველოს შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით მასალებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. ნუნუ მიცკევიჩმა ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა ონლაინჟურნალის შექმნისა და გამოცემის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობა მიიღეს უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგებმა და დიგიტალური ჰუმანიტარიის დარგის წარმომადგენლებმა – პროფესორებმა იოსტ გიპერტმა, ბერნარ უტიემ და კრისტა მიულერ-კესლერმა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ “დიგიტალური ქართველოლოგიის“ პირველი ნომერი დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ვებვერდზე: https://adh.ge/digital-kartvelology-ge/