ღია წერილი მარინე ბერიძეს და ჩემს სხვა კოლეგებს

სანამ მარინე ბერიძის პოსტის შინაარსსა და კომენტარებს გავცემ პასუხს, მადლობა მინდა გადავუხადო ამ პოსტისა და კომენტარების ავტორებს. დიდი ხანია ვაპირებდი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენების კვლევას და რადგან უცებ ამხელა მასალა „მომეყარა“, აუცილებლად დავიწყებ სიძულვილის ენის კორპუსის შექმნას ინტერდისციპლინური კვლევის ჩასატარებლად. უმრავლესობას, ვინც მარინე ბერიძის პოსტი დააკომენტარა, პირადად ვიცნობ. ვინაიდან ჯერ კიდევ კარგად მუშაობს ჩემი მოკლე და შორეული მეხსიერება, შემიძლია კომენტარების სიმძაფრისა და ვორდინგის მიხედვით გამოვიკვლიო, რა ურთიერთმიმართებაა კონკრეტულ პირთან მიმართებით ადამიანის ზიზღის ხარისხსა და მეტყველებას შორის, რომ უმადურობის კოეფიციენტი გამოვიანგარიშო (ისე, არაჩვეულებრივი თემაა სამეცნიერო პროექტისათვის). უმადურობა შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან ორი დღეა თვალს ვადევნებ მარინე ბერიძის პოსტის კომენტარების ავტორებს, რომლებიც, როგორც ჩანს, კოლექტიურ თერაპიას იტარებენ სიძულვილის ენის გამოყენებით და, ცოტა არ იყოს, ეჭვი შემეპარა ერთი ქართული ანდაზის სიმართლეში: „მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო“. ის, ვინც ჩემს ნათქვამზე ირონიულად ჩაიცინებს (და აუცილებლად ჩაიცინებს), მინდა შევახსენო, რომ მათი უმრავლესობა ჩემს პროექტებში იყო დასაქმებული და ეს მაშინ, როდესაც ეკონომიკურად ყველაზე მძიმე დრო იდგა საქართველოში; არ დავასახელებ, სამეცნიერო პროექტის ფარგლებში რამდენი თქვენგანი იყო მოწვეული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ფრანკფურტში; არც იმას ვამადლი ზოგიერთს, რომ ჩემი, როგორც ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის, რეკომენდაციით მოიპოვა სტიპენდია საზღვარგარეთ; არც იმათ, ვისაც შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სტიპენდიის მოსაპოვებლად პროექტის დაწერაში ვეხმარებოდი და სამეცნიერო მივლინების შესაძლებლობას ვაძლევდი ფრანკფურტის უნივერსიტეტში; განსაკუთრებით გამიკვირდა ერთი კომენტარი იმ ადამიანისგან, საქართველოში მწერლად რომ არავინ თვლიდა, მე კი ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონში ვიწვევდი, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერ მწერალს, მისი გერმანულად თარგმნილი მოთხრობა გერმანულადვე გამოცემული ქალების ანთოლოგიაში „Techno der Jaguare“ შევიტანე და ნინო ხარატიშვილის გამომცემლობაში გამოვეცი. არც ჩემს იმ კოლეგას ვამადლი, ვისი ძმაც, უცნობი ახალგაზრდა ნიჭიერი ოპერის მომღერალი, ფრანკფურტში გასტროლებზე წავიყვანე, სადაც ფრანკფურტის ინტერნაციონალური თეატრის სცენაზე იმღერა (სხვათა შორის, ახლა ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია გერმანიაში და ძალიან მიყვარს; მის კონცერტებს, თუ საშუალება მაქვს, ახლაც სიამოვნებით ვესწრები ხოლმე). არ გეგონოთ, რომ ვბრაზდები ან გული მწყდება ამ ადამიანთა კომენტარების გამო. მე ამას მეცნიერების პერსპექტივიდან ვუყურებ და ვცდილობ, გავაანალიზო, რამ გააერთიანა #ზიზღიმანანათანდაშვილს კლუბის წევრები, ამდენი შხამი რომ გადმოანთხიეს.

