საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერები, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერთა დიგიტალური შესწავლა
აბსტრაქტი: კ. კეკელიძის სახელობის თბილისის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქართული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ძირითადი საგანძურის მფლობელია. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრში დაცული პალიმფსესტური ხელნაწერები, რომელთა რაოდენობა 10 000 ფურცელზე მეტს შეადგენს. სტატიაში წარმოდგენილია თბილისის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ქართული პალიმფსესტების კატალოგი, რომელიც სრულად აღწერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ პალიმფსესტურ ხელნაწერებს. კატალოგის შინაარსის ზოგადი მიმოხილვის გარდა სტატიაში მოცემულია ახალი ინფორმაცია დღემდე დაუდგენელი ტექსტების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. პალიმფსესტური ხელნაწერების იდენტიფიცირება და ტექსტის დადგენა შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ, TITUS-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებითა და მეორე მხრივ, Thesaurus Linguae Graecae-ის ბერძნული რესურსების ანალიზზე დაყრდნობით.
საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერები, არამეული ტექსტები, ხელნაწერთა დიგიტალური დამუშავება
აბსტრაქტი: პალესტინელ ქრისტიანთა მიერ არამეულ ენაზე შესრულებული არაერთი ხელნაწერი, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის მე-5–მე-7 საუკუნეებით თარიღდება, დაშლილი და ახალი ქართული ტექსტების შესაქმნელად საწერ მასალად ხელახლა გამოყენებულ იქნა, მათ შორის მე-10 საუკუნის ქართველი მწიგნობრის იოანე ზოსიმეს მიერ. არამეული ხელნაწერების დაშლის შედეგად მიღებულ პალიმფსესტურ ფურცლებზე ქართული ხელნაწერი იოანე ზოსიმეს უნდა გადაეწერა ან იერუსალიმის მახლობლად მდებარე საბაწმინდის ლავრაში, ან სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში, სადაც ის მოღვაწეოდა. იოანე-ზოსიმეს გადაწერილი ხელნაწერი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაანაწევრეს და მისი დიდი ნაწილი გაიტანეს სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრიდან. ხელნაწერის ნაწილები ევროპასა (სანკტ-პეტერბურგში, გოტინგენში, ოსლოში) და ამერიკაში (პრინსტონში) იქაურ საჯარო და კერძო კოლექციებში მოხვდა, სინის მთაზე დარჩენილი ნაწილი კი, რომლებიც წმ. გიორგის კოშკის დახურულ საცავში ინახებოდა, 1975 წელს სხვა ხელნაწერებთან ერთად იქნა აღმოჩენილი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ხელნაწერის ცალკეული ფურცლები და ფრაგმენტები, ფრაგმენტების კოდიკოლოგიური მახასიათებლებისა და შინაარსის გათვალისწინებით, დღეისათვის დიგიტალურად პირვანდელი სახით არის აღდგენილი და „გამთლიანებული“. პალიმფსესტის ქვედა ფენა მოიცავს იშვიათი ტექსტების მთელ რიგს, მათ შორის, იერუსალიმის ლექციონარის უძველეს ვერსიას, კირილე იერუსალიმელის სწავლანი, ფსევდო-ეფრემ ასურის (Ephrem Graecus) ქადაგებას „მეორედ მოსვლისათვის უფლისა“ (Sermo in adventum Domini), იოანე ოქროპირის ჰომილიას სინანულის შესახებ და წმინდა სილოვანეს გამონათქვამებს აპოფთეგმებიდან.
საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერები, ხელნაწერთა დიგიტალური დამუშავება, გრაცის სინური პალიმფსესტი
აბსტრაქტი: გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია ერთი სინური ხელნაწერი, რომელიც თავიდან ბოლომდე პალიმფსესტურია (282 ფურცლიდან მხოლოდ ოთხი, 1–4 ფურცლები არ წარმოადგენს პალიმფსესტს). პალიმფსესტის ქვედა ფენის ტექსტი, რომელიც სომხური ასოებით არის შესრულებული, ზემოდან ქართულად არის გადაწერილი ქართული ტექსტით, კერძოდ ფსალმუნების წიგნისა და ბიბლიური კანტიკის ტექსტით. თავდაპირველი ხელნაწერის ხელახალი მომზადება ახალი ხელნაწერის შესაქმნელად (ხელნაწერის გაპალიმფსესტება), სავარაუდოდ, სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში უნდა განხორციელებულიყო VIII–IX საუკუნეების ზღვარზე. ის ოთხი ფურცელი, რომლებიც არ არის პალიმფსესტური, წიგნს, სავარაუდოდ, X საუკუნის მეორე ნახევარში დაურთო იოანე ზოსიმემ. წინამდებარე სტატია აჯამებს იმ კვლევას, რომელიც 2015 წელს გერმანულად გამოაქვეყნა ავტორმა პალიმფსესტის ქვედა, გადაშლილი ფენის სომხური ტექსტის შესახებ. სტატიაში შეჯამებულია თავდაპირველი ხელნაწერის (“პირველადი” წიგნის) კოდიკოლოგია, ნაჩვენებია ხელნაწერის გაპალიმფსესტებისას გამოყენებულ პროცედურა და განხილულია ქვედა ფენის ტექსტის ყველაზე საინტერესო ნაწილები შინაარსობრივი თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: ძველი ქართული, ქართული ხელნაწერების დიგიტალური დამუშავება, პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია
აბსტრაქტი: ციფრულმა ეპოქამ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და დიდი მონაცემთა ბაზების შექმნამ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მრავალ დარგში, მათ შორის, ხელნაწერთმცოდნეობის სფეროშიც. ძველ ხელნაწერთა ფოტო- და მიკროფილმებზე ფიქსაცია ხელნაწერთა დიგიტალიზაციამ შეცვალა, რამაც შესაძლებელი გახადა მაღალი ხარისხის ციფრული ფოტოასლების მიღება, რომლებიც ხელნაწერთა პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური თვალსაზრისით შესწავლისთვის სანდო წყაროდ იქცა. ამ საქმეში გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში პროფესორ იოსტ გიპერტის მიერ ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობით განხხორციელებული პროექტები, როგორიცაა TITUS, ARMAZI, SAXAREBA PROJECT, GeoPal და სხვ. საფუძველი ჩაუყარეს ქართული ენის წერილობითი ძეგლების ელექტრონულ დოკუმენტირებას, რომელთა მიზანი ქართული წერილობითი ძეგლების პირველწყაროების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ძველი ქართული ხელნაწერების დიგიტალიზაცია იყო. სწორედ ამ პროექტების ფარგლებში გახდა შესაძლებელი სინის მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერების დიდი ნაწილისა და ათონის მთაზე, ივირონის მონასტერში არსებული ხელნაწერების კოლექციის სრულად დიგიტალიზირება. წინამდებარე სტატიაში ნაჩვენებია ციფრული ფოტოების მნიშვნელობა კოდიკოლოგიური და ტექსტური კვლევებისთვის ათონის ორი ხელნაწერის (Ivir.georg. 62 და Ivir.georg. 83) მაგალითზე, რომლებიც შეიცავს სახარების ძველქართულ თარგმანს. ასევე განხილულია ამ ხელნაწერების ციფრული ფოტოების შესწავლის შედეგად მიღებული მოსაზრებები, რომლებიც ახალ პერსპექტივებს უხსნის სახარების ქართული თარგმანის ისტორიის შემდგომ შესწავლას.
