ვინაიდან მარინე ბერიძის ინტერვიუში, რომელიც 7 ოქტომბერს news-ge-ში გამოქვეყნდა, კვლავ გაგრძელდა ფაქტების დამახინჯება და დეზინფორმაციის გავრცელება, იძულებული ვარ პასუხი გავცე მარინე ბერიძეს მის ინტერვიუში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციების გამო.
ინტერვიუში მეცნიერი საუბრობს იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც, როგორც თავად აღიარებს, ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია. ჟურნალისტის შეკითხვაზე „ქალბატონო მარინა, საინტერესოა როგორ ხდება ფრანკფურტში არსებული ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის არჩევა?“ ნახეთ, რას პასუხობს: „ეს ცენტრი თუ პოზიცია, როგორც ვიცი, იქმნება საზღვარგარეთ ქართველოლოგიური მიმართულების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით. პროგრამას პირობითად ვამბობ, თორემ მაინცდამაინც ბევრი რამ მის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ძირითადად, ფრაგმენტული ინფორმაცია მაქვს. არ ვიცი, კონკრეტულად რომელი უწყება კურირებს ამ საქმეს. ერთადერთი, რაც ვიცი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით (თუ თანადაფინასებით) იქმნება 0,5 საშტატო ერთეული ფრანკფურტში. პოზიცია საკონკურსოა. ამ კონკურსს თავად გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიულ კვლევათა ინსტიტუტი ატარებს. სხვა ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ არა მაქვს. ვფიქრობ ამ კუთხით თქვენს ინტერესს უფრო ოფიციალური ინსტიტუციები უპასუხებენ.“
ერთი შეკითხვა მაქვს მარინე ბერიძესთან: თუ არ იცის ცენტრია თუ პოზიცია, არ იცის, ვინ აფინანსებს და დაფინანსებაა თუ თანადაფინანსება და არც საკითხის ისტორიას არ იცნობს (ანუ არაფერი იცი თემასთან დაკავშირებით), რატომ პასუხობს კითხვაზე და რატომ ავრცელებს მცდარ ინფორმაციას? ხომ შეიძლებოდა ამ შეკითხვაზე გეპასუხა ის, რითიც დაასრულე პასუხი: „ვფიქრობ, ამ კუთხით თქვენს ინტერესს უფრო ოფიციალური ინსტიტუციები უპასუხებენო“. ცოტა უხერხულია მეცნიერისაგან ასეთი ფორმულირების გამოყენება: მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ პეტრე არის პავლე.
მცდარი ინფორმაცია შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან:
- ეს „ცენტრი თუ პოზიცია“, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ იქმნება საზღვარგარეთ ქართველოლოგიური მიმართულების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით. ეს განცხადება დეზინფორმაციაა.
- ეს „ცენტრი თუ პოზიცია“ არც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით (თუ თანადაფინასებით) იქმნება. ესეც დეზინფორმაციაა.
თუ „მაინცდამაინც ბევრი რამ მის (ცენტრის თუ პოზიციის) შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის“ და მარინე ბერიძესაც მხოლოდ „ფრაგმენტული ინფორმაცია“ აქვს, მაშინ ამ „ინფორმაციის“ გაჟღერების მიზანი რა იყო? დეზინფორმაციის გავრცელება?!
დეზინფორმაცია არ არის, მაგრამ ფაქტობრივი უზუსტობაა, რომელზედაც მინდა მივუთითო მარინე ბერიძეს: კონკურსს ატარებს ინსტიტუტი, რომლის სახელია არა გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიულ კვლევათა ინსტიტუტი, არამედ ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ეს ხომ მაინც უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც ორი ათეული წელია თანამშრომლობს ამ ინსტიტუტთან?
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზედაც „კვირის პალიტაში“ გამოქვეყნებულ ჩემს ინტერვიუში ვსაუბრობდი: ფაქტებისადმი და კვლევისადმი ზედაპირული დამოკიდებულება და დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია თანამედროვე ევროპული მეცნიერებისათვის. ამიტომ მანიპულაციად მიმაჩნია მარინე ბერიძის მცდელობა ფრანკფურტის უნივერსიტეტში ცენტრის სახელმწიფო დაფინანსების მოტივით საზოგადოება დააჯეროს „რუსული კანონის“ ჩემს სრულიად აშკარა მხარდაჭერის მცდელობაში, რის გამოც სოციალურ ქსელებში უკვე „ქოცი თანდაშვილის“ სახელით მომიხსენიებენ.
არადა, აღნიშნული ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტმა დააფინანსა ევროპაში ქართველოლოგიური კვლევების ხელშეწყობისა და შემდომი განვითარების მიზნით. ამაზე რას იტყვის ჩემი კოლეგა? ახლა რომელ პარტიას მიმაკუთვნებს? განა მისი და მისი თანამოაზრეების მცდელობა, პოლიტიკურ სპექტრში გადაიყვანონ ის საკითხი, რომელიც მეცნიერული კეთილსინდისიერებისა და ღია მეცნიერების კონტექსტში სამეცნიერო კომუნიკაციის სტანდარტებთან ადაპტაციას ეხებოდა, პოლიტიკური მანიპულაციის შემთხვევა არ არის?
ევროინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ღირებულებების აღიარებას გულისხმობს. მეცნიერებაში ეს ნიშნავს მეცნიერული კეთილსინდისიერებისა და სამეცნიერო კომუნიკაციის სტანდარტის უპირობო დანერგვას. სამწუხაროდ ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი ძალიან შორს არის ამ სტანდარტისაგან.