მართალია, კომენტარების ავტორთა უმრავლესობას კარგად მოეხსენება ჩემი „მოღვაწეობის“ ისტორია, მაგრამ მათთვის, ვინც სიტყვა „ღვაწლის“ მნიშვნელობა არ იცის, მინდა ვუთხრა, რომ იმ „სამარცხვინო, უსინდისო, ამბიციურმა, ისტერიულმა, მიზანდასახულმა და უმსგავსო, დაუნდობელმა და სასტიკმა მონათმფლობელმა“ მანანა თანდაშვილმა (სხვათა შორის, ყველა ეს სიტყვა სიძულვილის ენას რომ მიეკუთვნება, ალბათ, იციან ჩემმა კოლეგა ლინგვისტებმა) გერმანიაში ცხოვრების 25 წლის განმავლობაში დააარსა დიასპორული ორგანიზაცია „ქართული კულტურის ფორუმი“, მოაწყო უამრავი კულტურული ღონისძიება (მათ შორის, 2008 წლის „ქართული კულტურის დღეები ფრანკფურტში“, 20 ქართველი მხატვრის 200 ნახატის გამოფენა, კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები), ფრანკფურტში დააარსა საკვირაო სკოლა და ქართული ლიტერატურის სალონი, ჩაატარა 140-მდე ლიტერატურული საღამო და გამოსცა გერმანულად თარგმნილი ქართული ლიტერატურის 21 წიგნი. ამ „მონათმფლობელი“ ქალბატონის ოჯახში წლების განმავლობაში იკრიბებოდნენ ქართველი მეცნიერები, მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები. მოკლედ, 20 წლის განმავლობაში ეს იყო მანანა თანდაშვილის სალონი – ქართული კულტურის პატარა ინტელექტუალური კუნძული. ვინც მაინც არ დაეთანხმება ჩემს „ღვაწლს“, მაშინ ვურჩევ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ეს ჩანაწერი წაიკითხოს: ღვაწლ-ი (ღვაწლისა) საზოგადო, საქვეყნო საქმისათვის გაწეული შრომა, – ამაგი, სამსახური.

ახლა დავუბრუნდეთ ძირითად თემას, რის გამოც ატყდა ეს „აურზაური არაფრის გამო“. როგორც მივხვდი, არც მარინე ბერიძეს და არც მისი პოსტის კომენტარების ავტორებს არ წაუკითხავთ ჩემი ინტერვიუ „კვირის პალიტრაში“: „პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ხორციელდება მეცნიერების დემოკრატიზაცია“. ამიტომ მათ და იმათაც, ვისაც წაკითხულის შინაარსის გაგების პრობლემა აქვს, მინდა განვუმარტო ჩემი ინტერვიუდან ერთი პასაჟის შინაარსი და მოვიყვანო ციტატა:

„მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ გასაოცარი სამეცნიერო მიღწევებისა და „გარღვევებისა“, რამაც ქართული მეცნიერება საერთაშორისო ასპარეზზე ხილვადი გახადა, ქართული სამეცნიერო საზოგადოება ადაპტაციის მძიმე პერიოდს განიცდის. აქ მე ვგულისხმობ სამეცნიერო მორალისა და ეთიკისათვის დაუშვებელ ისეთ ფაქტებს, როგორებიცაა, კვლევისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, რაც აშკარად აისახება აკადემიურობის ხარისხზე, სამეცნიერო კეთილსინდისიერების რღვევა, რაც გამოიხატება სხვისი ნაშრომების ციტირების გარეშე გამოყენებაში, უკვე არსებული კვლევების კომპილაციის გზით მათი უცხო ენაზე გამოქვეყნებაში, იმ იმედით, რომ გლობალიზაციის პირობებში ამგვარი შემთხვევების დაფიქსირება სამეცნიერო ნაშრომთა ოკეანეში ძნელი აღმოსაჩენი იქნება. მეტიც, ზოგჯერ ხდება სამეცნიერო ხარისხის მითვისება და ტიტულების გაყალბებაც კი, რაც მათ საშუალებას აძლევს დაფიქსირდნენ ექსპერტების სტატუსით. თითქოს წარმოუდგენელი უნდა იყოს დღეს, ციფრული ინფორმაციის საყოველთაობის ფონზე, სამეცნიერო რეგალიების გაყალბების მცდელობა, მაგრამ არის პროფესორის ტიტულის თვითნებული მიწერისა და სამეცნიერო ინსტიტუციებთან ამგვარ „პროფესორთა“ არასწორი აფილაციის შემთხვევებიც. ამგვარი ქმედება მიუტევებელია სამეცნიერო საზოგადოებისათვის, თუმცა ორმაგად საზიანოა და დაუშვებელი, როდესაც იგი სცდება სამეცნიერო სფეროს და იქცევა პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებად.“