საკვანძო სიტყვები: მარჯორი უორდროპი, მ. უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ლექსიკოგრაფია, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“
აბსტრაქტი: უცხოელი ქართველოლოგების თანავარსკვლავედში განსაკუთრებული ადგილი უკავია მარჯორი უორდროპს (1869-1909). მისი ხანმოკლე სიცოცხლის დიდი ნაწილი საქართველოს უკავშირდება, კერძოდ კი „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას და მას საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ამ უდიდესი ღვაწლის გამო იცნობენ და აფასებენ. ბოლო დრომდე ცოტა რამ იყო ცნობილი მ. უორდროპის ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შესახებ, რასაც დეტალურად განვიხილავ ამ სტატიაში. მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფიული მასალების შესახებ პირველი ინფორმაცია ქართულ სამეცნიერო სივრცეში 1998 წელს გამოჩნდა, როდესაც პროფესორმა მარიკა ოძელმა გამოაქვეყნა მონოგრაფია ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიის შესახებ (ოძელი 1998). ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში მუშაობისას, მან მიაგნო მარჯორის დაუსრულებელი „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ხელნაწერს, რომლის ფოტოასლების საფუძველზე ლექსიკონი გაციფრდა და ორენოვანი ინგლისურ-ქართული კომენტარებით გამოქვეყნდა 2019 წელს მ. უორდროპის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად (მარგალიტაძე, ოძელი 2019). მიუხედავად იმისა, რომ მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ დაუსრულებელია, მისი შესწავლა მრავალი თვალსაზრისით აღმოჩნდა საინტერესო. ლექსიკონის დონეზე ცალკეული ქართული სიტყვებისა და მათი ინგლისური ეკვივალენტების ანალიზმა და შედარებამ „ვეფხისტყაოსნის“ შესაბამის სტროფებთან, თვალნათლივ წარმოაჩინა მთარგმნელის სათუთი დამოკიდებულება ქართული ენისადმი. აღსანიშნავია, რომ მარჯორის ეს საოცარი ნიჭი ქართული სიტყვის აღქმისა, ვლინდება „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის საწყის ეტაპზე, როდესაც იგი ჯერ კიდევ გამოუცდელია როგორც მთარგმნელი. ცხადია, წლებმა მოიტანა დიდი ოსტატობა, რამაც, დიდ ნიჭთან და ქართული სიტყვის სიღრმისეული წვდომის უნართან ერთად, მარჯორი უორდროპს შეაქმნევინა ქართული პოემის სრულიად უნიკალური თარგმანი. ამ ნაშრომს დღესაც ვერ შეედრება პოემის ვერც ერთი მომდევნო ეპოქებში შექმნილი ინგლისური თარგმანი. სწორედ ასეთი სიზუსტის გამო იქცა მარჯორის თარგმანი „ვეფხისტყაოსნის“ სხვა ენებზე შექმნილი არაერთი თარგმანის საფუძვლად.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, დიგიტალური ლექსიკოგრაფია, პროგრამული ინსტრუმენტი „ლექსიკოგრაფი“
აბსტრაქტი: ლექსიკოგრაფიული მუშაობა თანამედროვე მეცნიერებაში ორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ენობრივ კორპუსებზე დაფუძნებული ლექსიკონების შედგენა და ლექსიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა. ერთ-ერთ ამგვარ ინსტრუმენტს წარმოადგენს პროგრამა „ლექსიკოგრაფი“, რომელიც შეიქმნა „ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფში“. „ლექსიკოგრაფი“ უზრუნველყოფს ლექსიკოგრაფიული სამუშაოების წარმართვას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლექსიკონების მომზადება და გამოცემა. ამ პროგრამის საშუალებით შექმნილია ქართული ენის სასწავლო განმარტებითი ლექსიკონი – „ქართული ლექსიკონი“, რომელიც გამოიცა ორი განსხვავებული ფორმატით: 1. ბეჭდური – „ქართული ლექსიკონი“ (თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014) და 2. ელექტრონული – https://www.ganmarteba.ge/ (2019). პროგრამა „ლექსიკოგრაფი“ შედგება ორი ნაწილისაგან: მონაცემთა ბაზის რედაქტორისა და ფორმატის რედაქტორისაგან. მას აქვს აგრეთვე სპეციალური ფუნქცია სამუშაოს ადმინისტრირებისათვის. მონაცემთა ბაზა ეფუძნება სალექსიკონო სტატიის კონცეპტუალურ მოდელს: განისაზღვრა სტატიის სტრუქტურული ერთეულები (კომპონენტები) და მათი ურთიერთმიმართება. კერძოდ, გამოიყო შემდეგი კომპონენტები: განმარტება, ილუსტრაცია, მეტყველების ნაწილი, ფუნქციონირების