ქართული ენა პარალელური მოცემულობის ჭრილში ნაწილი I

ქართული ენა პარალელური მოცემულობის ჭრილში

ნაწილი I

ამ სტატიის დაწერა ერთმა მტკივნეულმა საკითხმა გადამაწყვეტინა, რომელიც ვფიქრობ, მარტო ჩემი სატკივარი არ არის (მთელი ერის სატკივარია) და არც მარტო მეცნიერთა სატკივარი არ უნდა იყოს – იგი ქვეყნის სატკივრად შეიძლება იქცეს. საქმე ეხება ქართული ენის  „მწირრესურსიან“ ენად გამოცხადებას როგორც ინსტიტუციონალურ, ისე კერძო პირთა მიერ.  ტერმინები კი XXI საუკუნეში, მოგეხსენებათ, მყისიერად ვრცელდება და სწრაფად იმკვიდრებს ადგილს ჩვენს ყოფიერებასა და ცნობიერებაში. ამთავითვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  აქ საქმე არა ტერმინის მიუღებლობაშია ან ჩვენ ემოციურ დამოკიდებულებაში (როგორც ეს არა მხოლოდ არასპეციალისტებს, არამედ ჩემი დარგის და მომიჯნავე დარგის ზოგიერთ სპეციალისტს ჰგონია), არამედ არამეცნიერულ (ან ფსევდომეცნიერულ) და არასამართლიან დამოკიდებულებაში ქართული ენის მიმართ, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსს მნიშვნელოვნად აკნინებს, მეორე მხრივ კი, ქართული ენის სტატუსს საგრძნობლად აქვეითებს საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე. 

ქვემოთ მინდა წარმოვადგინო საკითხის სამეცნიერო ასპექტი და განვმარტო პრობლემის არსი: რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს მსოფლიოს ენები, რა ადგილი უჭირავს XXI საუკუნეში ქართულს ენათა კლასიფიკაციის პარადიგმაში და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ ჩამოვრჩეთ უახლესი მომავლის გამოწვევებს. 

პარალელური მოცემულობები ანუ მსოფლიო ციფრული აბლაბუდის ქსელში

დღეს აღარავინ დავობს იმის შესახებ, რომ XXI საუკუნემ უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა კაცობრიობა. ტექნოლოგიურმა (რ)ევოლუციამ, ერთი მხრივ, და გლობალიზაციის პროცესმა, მეორე მხრივ, ციფრული აბლაბუდის ქსელში გაახვია მსოფლიო და სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა კაცობრიობა: ფიზიკურად არსებული მოცემულობის პარალელურად შეიქმნა ვირტუალური – ციფრული მოცემულობა და ის, რაც სათანადოდ არ არის წარმოდგენილი ამ უკანასკნელში (როგორც ობიექტი/ობიექტთა სიმრავლე, ცნება/ცნებათა სიმრავლე, ინდივიდი/ინდივიდთა ჯგუფი, პიროვნება/სოციუმი, ინსტიტუციური, კულტურული, ეროვნული, პოლიტიკური და ა.შ. ერთეული), მისი არსებობა რეალურ მოცემულობაში თავის ღირებულებას კარგავს – იგი არ იძებნება ციფრულ მოცემულობაში, მაშასადამე, არც არსებობს. შედეგად მივიღეთ სამყაროს ახალი მოდელი ორი პარალელურად არსებული  განზომილებით (რეალური და ვირტუალური), რამაც ჩვენი ცხოვრება თვისებრივად შეცვალა – კაცობრიობამ ორმაგი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. 

თუ რეალურ მოცემულობაში რეალურ პრობლემებთან და გამოწვევებთან გვიხდება გამკლავება და ნაკლებად ვართ თავისუფლები ჩვენს ნებელობაში (ანუ ნაკლებად გვაქვს კონტროლი  გარე სამყაროზე), ვირტუალურ სივრცეში ჩვენ თავად შეგვიძლია „გამოვძერწოთ“ ჩვენი იდენტობა ან ჩვენი ყოველდღიურობა – ჩვენი სურვილებისა და წარმოსახვის უნარის შესაბამისად. ანუ, იმას, რასაც ვერ მივაღწიეთ ან არ გაგვაჩნია რეალურ მოცემულობაში,   შეგვიძლია ვირტუალურ მოცემულობაში „დავეუფლოთ“. ვირტუალური სამყაროც ივსება „გამოძერწილი“ ინდივიდებით, ფაბრიცირებული მოვლენებით, ფეიკინფორმაციებით, ფსევდოკომპეტენტურობით, ზეაღმატებული განდიდებით ან  განქიქებით და ასე შემდეგ (ეს სია ძალიან გრძელია). მოკლედ, ვირტუალური სამყარო ის „ჯადოსნური“ სარკეა, რომელშიც რეალური სამყარო ჩვენი შეხედულებისამებრ ტრანსფორმირდება და იღებს ისეთ სახეს, როგორიც ჩვენ გვინდა. ვირტუალურ მოცემულობას ჩვენ თავად ვძერწავთ, „ვალაიქებთ“, „ვაშეარებთ“, „ვაგულებთ“ (ანუ გულებით ვამკობთ) და ა.შ. სია აქაც გრძელია. 