სამწუხაროა, მაგრამ სამეცნიერო მორალისა და ეთიკისათვის მიუღებელი ყველა აქ ჩამოთვლილი შემთხვევა რეალური ფაქტია ქართულ სამეცნიერო სივრცეში, რომლის მოწმე ვართ ყველანი, მაგრამ ამაზე მხოლოდ ზურგსუკან ქირქილებენ, არავინ საუბრობს ამის შესახებ ღიად.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რას ვგულისხმობდი, მე ერთი ბოლოდროინდელი კონკრეტული ფაქტი დავასახელე და მოვიყვანე მარინე ბერიძის გამოსვლის ტექსტიდან ციტატა („ერთ-ერთი წევრი ჩვენი თანაავტორებისა … გახლავთ ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი ზაქარია ფურცხვანიძე, ზუსტად ეს მიმართულება მიჰყავს მას და…“) და აღვნიშნე, რომ „ამ განცხადებამ ჩვენი, სამეცნიერო საზოგადოების გაოცება (თუ არა აღშფოთება) გამოიწვია, ვინაიდან ზაქარია ფურცხვანიძე არც ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორია და არც აღნიშნული „მიმართულება“ არ მიჰყავს ფრანკფურტის უნივერსიტეტში. აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ამ ჯგუფის სამეცნიერო რეპუტაციას, არამედ საფრთხეს უქმნის ქართული სამეცნიერო სივრცის ევროპულ ინტეგრაციას.“

მათთვის, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაღებული ვიდეო სრულად არ უნახავს, კონტექსტს ავუხსნი და ჩემი ინტერვიუს ზემოთ მოყვანილი პასაჟის პერიფრაზსაც შევთავაზებ. კითხვაზე, თუ რა კომპეტენციის საფუძველზე გამოიტანა ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნები, მარინე ბერიძემ უპასუხა, რომ კვლევაში მონაწილეობდა ოთხი კომპეტენტური ექსპერტი, მათ შორის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი ზაქარია ფურცხვანიძე, რომელიც ამ მიმართულებით (ანუ ტერმინოლოგიაში) მუშაობსო, რაზედაც კითხვის ავტორებმა შეახსენეს, რომ შესწავლილი ჰქონდათ ექსპერტების სამეცნიერო ბიოგრაფიები, სადაც არ დასტურდებოდა შესაბამისი კომპეტენცია. მე სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ ეჭვქვეშ დააყენა ამ ჯგუფის სამეცნიერო რეპუტაცია, შედეგი ვერ მოიტანა და პირიქით, დააზიანა უპირველესი მიზანი – სასამართლოში დაესაბუთებინათ თავიანთი პოზიცია. თუ რატომ უქმნის ეს საფრთხეს ქართულ მეცნიერებას ევროინტეგრაციის კონტექსტში, ამაზე პასუხს ერთი კონკრეტული ფაქტის საფუძველზე გაგცემთ: ზუსტად ერთი წლის წინ ზაქარია ფურცხვანიძემ Frankfurter Rundschau-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც, როგორც სჩვევია, გააყალბა თავისი რეგალიები, გაზეთის რედაქციას, სიყალბე რომ გამოვლინდა, ბოდიშის მოხდა მოუწია მკითხველებთან. ვისაც არ გჯერათ, შეგიძლიათ აქ იხილოთ:

ვინც გერმანული არ იცის, მათ ქართულად ვუთარგმნი რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ შესწორებას დაშვებული შეცდომის შესახებ: „შესწორება: სტატიის წინა ვერსიაში ეწერა, რომ დოქ. ზაქარია ფურცხვანიძე არის ემპირიული ენათმეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში. ბატონი ზაქარია ფურცხვანიძე 2020 წლამდე იყო გოეთეს უნივერსიტეტის დოცენტი, ამჟამად კი მუშაობს ერთ-ერთი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში. გთხოვთ, მოგვიტევოთ აღნიშნული შეცდომა.“

ტიტულების მუდმივი გაყალბებითა და „შეცდომების გასწორებით“ ღირსეულად რომ ვერ შევალთ ევროკავშირში, მე მგონი, ამის ახსნა არ დამჭირდება.