სფერო, დარგი და სხვ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამგვარი მონაცემთა ბაზები არის კარგი საშუალება სამეცნიერო კვლევებისათვის; შესაძლებელია მონაცემთა კლასიფიკაცია სხვადასხვა გრამატიკული თუ სემანტიკური ნიშნის მიხედვით და, რაც მთავარია, პროგრამა იძლევა ამ მონაცემთა სტატისტიკური კვლევის საშუალებას. ფორმატის რედაქტორი უზრუნველყოფს ლექსიკონის ფორმატის შექმნას. შე-საძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: სექციების ან კომპონენტების დალაგება ნებისმიერი თანამიმდევრობით, თითოეულ ველში განთავსებული ინფორმაციისათვის სხვადასხვა სტილის მინიჭება (შრიფტის ზომა, ფერი…), თითოეულ ველში განთავსებული ინფორმაციის წინ სპეციალური სიმბოლური ნიშნების ჩასმა და ა. შ. პროგრამა „ლექსიკოგრაფი“ ასევე ხელს უწყობს ლექსიკონის მარტივ ადმინისტრირებას. ის ატვირთულია ინტერნეტში. აქედან გამომდინარე, ლექსიკოგრაფებს აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ ადგილას იმუშაონ ლექსიკონთან. სპეციალური ფუნქციის გამოყენებით მათ შეუძლიათ განახორციელონ სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა. პროგრამა „ლექსიკოგრაფი“ განკუთვნილია უნივერსალური ინსტრუმენტის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციის ლექსიკონების სტრუქტურულ თავისებურებებს. ეს უნივერსალური ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს ახსნა-განმარტებითი, მთარგმნელობითი, ორთოგრაფიული და სხვა სახის ლექსიკონების შედგენას, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
საკვანძო სიტყვები: ადნომინალური ნათესაობითი (Suffixaufnahme), მარი ბროსე, ანტონ I, დიაქრონიული კვლევა
აბსტრაქტი: ქართული ენის დიაქრონიული კორპუსები, რომლებიც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა და სამეცნიერო მიმოქცევაშია შესული (TITUS-ის ქართული ენის კორპუსი, ქართული ენის ეროვნული კორპუსი GNC), საშუალებას იძლევა საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ ძველ ქართულ ენაში დადასტურებული ერთი-ერთი ფენომენი, რომელიც სახელური ფლექსიის ყველაზე ცნობილ მახასიათებელს წარმოადგენს, კერძოდ, ადნომინალური ნათესაობითის ფორმების პოვნიერება ძველი ქართულის ტექსტებში, რომელშიც მსაზღვრელად გამოყენებული არსებითი სახელი (დეგენეტიური ფორმა) განვრცობილია მის მიერ განსაზღვრული მთავარი არსებითი სახელის ბრუნვის დაბოლოებით. ეს ფენომენი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, როგორც „Suffixaufnahme“. წინამდებარე ნაშრომში, რომელიც აღნიშნული თემისადმი მიძღვნილი გამოკვლევების სერიის პირველ ნაწილს წარმოადგენს, განხილულია ქართველოლოგიაში ფრანგი მეცნიერის მარი ფელისიტე ბროსეს მიერ შემოტანილი ფენომენის „Suffixaufnahme“- ს ისტორია. როგორც ბროსეს 1830 წლებს გამოცემული ორი ნაშრომის დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, თავად ბროსე თავის ნაშრომებში დიდწილად ეყრდნობოდა ქართველი კათოლიკოსის ანტონ I-ის ტრაქტატს “თჳს ჴელოვნებისა ღრამმატიკოსობითისა”, და შესაბამისად, სწორედ ანტონ კათოლიკოსი უნდა ჩაითვალის „Suffixaufnahme“-ს აღმომჩენად; გარდა ამისა, ბროსეს მიერ მოყვანილი მაგალითების უმეტესობა აღებულია არა მხოლოდ ანტონ I-ის ნაშრომიდან, არამედ იმ ხელნაწერებიდანაც, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მარი ბროსესათვის საფრანგეთის სამეფო (ამჟამად ეროვნულ) ბიბლიოთეკაში. საკითხის დაწვრილებითმა შესწავლამ გვიჩვენა ის ხარვეზები, რომელიც მარი ბროსეს ნაშრომში გვხვდება აღნიშნული ფენომენის განხილვასთან დაკავშირებით. სტატიაში განხილულია აღნიშნული ხარვეზის გამომწვევი ფაქტორები, კერძოდ, ნაჩვენებია, რომ „Suffixaufnahme“-ს გამოყენების ზუსტი წესების დადგენას აფერხებდა ის გარემოება, რომ იმ პერიოდისათვის ძველი ქართული ენა მკაფიოდ არ იყო გამიჯნული ქართული ენის შემდგომი ეტაპებისაგან და შესაბამისად, საილუსტრაციოდ გამოყენებული მასალა ხშირ შემთხვევაში სრულიადაც არ მიეკუთვნებოდა იმ პერიოდს, რომლის დროსაც „Suffixaufnahme“-ს გამოყენება ქართული გრამატიკის თანმიმდევრული მახასიათებელი იყო.