ვირტუალურ მოცემულობაში ადამიანისათვის მინიჭებული თავისუფლების რეალიზაციამ  სრულიად ახალი ფენომენი წარმოშვა, რომელსაც ქართულად პირობითად სამი უ (3უ) შეიძლება ვუწოდოთ: ინფორმაციის უსწრაფესი, უწყვეტი და უკონტროლო გავრცელება.

ტერმინი ციფრული აბლაბუდა შემთხვევით არ გვიხმარია, ვინაიდან ვირტუალური მოცემულობა, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულ თავისუფლებას გვთავაზობს, სინამდვილეში ინფორმაციული აბლაბუდის ქსელში გვხვევს და გვატყვევებს. ინტერნეტმედია ზემოქმედების გაცილებით ძლიერი და კომპლექსური მეთოდებით გამოირჩევა, ვიდრე რომელიმე აქამდე არსებული მედიასაშუალება, ვინაიდან: 

  1. ინფორმაციის ციფრული გავრცელების არეალი შეუზღუდავია და ფარავს დედამიწის  ნებისმიერ წერტილს (დღეს ინტერნეტქსელმა ხომ ყველგან შეაღწია!);
  2. ინფორმაციის ციფრული გავრცელება არ საჭიროებს ტირაჟირებას – იგი ერთხელ ქვეყნდება და წამიერად ხდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებლისთვის; 
  3. ვირტუალურ სივრცეში განთავსების შემდეგ იგი, როგორც ციფრული რესურსი, „მარადიულობაში“ გადადის:  ვირტუალური სამყარო ყველაფერს ისრუტავს, იმახსოვრებს და ერთხელ დამახსოვრებულს არასოდეს შლის (მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ ინფორმაცია „ამოიღეს“ ან „წაშალეს“);

ვირტუალურმა მოცემულობამ ყველა ტრადიციული მედიასაშუალება „დაიქვემდებარა“ და  მეტი დამაჯერებლობით აღჭურვა – ის ინფორმაცია, რომელსაც ციფრული მედიები  გვაწოდებენ, მეტი ლეგიტიმურობით არის აღჭურვილი, ვიდრე ტრადიციული მედიები.       

შესაბამისად, ვირტუალურმა განზომილებამ ძალიან სწრაფად მოიკრიბა ძალა და სამყაროზე ზემოქმედების უჩვეულო პოტენციალი გამოავლინა: იგი არა მხოლოდ გვკარნახობს, არამედ თავს გვახვევს სტანდარტებს, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რომ ადგილი მოვიპოვოთ მისი უდიდებულესობა ვირტუალური მოცემულობის მრავალბიტიან სამყაროში; ამასაც არ სჯერდება და აქტიურ ექსპანსიას ახორციელებს ჩვენს რეალურ ყოფიერებაზე. სრულყოფილი ენობრივი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შეუფერხებლად და უმოწყალოდ იპყრობს მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარს და ლამის მონოლინგვური ერთფეროვნების კიდობანში მოგვაქციოს, ერთიანისა და ნულის უსასრულო ოკეანეში რომ ტივტივებს. 

ციფრული სამყაროს წარმატებით მოქმედმა ამ მოდელმა არსებითად წაშალა (ან უახლოეს მომავალში წაშლის) არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ პოლიტიკური და ეთნოკულტურული საზღვრები. მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა   ისტორიულად კარგად ცნობილი პროცესის – კოლონიალიზმის მომსწრე, რომელმაც უბრალოდ გარეგნული იერი, უფრო ზუსტად, რეალიზაციის ფორმები იცვალა და რომელსაც შეიძლება საყოველთაო კულტუროლოგიური კოლონიალიზმი ვუწოდოთ. აქ კონკრეტულ მაგალითებს არ დავასახელებთ, თუმცა მკითხველისთვის, ვფიქრობთ, ისედაც ცხადია დიდი ენების მიერ (მაგ., ინგლისურის) ვირტუალური ლინგვოკულტუროლოგიური ექსპანსია პრაქტიკულად მთელ მსოფლიოზე, რომელიც დიდი ხანია გასცდა ციფრული ექსპანსიის საზღვრებს და რეალურ მოცემულობაშიც დაიდო ბინა, კერძოდ, აქტიურად შეიჭრა ინდივიდის/ სოციუმის მენტალურ და კულტურულ მაკროსამყაროში და საფრთხეს უქმნის მის იდენტობას.

მოცემულ სიტუაციაში მცირერიცხოვანი ერებისთვის არათუ კონკურენციის, არამედ ციფრულ სამყაროში თვითდამკვიდრების მცდელობაც კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს ამ ენის მატარებელი სოციუმისგან: პრობლემის გააზრებას, შედეგების პროგნოზირებას, ინოვაციებისადმი მენტალურ მზაობას  და ქმედით ღონისძიებებს როგორც მეცნიერთა, ისე სახელმწიფოს მხრიდან რაც, ერთი  მხრივ, ფინანსების მოზიდვას, სათანადო ენობრივი ტექნოლოგიების შექმნა-განვითარებასა და ადამიანური რესურსის სათანადო მომზადებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი – საერთაშორისო იურიდიული რეგულაციების ადაპტაციას.     