#ზიზღიმანანათანდაშვილს კლუბის წევრებს მინდა ვკითხო: როდის მერე გახდა სიცრუის ტირაჟირება დასაშვები და სიცრუის მხილება – ეთიკური ნორმის დარღვევა?! ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რომ კიდევ ერთხელ უნდა „გავუცრუო იმედები“ და სიცრუეში „ვამხილო“ პოსტისა და მისი კომენტარების ავტორები. გვარებს არ დავასახელებ, პოსტის ავტორმაც და კომენტარების ავტორებმაც თავად ამოიცნონ დასახელებული ფაქტებიდან, რომელი „ეცნობათ“.

სიცრუე 1: პროფესორის ტიტული შემთხვევით არ წამოსცდენია არც პოსტის ავტორს და არც ზოგიერთ მის გულშემატკივარს: დაახლოებით 10 წელია მათი წყალობით მიმოქცევაშია ქართულ მედიებში „ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი ზაქარია ფურცხვანიძე“.
ცრუობს პროფესორის ტიტულის არმქონე მეცნიერიც, როდესაც ამბობს, რომ ბევრჯერ გააფრთხილა ქართველი კოლეგები, რომ არ გამოეყენებინათ მასთან დაკავშირებით ეს ტიტული. ქართული ინტერნეტსივრცე სავსეა ჩანაწერებით, რომელიც საპირისპიროს ადასტურებს. შეგიძლიათ ამ სატელევიზიო გამოსვლას უყუროთ გადაცემაში “დღის კოდი” (ლინკსაც ჩაგიგდებთ: https://www.facebook.com/Dghiskodi.1tv.ge/videos/საქართველო-ევროპის-გზაზე-სტუმარი-ზაქარია-ფურცხვანიძე-ფრანკფურტის-უნივერსიტეტის-პ/475177833563551/), ან გადაცემის ვებგვერდს ეწვიოთ (https://1tv.ge/news_tag/zaqaria-furckhvanidze/).

სიცრუე 2: პოსტის ავტორი ისეთი დარწმუნებული წერს „საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნაო“, რომ ლამის მეც შემეპარა ეჭვი, რამე ხომ არ გამომრჩა-მეთქი. ორი წელია ვცდილობ, დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, რომ გადაიბაროს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგია, რომ ჩემი პენსიაში გასვლის შემდეგ არ გაქრეს ევროპაში ქართველოლოგიური კვლევებისა და სწავლების მძლავრი ცენტრი. ამ ეტაპზე აღნიშნულ ცენტრს საქართველოს უნივერსიტეტი აფინანსებს. პოსტის ავტორი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს: ან შეგნებულად იცრუა, ან „საქართველოს მთავრობა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ ერთმანეთში აერია. ვიმეორებ, ეს საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან ქართველოლოგიის გადარჩენისა და განვითარების სურვილითა და მხარდაჭერით მოხდა და არა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით. ეს პასუხი მათ გასაგონად, ვინც აჩქარებული დასკვნები გამოიტანა, რომ „გამორჩენის“ მიზნით, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გავაკეთე „არასაჭირო აქცენტები“. საქმე ისაა, რომ ამგვარმა უსაფუძვლო და აჩქარებულმა „ინტერპრეტაციამ“ არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნა პატივცემულ მოქალაქეს, რომელმაც სულ „ქოცი თანდაშვილი“ მეძახა. იმ არაერთი კომენტარის ავტორებს, რომლებმაც ჩემი ინტერვიუ პოლიტიკურ სპექტრში გადაიყვანეს, მინდა ვუთხრა და დავამშვიდო: მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შემომთავაზეს, პენსიაში გასვლის შემდეგ არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ, საგანმანათლებლო ან ადმინისტრაციულ პოსტებზე მუშაობას. კვლავაც გავაგრძელებ სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩემ მიერ დაარსებულ დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიაში.

სიცრუე 3: არ და ვერ იქნებოდა საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ნახევარი შტატი რომელიმე მეცნიერისათვის წინასწარ „გარანტირებული“. ძალიან მიამიტი ან გერმანული საგანმანათლებლო სისტემის უცოდინარი უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო. ალბათ ვინმემ ისევ შეცდომაში შეიყვანა ქალბატონი მარინე, ან უფრო უარესი, შეგნებულად გააჟღერა ეს ინფორმაცია, რომელიც, იმავდროულად ბრალდებაც არის ფრანკფურტის უნივერსიტეტის მიმართ. იმედია, პასუხს არ მოსთხოვს აღნიშნული ინსტიტუცია გერმანული კანონმდებლობის შესაბამისი მუხლის მიხედვით.

სიცრუე 4: ერთ-ერთი კომენტარის ავტორ ქალბატონს, როგორც ჩანს, მეხსიერება ღალატობს, როდესაც ამბობს, რომ თედო უთურგაიძემ დამაკავშირა იოსტ გიპერტთან. არა, მეგობრებო, ეს ვახტანგ იმნაიშვილი გახლდათ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი კოლეგა, რომელმაც წერილი გამატანა გიპერტთან, გერმანიაში რომ მივდიოდი.

აქ სიცრუეების გრძელი სია შემიძლია ჩამოვწერო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობრიობა ვერ ცვლის თვისობრიობას და ამდენ სიცრუეს რა ჩამოწერს? ისე, შავით თეთრზე დაწერილი ტექსტის ციტირებისას იტყუება პოსტის ავტორი და ჩემი ზეპირმეტყველების ციტირებისას როგორ უნდა დაუჯეროს კაცმა? კომენტარს არ გავაკეთებ, მის სინდისზე იყოს.

ჩემთან მიმართებით იმდენი „სირცხვილია“, „როგორ არ სცხვენია“ გაჟღერდა, რომ იძულებული ვარ დავაფიქსირო ამ სიტყვის ჩემეული გაგება.

სირცხვილი იცი რა არის, მარინე? სირცხვილია, ქართულ საზოგადოებას თავს რომ აწონებდით warm up session-ზე წარმატებით წარდგენილი პროექტის გამო! ეს არის სირცხვილი. მერე, იმ კოლეგებს, რომლებმაც იციან ინგლისური და warm up session-ის მნიშვნელობა, ეჭვი რომ შეეპარათ და კითხვები გაუჩნდათ, კი მაგრამ, სად იყავით, პროგრამა ვერ ვიპოვეთო, ღმერთის და რჯულის ფიცება რომ მოგიწია, ნამდვილად ვიყავით კონფერენციაზეო, ეს არის სირცხვილი! მაშინ არ ჩავრეულვარ იმ „უბედურებაში“ ფეისბუქზე რომ ხდებოდა, ღირსება შეგინახეთ. ახლა უბრალოდ იძულებული ვარ, ღიად გითხრათ: სწორედ ასეთი არასწორი სამეცნიერო კომუნიკაცია არის მიუღებელი ღია მეცნიერების ევროპული სტანდარტისათვის. ამიტომ ორმაგი სირცხვილია ის, როდესაც ქართული საზოგადოება არ იმჩნევს სიცრუეს და ამ ტყუილში ცხოვრობს, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც იტყუება. სხვანაირად არ მესმის და ვერ ამიხსნია, რას იცავენ, რატომ ღელავენ და შფოთავენ ასე, რატომ მამუნათებენ სიმართლის თქმისთვის? ამას ჰქვია – „სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“. მე გითხარით და წავალ ჩემს გზაზე. არ გინდათ ბატონებო დაჯერება? ნუ დაიჯერებთ, იცხოვრეთ ტყუილში, ოღონდ „ასე ვერ გავფრინდებით“, ანუ ქართული მეცნიერების ევროინტეგრაცია ძალიან რთული პროცესი იქნება.

რაც შეეხება კომენტარების ავტორებს, რომლებიც მორალს მიკითხავენ და „აღშფოთებული არიან“ ჩემი „ამორალური“ საქციელით, მინდა გავახსენო შორეულ და ახლო წარსულში მომხდარი რამდენიმე ფაქტი (ასეთი ბევრი იყო). გახსოვთ თავად როგორ „აბეზღებდით“ ქართული ეროვნული კორპუსის შემქმნელებს (ანუ ფრანკფურტის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფს) საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტში მიწერილ წერილში როგორ უწოდებდით იოსტ გიპერტს საეჭვო კომპეტენციის მეცნიერს, ქართული ენის ეროვნულ კორპუსს კი – მკვდრად შობილ ყუთს? სხვათა შორის, ეს წერილი, ავტორის ხელმოწერით, პარლამენტიდან ჩვენ გადმოგვიგზავნეს მაშინ, რომ იქ დასახელებულ ბრალდებებზე გვეპასუხა. ამასწინათ შემთხვევით ისევ ვიპოვე ახალ ბინაში გადასვლის დროს და შევინახე, ისე, მემუარებისთვის.

ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო კიდევ, რომელმაც ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო ქართული მეცნიერება უცხოეთში. როგორც იცით, არაერთი სამეცნიერო ფონდის ექსპერტი ვარ და ყოველთვის ვცდილობდით მეც და ევროპელი ქართველოლოგებიც, ქართული მეცნიერების ინტერესები დაგვეცვა, გადაგვერჩინა ის პროექტები, რომლის განხორციელებაც საქართველოსათვის, უცხოელი ექსპერტების თვალსაზრისით, არცთუ იშვიათად, გაუგებარი ან არარელევანტური იყო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ერთი პანელის სხდომაზე საგანგებო დისკუსიის საგნად იქცა ერთი ჩემი კოლეგის პროექტი (რომელიც იოსტ გიპერტის სამ პროექტში მონაწილეობდა), რომელშიც ავტორს იოსტ გიპერტის გვარი არასასურველ ექსპერტთა სიაში ჰქონდა შეტანილი (ანუ აცილება მისცა მას), თუმცა ქვემოთ კომპეტენციის ველში ამტკიცებდა, მაღალი კომპეტენცია მაქვს ამ საკითხში მიღებული, ფრანკფურტის უნივერსიტეტში გიპერტის პროექტებში ვმონაწილეობდიო. როგორ ფიქრობთ, როგორი ასახსნელი უნდა ყოფილიყო ეს არაეთიკური საქციელი ევროპელი კოლეგებისთვის? თუმცა, ყველაფერი გავაკეთე მაშინ იმისათვის, რომ პროექტი გადამერჩინა და დაფინანსებულიყო, ვინაიდან პროექტი მართლა იმსახურებდა მაღალ შეფასებას, რისი დამტკიცებაც საბედნიეროდ შევძელი. ალბათ, ამას გულისხმობდა მარინე ბერიძე „პროფესიულ პროსტიტუციაში“. ისე, გულწრფელად უნდა ვთქვა, ნამდვილად არ მახსოვს მეხმაროს ასეთი გამოთქმა, ზოგადად არ მახასიათებს ამგვარი ვორდინგი.

მეგობრებო, პრობლემა იცით რაშია? სამეცნიერო კომუნიკაციისა და კულტურის არქონაში (მიაქციეთ ყურადღება: სამეცნიერო კომუნიკაციისა და კულტურის არქონა და არა სამეცნიერო კომპეტენციის არქონა), რომელიც მიუღებელია ღია მეცნიერების პრინციპებისათვის. (ვინც ჯერ არ გაცნობია ამ დოკუმენტს, შეუძლია მობრძანდეს თსუ-ში, 11 ოქტომბერს, და მოისმინოს ჩემი მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე სააქტო დარბაზის ფოიეში).

რაც შეეხება „მონათმფლობელობას“ და ჩემს „მონებს“, თუ კოლეგიალური დახმარება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, რომელიც არასოდეს მენანებოდა ჩემი კოლეგებისათვის, თუ მთელი ჩემი მცდელობა, გამეზარდა ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, ევროპული ღირებულებებისა და სამეცნიერო ეთიკის მქონე ახალგაზრდა ქართველოლოგები, თუ ის სტუდენტები, რომლებიც ჩემ მიერ დაარსებულ საზაფხულო სკოლებში გაიზარდნენ და გასულ წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის საერთაშორისო სიმპოზიუმზე „დიგიტალური კავკასიოლოგია -პარადიგმების ცვლა?“ შთამბეჭდავი მოხსენებებით წარდგნენ, „ჩემს მონებად“ მიგაჩნიათ, მაშინ თანახმა ვარ მიწოდოთ „სამარცხვინო, უსინდისო, ამბიციური, ისტერიული, მიზანდასახული და უმსგავსო, დაუნდობელი და სასტიკი მონათმფლობელი“. არ მეწყინება!

მარინე ბერიძესა და ზაქარია ფურცხვანიძეს კი მინდა ვუთხრა: თქვენი ლინგვისტური კომპეტენცია არ დამიყენებია ეჭვქვეშ, თქვენი არაეთიკური საქციელია მიუღებელი ჩემთვის. ამიტომ დაჟინებით გთხოვთ: მიჩივლეთ, თუ შეიძლება, მიჩივლეთ! მე რომ არ მომიწიოს მომავალში უღირსი ფაქტების გაჟღერება, იქნებ იურიდიულ დონეზე მაინც გაცხადდეს სიმართლე, რომ მავანმა და მავანმა, წამებულის და დაჩაგრულის ქურქი არ წამოისხას და თავი არ შეაცოდოს საზოგადოებას, „მონათმფლობელი“ და „საზიზღარი“ მანანა თანდაშვილის საცოდავი მსხვერპლი ვარო. იქნებ ოდესმე ისწავლოს ვინმემ ამ მაგალითით და მიხვდეს, რომ ასეთი მორალით ქართული მეცნიერების ევროინტეგრაცია ვერ განხორციელდება.

დამატება ჩემი შვილების საკითხით დაინტერესებული პირებისათვის: ჩემი ქალიშვილი, ანუ მარიამ ყამარაული, ალბათ თავად გასცემს მარინე ბერიძეს პასუხს მის მიმართ გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით. ისე, ერთი რამ მაკვირვებს მხოლოდ, როდის მერე უკვირს ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას მეცნიერთა ორი თაობის არსებობა ერთ ოჯახში იმ ქვეყანაში, სადაც აკაკი და მზექალა შანიძეები, ივანე და ვახტანგ იმნაიშვილები, დამანა მელიქიშვილი და ანა ხარანაული, მერი ცინცაძე და მაია ბარამიძე და სხვა, ერთი ოჯახიდან გამოსული მეცნიერები მოღვაწეობდნენ და ქმნიდნენ ქართულ მეცნიერებას?!

ისე, მეორე ქალიშვილიც მყავს, არანაკლებ წარმატებული – ანასტასია ყამარაული, რომელიც პოლიტოლოგი არის და ქართული პოლიტიკური ტექსტების ციფრული ტექნოლოგიებით დამუშავების საკითხებზე მუშაობს. მასაც ეს ბედი ელის? მორალურად მოვემზადოთ? სხვათა შორის, ეს ის ქალიშვილია, რომელმაც 18 წლის ასაკში თარგმნა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, 12 წიგნი აქვს გერმანულად თარგმნილი და გამოცემული, ორჯერ იყო ნომინირებული საბას ლიტერატურულ პრემიაზე, 100-ზე მეტი ლიტერატურული საღამოს მოდერატორი და მთარგმნელი იყო გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში და ა.შ. ეს ისე, ბევრი რომ არ ეძებოთ, ჩემი შვილების გალანძღვას თუ დააპირებთ.

ჩემს ზოგიერთ კოლეგას კი მინდა ვკითხო, ბოდიში ხომ არ მოგიხადოთ, რომ ნიჭიერი და წარმატებული შვილები გავუზარდე საქართველოს?

ამასობაში ვრცელი ტექსტი დამიწერია. თუმცა, მაინც ვერ გავარკვიე, რას გულისხმობდა ერთ-ერთი კომენტარის ავტორი: რატომ ვერავინ შეძლო ამ ქალის გაჩერებაო. ხომ ვერ ამიხსნით, ჩემი რომელი მიმართულებით მოღვაწეობის „გაჩერებას“ გულისხმობდით?

 

პატივისცემით,

მანანა თანდაშვილი

ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის საპატიო მოქალაქე