საკვანძო სიტყვები: ქართველური ენები, ლინგვისტური ანოტაცია, მორფემათა ანალიზის სტანდარტიზაცია
აბსტრაქტი: მორფემული ანალიზის საერთაშორისო სტანდარტის მიღებამ კვლევის ახალ პერსპექტივები შეუქმნა მორფოლოგიურად მდიდარი სტრუქტურის მქონე ენებს, ვინაიდან ტიპოლოგიური ენათმეცნიერება სიტყვა-ფორმათა სეგმენტაციისა და ანოტაციის მიხედვით ახდენს ენობრივი ფაქტებისა და მოვლენების სისტემატიზაციასა და კლასიფიკაციას. მორფოლოგიურად მდიდარი სტრუქტურის ენათა პარადიგმატული და სინტაგმატური სტრუქტურები განსაზღვრულია მორფემათა ფუნქციური თავისებურებებით. აღსანიშნავია, რომ აგლუტინაციურ ენებში გრამატიკულ მორფემებს მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობა ახასიათებთ. ქართველურ ენებში სიტყვის სტრუქტურის განსაზღვრისთვის მიზანშეწონილია აფიქსურ მორფემათა თანმიმდევრობისა და შეერთების საშუალებათა დადგენა. ქართველური ენებისთვის, ისევე, როგორც ამგვარი ბუნების სხვა ნებისმიერი ენისთვის, მორფოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა სახელი და ზმნა. მეთოდოლოგიურად სწორი და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი კრიტერიუმია მორფოლოგიური ფაქტების სისტემატიზაცია რანგობრივი სტრუქტურის მიხედვით. წინამდებარე სტატიაში ქართველურ ენათა ლინგვისტური ანოტაციის პრობლემები განხილულია სახელთა მორფოლოგიური მოდელების მიხედვით; კლასიფიცირებული და კვალიფიცირებულია პრობლემური საკითხები და დასახულია მათი გადაჭრის გზები.
საკვანძო სიტყვები: დიგიტალური რუსთველოლოგია, ეკვივალენტობა, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსი, პოეტური ფორმულები „ვეფხისტყაოსნში“
აბსტრაქტი: ჰუმანიტარული დარგების განვითარება 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია დიდ მონაცემთა ბაზებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების განვითარების გარეშე. დღეისათვის არსებული დიგიტალური რესურსებისა და ქართული ენისათვის განვითარებული ტექნოლოგიების ბაზაზე საფუძველი ჩაეყარა ქართველოლოგიის თვისებრივად ახალ ეტაპს – დიგიტალურ ქართველოლოგიას. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კორპუსისა (http://corpora.iliauni.edu.ge/?q=ka/node/11) და პოემის თარგმანების დიგიტალური კორპუსის Rustaveli goes digital (https://titus.unifrankfurt.de/texte/caucasica/rustveli/rgd.html) შექმნით კი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს დიგიტალური რუსთველოლოგიის ჩამოყალიბება. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის Rustaveli goes digital შექმნა 2018 წელს დაიწყო ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში და მისი განვითარება სამ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პროტოტიპული კორპუსი, განისაზღვრა კორპუსის აგების პრინციპები, შეიქმნა კორპუსის დიზაინი რესურსების განსათავსებლად და დაზუსტდა სამომხმარებლო ინტერფეისის კონცეპტი; ამავე ეტაპზე დამუშავდა წყარო-ტექსტისა და მიზან-ტექსტების დაპარალელებისა და ალინირების ძირითადი პრინციპები; პროექტის განვითარების მეორე ეტაპი 2021 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტის დაპარალელებას პოემის მულტიენობრივი კორპუსის შესაქმნელად. კორპუსი Rustaveli goes digital დღეისათვის მოიცავს პოემის სრული ტექსტის დაპარალელებულ 32 თარგმანს მსოფლიოს 20 ენაზე და საშუალებას იძლევა ემპირიულ ბაზაზე დაყრდნობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განვახორციელოთ ინტერდისციპლინური კვლევები; პროექტის განვითარების მესამე ეტაპზე (2023-2026) განხორციელდება პოემის სრული თარგმანების დიგიტალიზაცია 56 ენაზე და მათი ადაპტაცია კორპუსში. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსი საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, კორპუსლინგვისტური ანალიზის საფუძველზე წარმოვადგინოთ ურთიერთმიმართებები და მსგავსება-განსხვავებები როგორც თარგმანსა და ორიგინალს, ასევე საკუთრივ თარგმანებს შორის, მეორე მხრივ კი, თანამედროვე დიგიტალური მეთოდების გამოყენებით ვიკვლიოთ თარგმანების ეკვივალენტობა. სტატიაში, ერთი მხრივ, სიკეთისა და ბოროტების კონცეპტის მაგალითზე განხილულია რუსთაველის მსოფლმხედველობრივი წყაროების ტრანსლაციის ადეკვატურობა „ვეფხისტყაოსანში“, და, მეორე მხრივ, ერთი პოეტური ფორმულის (X ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან) თარგმანებში გადატანის მაგალითზე ნაჩვენებია რეპეტიტულობის ავტომატური კვლევის შესაძლებლობები პოეტური თარგმანების ლიტერატურული ხარისხის შესაფასებლად.