შესაბამისად, თუ მცირერიცხოვანმა ერებმა ვერ შეძლეს XXI საუკუნის გამოწვევებთან გამკლავება და ციფრულ სამყაროში ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათ გარდაუვლად ელოდებათ XXI საუკუნის „ჭირი“: მშობლიური ენის ფუნქციონირების ხარისხის დაქვეითება, შემდეგ – ფუნქციონირების სფეროების შეზღუდვა, რასაც მოჰყვება საკომუნიკაციო ველის შევიწროება და მისი განდევნა სამომხმარებლო სივრციდან, ანუ მისი საბოლოო გაქრობა.

ამიტომ, რაც უფრო ადრე „განვიხიბლებით“ ვირტუალური მოცემულობის შესაძლებლობებით, და რაც უფრო ღრმად გავიაზრებთ ციფრული სამყაროს სავარაუდო ზეგავლენის შედეგებს რეალურ სამყაროზე, მით უფრო მომზადებულები შევხვდებით XXI საუკუნის გამოწვევებს – ტექნოლოგიური (რ)ევოლუციისა და გლობალიზაციის გარდაუვალ შედეგებს.      

XXI საუკუნის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში

რას ნიშნავს საქართველოსათვის ევროინტეგრაცია და რა პერსპექტივები გაუჩნდა ქართულ მეცნიერებას, განსაკუთრებით კი ქართულ ენას აღნიშნული ცვლილების შედეგად?

საქართველოს ევროინტეგრაცია ეტაპობრივი პროცესია და კომპლექსურ ამოცანებს მოიცავს. მისი ეფექტური განხორციელება, გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისა, ფართოდ უხსნის კარს სამეცნიერო ინტეგრაციასაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ღირებულებების აღიარებას მეცნიერებაში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ღია მეცნიერების (open science) პრინციპების დანერგვა ქართულ სამეცნიერო სივრცეში და ევროპასთან ბილატერალური ინტეგრაცია. ამ გზაზე  უმნიშვნელოვანესია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, საერთაშორისო სტატუსის ამაღლება, კერძოდ, ქართული ენის სრული ტექნოლოგიზება და მისი სრულფასოვანი და შეუფერხებელი ფუნქციონირება საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში. 

აქ ოთხი ძირითადი ასპექტი უნდა გამოვყოთ:

  • პოლიტიკური ასპექტი
    • ქართული ენის ტექნოლოგიების განვითარება და მისი ადაპტაცია საერთაშორისო გამოყენების სივრცეში; უპირველეს ყოვლისა, ავტომატური თარგმანის უზრუნველყოფა, ტექსტის მეტყველებად და მეტყველების ტექსტად გარდაქმნის პროგრამული საშუალებების შექმნა და მათზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა;
  • სოციალური ასპექტი
    • სამომხმარებლო სფეროზე ორიენტირებული ენობრივი ტექნოლოგიების შექმნა და ფართოდ დანერგვა საზოგადოების სოციალური საჭიროების სხვადასხვა სფეროში;
  • სამეცნიერო ასპექტი
    • ქართული ენის რესურსების თვისებრივად ახალ, კომპლექსურ  დონეზე გადაყვანა (ანოტირების სრულყოფა, სენტიმენტანალიზის, ხეთა ბანკის და ა.შ. დამუშავება) და ქართული ენის, როგორც კვლევის ობიექტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თავისუფალი და შეუფერხებელი მიმოქცევის უზრუნველყოფა; ასევე, უცხოეთში საერთაშორისო ქართველოლოგიური ცენტრების შექმნა/გაძლიერება ქართველოლოგთა ახალი თაობის მომზადებისა და ქართული ენის ინტერნაციონალიზაციის მიზნით;
  • საგანმანათლებლო ასპექტი
    • დიგიტალური კომპონენტის ინტეგრაცია ქართული ენის სწავლისა და სწავლების  ყველა საფეხურზე. 

აქ ჩამოთვლილი ასპექტები, რასაკვირველია, ერთი მთლიანი კონცეფციის შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენენ. ქართული ენის სრული ტექნოლოგიზებისა და საერთაშორისო საკომუნიკაციო სივრცეში მისი სრულფასოვანი და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომელშიც თითოეული აქ დასახელებული ასპექტის შემადგენელი კომპონენტი უფრო დეტალურად უნდა ჩაიშალოს და დროში გაიწეროს პრიორიტეტულობისა და რანგირების მიხედვით, რათა „სახლის  მშენებლობა სახურავით არ დავიწყოთ“. 

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ და აქაც გავიმეორებთ, რომ XXI საუკუნის გამოწვევებთან გამკლავება მცირერიცხოვანი ერებისთვის უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს ამ ენის მატარებელი სოციუმისგან. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ქართული ენის მასშტაბურ და სრულფასოვან ადაპტაციას ციფრულ სამყაროში, მით უფრო წარმატებით დავძლევთ XXI საუკუნის გამოწვევებს საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.