საკვანძო სიტყვები: თარგმანმცოდნეობა, კორპუსლინგვისტიკა, ქართული და ამერიკული ფილმები, თარგმანის ინტერ-რეფლექსიური ანალიზი
აბსტრაქტი: თანამედროვე მთარგმნელობითი კვლევები თითქმის წარმოუდგენელია კორპუსლინგვისტური, მულტიდისციპლინური და მულტილინგვური მიდგომების გარეშე, რაც დარგის სამეცნიერო-გამოყენებითი განვითარებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია. იმავდროულად, ნაკლებად გავრცელებულ ენებზე, ან ამ ენებიდან შესრულებულ თარგმანებს იშვიათად იკვლევენ კორპუსლინგვისტური მეთოდებით. წინამდებარე კვლევის მიზანია ენის ვარიაციის მიზეზებსა და თარგმანის მეთოდებსა და სტრატეგიებს შორის ურთიერთმიმართებების დადგენა პარალელურ კორპუსზე დაფუძნებული მონაცემების შედარების საფუძველზე. კვლევის ამოცანაა არათარგმნილ საბჭოთა და თარგმნილ პოსტსაბჭოთა ქართულს შორის სოციოლინგვისტიკური ვარიანტულობის მიზეზების დადგენა. კვლევის მიზნისა და ამოცანის შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია საბჭოთა ეპოქის ქართულიდან ინგლისურად თარგმნილ სუბტიტრებსა და პოსტიმპერიულ ეპოქაში ამერიკული ფილმის ქართულ თარგმანებში ენის ვარიაციისა და არანორმატიული ენის თარგმნის პრობლემები. კვლევამ გვიჩვენა, რომ საბჭოთა პერიოდის ინგლისურ ენაზე სუბტიტრების თარგმნის პროცესში გამოყენებული იყო შუალედური (რუსული) ენა, რაც მიგვანიშნებს ცენზურის ჩარევაზე. საბჭოთა მთარგმნელობითი მეთოდებიდან ქართულიდან ინგლისურად შესრულებულ თარგმანში გამოვლენილია გაუცხოურების სტრატეგია, რაც გამიზნული იყო ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის ბუნებრივ, იდიომატურ ენაზე სუბტიტრების ამეტყველებისთვის. პოსტსაბჭოთა პერიოდში შესრულებული ამერიკული ფილმის ქართული გახმოვანება ავლენს მოშინაურების სტრატეგიას იდიომების თარგმნისას და სტანდარტიზაციის მეთოდს ჟარგონის თარგმნისას. ანალიზის შედეგების განზოგადებამ გვიჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის ნათარგმნ ქართულ ენასა და საბჭოთა პერიოდის (უთარგმნელ) ქართულს შორის ვლინდება სანახევრო ჰომოლოგია. იგი განპირობებულია ნათარგმნ ქართულში ამერიკული ინგლისურის ე. წ. „უთარგმნელი“, არანორმატიული ლექსიკური ფორმების ნორმატიული ლექსიკით ჩანაცვლებით. კვლევის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ მთარგმნელები სტანდარტულ ფორმებს ანიჭებენ უპირატესობას კოლოკვიალურ-არაოფიციალური და არასტანდარტული ფორმების თარგმნისას. ვფიქრობთ, ასეთი არჩევანის ძირითადი მიზეზია პოსტსაბჭოთა ქართულის არანორმატიული რეგისტრის ორმაგი ვარიანტულობა: ერთი მხრივ, ენაში სლენგის სუბსტრატად შენარჩუნებულია რუსული ბარბარიზმები, მეორე მხრივ, ინგლისური ენიდან ჭარბად შემოდინებული ნასესხობების წილი არასტანდარტული ფორმების ვარიაციაა.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია