საკვანძო სიტყვები: ქართველური ენების შესწავლა, კავკასიური ენების შესწავლა, ენათმეცნიერება საბჭოთა ეპოქაში და დღეს
აბსტრაქტი: როზმარი სალივანის მიერ 2015 წელს გამოცემულ წიგნში „სტალინის ქალიშვილი: სვეტლანა ალილუევას უჩვეულო და მჩქეფარე ცხოვრება“, რომელშიც გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში არსებული ზოგადი სიტუაციაა აღწერილი, ასეა შეფასებული საბჭოთა მოქალაქეების უცხოელებთან ურთიერთობის კონტროლის მექანიზმი და შესაძლო შედეგები: „1970-იანი წლების შუა პერიოდში საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ ზედამხედველობის გარეშე მოგზაურობის უფლება აღმოსავლეთის ბლოკის ფარგლებს გარეთ. სსრკ-ს ფარგლებშიც უცხოელებთან ნებისმიერი კონტაქტი იმ დროს ქვეყნის ღალატად ითვლებოდა“. ვინაიდან სტატიის ავტორს სწორედ ამ პერიოდში მოუწია საქართველოში ცხოვრება და სწავლა, სტატიაში მოთხრობილია მისი, როგორც უცხოელის, „სასიამოვნო“ და „ასატანი“ გამოცდილება ამ პერსპექტივიდან. კერძოდ, აღწერილია რამდენიმე პროცედურული ხასიათის სირთულე, როგორიცაა 1. საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით ცხოვრების უფლების მოპოვება საბჭოთა პერიოდში (განსაკუთრებით 1970-80-იან წლებში) სტუდენტებისთვის, ასპირანტებისა და ლექტორებისთვის; 2. შეთანხმების მიღწევა სწავლის უფლებისა და დაფინანსების მისაღებად ამა თუ იმ ენის შესასწავლად; 3. მუშაობა ისეთ სიტუაციაში, როდესაც აუცილებელი ან სასურველი ლიტერატურის – წიგნების, ჟურნალების ან/და ჩანაწერების – მოპოვება არ იყო ადვილი, შეძენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ; 4. ქვეყნის ფარგლებში კვლევითი ან ტურისტული მიზნით გადაადგილების ორგანიზების სირთულეები; 5. შეძენილი სისტემური ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობები. და ბოლოს მოთხრობილია პოსტსაბჭოთა პერიოდთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ავტორის „უცნაური“ ურთიერთობების შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, ნასესხობები, ანგლიციზმები ქართულ ლექსიკაში
აბსტრაქტი: ქართულ ენაში ანგლიციზმების (ამერიკული და ბრიტანული) ერთსაუკუნოვანი მოზღვავების ტალღას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ნასესხობათა ახალი, უფრო ძლიერი ნაკადის შემოჭრა დაემატა სხვადასხვა შენაკადის სახით. ამ შენაკადებიდან ერთ-ერთი უკავშირდება ახალი პროდუქციის შემოტანას (მობილური ტელეფონებით დაწყებული – სატვირთო ავტომობილებით დამთავრებული), ახალი წესჩვეულებების დამკვიდრებას (მორალური ღირებულებების ჩათვლით), თანამედროვე კომერციული ტრანსაქციების განხორციელებასა და სხვა სახის აქტივობებს, რომელთა ამსახველი ლექსიკა (აღწერით პერიფრაზს თუ არ ჩავთვლით) ქართულ ენას მანამდე არ გააჩნდა. შესაბამისად, ახალი პროდუქციის გამოყენება-დამკვიდრებამ გამოიწვია უცხო სიტყვების მოძალება ქართულში, რომელთა დიდი ნაწილი ანგლოსაქსური წარმოშობისაა. მეორე შენაკადის გაჩენა განაპირობა გარკვეულ სფეროებში დამკვიდრებული რუსიციზმების დაძლევის სურვილმა, კერძოდ, ავტომობილის სათადარიგო ნაწილების დასახელებებში (ავტომობილების შეკეთების სფეროში ძირითადად რუსები და სომხები მუშაობდნენ), სადაც რუსიციზმების განდევნა ორი გზით განხორციელდა: ახალი ქართული სიტყვების შექმნის (ან გაცოცხლების) მეშვეობით ან რუსიციზმების ანგლოსაქსური ტერმინებით ჩანაცვლების საშუალებით. ამგვარი პროცესები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა, მაგალითად, რაგბი, ვინაიდან ქართველი მერაგბეები 1959–1989 წლებში მხოლოდ სლავურ გუნდებთან თამაშობდნენ, ამჟამად კი მსოფლიო ასპარეზზე გავიდნენ და საერთაშორისო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას. პირად ურთიერთობებსა და ბიზნესში ინტერნეტის საყოველთაო გამოყენებამ გამოიწვია უცხო სიტყვების მესამე შენაკადის მოზღვავება და იმ ტერმინოლოგიის შემოტანა, რომელსაც იყენებდა დასავლელი ინტერნეტმომხმარებელი და ბიზნესსფერო. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სიტყვა „იშოპინგეთ!“ (Continue shopping). სამაგიეროდ, უკუპროცესს ჰქონდა ადგილი სლენგისა და ბილწსიტყვაობის სფეროში, სადაც აქტიურად დაიწყო საკუთრივ ქართული ლექსიკის გააქტიურება. 1990-იანი წლებიდან „აფეთქდა“ ქართული სკაბრეზი. ნაბეჭდ პროდუქციაში გაჩნდა ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის შემდეგ აღარ გამოყენებულა წერილობითი ფორმით. ამ სფეროში არ შეიმჩნევა უცხოური ენების გავლენა (თუ არ ჩავთვლით ქართველი ებრაელების ლექსიკას). მოცემული ნაშრომი ემყარება ემპირიულ მასალას, რომელიც ამოღებულია ინტერნეტფორუმებიდან, კომერციული მასალებიდან, ლაშა ბუღაძის რომანებიდან, პიესებიდან, რომლებიც 2013 წელს საკონკურსოდ იყო წარდგენილი სათარგმნად და ლონდონის სამეფო თეატრში დასადგმელად და სხვ.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, ადნომინალური ნათესაობითი (Suffixaufnahme), დიაქრონიული კვლევა
აბსტრაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენისათვის დამახასიათებელი ლინგვისტური ფენომენი Suffixaufnahme – ძველი ქართული ენის ტექსტებში დადასტურებული ადნომინალური ნათესაობითის (დეგენეტიური) ფორმები, რომლებიც გავრცობილია მათ მიერ განსაზღვრული არსებითი სახელის ბრუნვის ნიშნით – ხშირად არის განხილული ქართული ენის გრამატიკოსთა მიერ, მისი გამოყენების წესები და გამონაკლისები ჯერ კიდევ არ არის ნათლად ახსნილი და სრულად წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ ფენომენის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ნაშრომში განხილულია ორი საკითხი, კერძოდ: რამდენად შესაძლებელია, რომ მოკლე და გრძელი დაბოლოებები მონაწილეობდეს Suffixaufnahme-ში, და შესაძლებელია თუ არა მორფოლოგიური ელემენტების გამეორება ორზე მეტჯერ. ნაშრომში გამოყენებულია ციფრული კორპუსები: TITUS და GNC, რომლებიც მოიცავს ქართული ენის უზარმაზარ ტექსტობრივ მონაცემებს უძველესი წერილობითი ძეგლებიდან დღემდე; ასევე გათვალისწინებულია ის ხელნაწერებიც, რომელთა დედნები დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია. ზემოთ მოყვანილი საკითხები გამოკვლეულია სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ამდენად, ნაშრომში მოცემულია ახალი ხედვა Suffixaufnahme-სა და მისი გამოყენების წესებთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები: ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება, ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი, დოკულინგვისტიკა
აბსტრაქტი: ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება და არქივირება კულტურული მემკვიდრეობის კვლევის აუცილებელ წინაპირობასაა და XXI საუკუნის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. სტატიაში წარმოდგენილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი „ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“ , რომელიც განხორციელდა 2016–2019 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციისთვის აჭარის რეგიონში. საარქივო ფონდები მოიცავს ციფრული რესურსების მთელ რიგს, მათ შორის აუდიო და ვიდეო მასალებს, საერთო ჯამში 100 საათის კონტენტს MP3 და AVI ფორმატში. დაარქივებული რესურსები შედგება 100 საათის მოცულობის ვიდეომასალისაგან და სამ ნაწილად არის დაჯგუფებული. პირველი ქვეჯგუფი ასერთიანებს 30 საათის მოცულობის აუდიო და ვიდეო მასალას და მოიცავს ტრანსკრიბირებულ ტექსტებს. მეორე ქვეჯგუფში გაერთიანებული მასალა წარმოდგენილია მულტიმედიურ ფორმატში (10 საათის მოცულობის ვიდეო და აუდიო მასალა) და მოიცავს ტრანსკრიბირებულ ტექსტებს, გლოსირებულს და ინტერლაინიზებულს EAF-ფორმატში, მესამე ქვეჯგუფი შედგება ვიდეომასალებისაგან მულტიმედიური ანოტირებით და ინგლისური თარგმანით (5 საათის მოცულობის). „ბათუმის ლინგვოკულტურული ციფრული არქივის“ უპირველესი მნიშვნელობა მდგომარეობს საქართველოში კულტურული და ლინგვისტური მასალების დოკუმენტაციისა და არქივირების თანამედროვე, სტანდარტიზებული ჩარჩოს შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტერდისციპლინარული კვლევების განვითარებას. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ეგიდით შეძენილი და კატალოგიზებული რესურსები გასცდა ეროვნული მეცნიერების საზღვრებს. არქივირებული მასალები თარგმნილია ინგლისურად, რამაც ისინი უფრო ფართო, არაქართულენოვანი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეს ძალისხმევა ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციას და ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას ცოდნის კულტურათაშორისი გაცვლისა და გავრცელებისათვის.
საკვანძო სიტყვები: ურბანული ლინგვისტიკა, ენობრივი სიტუაცია პოსტსაბჭოთა საქართველოში, ენობრივი პოლიტიკა
აბსტრაქტი: ენობრივ სურათს საჯარო სივრცეში წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ნიშნების ერთობლიობა ქმნის, იგულისხმება როგორც ოფიციალური და კომერციული, ისე ცალკეული ენობრივი ნიშნები და წარწერები. ამრიგად, ენობრივი სურათი აერთიანებს როგორც ოფიციალურსა და პროფესიულ ენებს, ასევე ენის გამოყენების კერძო შემთხვევებსა და სოციუმის ენობრივ არჩევანს. ქართულ ენას რუსულ ენასთან ჭიდილის ხანგრძლივი ისტორია აქვს საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. პოსტსაბჭოთა პერიოდის ბოლო ათწლეულში საქართველოში რუსული ენის გამოყენება შემცირდა. თუმცა, ბოლო წლებში ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა და ამასთანავე, 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვის მკვეთრი ზრდა გვავარაუდებინებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყანაში არსებულ ენობრივ სურათზე. წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული მრავალენოვნების შესწავლას და საჯარო სივრცეში ენის გამოყენების სხვადასხვა სფეროში არსებული ტენდენციების გამოვლენას. საველე კვლევა 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფიულად აღიწერა ქალაქ ბათუმის ლუკა ასათიანის ქუჩაზე განთავსებული ყველა აბრა (400-ზე მეტი ტექსტური ერთეული). ციფრული ფოტოებისა და ტექსტური ერთეულების მონაცემთა ბაზა შეიქმნა Excel-ში, რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი კატეგორიებისა და მათი კომბინაციების ფარდობითი სიხშირის კვლევა, როგორებიცაა: ენობრივი სურათი (ერთენოვანო, ორენოვანი, სამენოვანი), ენების არჩევანი (ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული ან სხვა ენები), დაწერილობა (ქართული, ლათინური, კირილიცას გრაფიკული გამოყენება), ენის გამოყენების სფეროები, ასო-ნიშნების მოხაზულობა და სხვა კატეგორიები, რომლებიც განხილულია ნაშრომში. კვლევის შედეგად მიღებული ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ ქართული ენა დომინირებს ერთენოვან ტექსტებში, მას მოჰყვება ინგლისური ენის გამოყენების შემთხვევები. ერთენოვან ტექსტებში რუსული ენა შედარებით იშვიათად გვხდება. ორენოვანი ტექსტები დიდწილად ქართულ და ინგლისურ ენებზე იწერება; შესაბამისად, დაცულია ოფიციალური ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს ინგლისური ენის გამოყენებას ქართული ენის პარალელურად.
საკვანძო სიტყვები: დიგიტალური რუსთველოლოგია, თარგმანმცოდნეობა, მიმართვის ფორმულები, ეკვივალენტობა
აბსტრაქტი: შოთა რუსთაველის უკვდავ პოემას „ვეფხისტყაოსანს“ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მისი მნიშვნელობა დიდად სცილდება ეროვნული ლიტერატურის ჩარჩოებს და ღირსეული ადგილი აქვს მიჩენილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის – პოემა მსოფლიოს 58 ენაზეა თარგმნილი (ზოგიერთ ენაზე რამდენჯერმეც კი), ქართულ და უცხოურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ საერთო რაოდენობა კი 500-ს აღემატება. პოემის თარგმანების ასეთი სიმრავლე თავისთავად უნიკალურ რესურსს წარმოადგენს მრავალენოვანი პარალელური კორპუსის შექმნისა და რუსთველოლოგიურ კვლევებში თანამედროვე მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების მრავალენოვანი პარალელური კორპუსის შექმნა ფრანკფურტის უნივერსიტეტში 2018 წლიდან დაიწყო, რასაც შედეგად მოჰყვა პროტოტიპული კორპუსის Rustaveli goes digital შექმნა, რომელიც დღეისათვის პოემის 32 თარგმანს მოიცავს 20 ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თარგმანმცოდნეობა უკვე დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინად არის ჩამოყალიბებული და თეორიებისა და კვლევის მეთოდების სიმცირეს არ უჩივის, არ არსებობს თარგმანების ხარისხის კომპლექსური შეფასების ერთიანი მოდელი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით (და ემპირიულად დამოწმებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე) თარგმანის ხარისხის კომპლექსური შეფასების საშუალებას მოგვცემდა. სტატიაში წარმოდგენილია ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა თარგმანის კვანტიტატიური მეთოდებით შეფასების უპირატესობის გამოვლენას ერთი კონკრეტული კრიტერიუმის – „მზის“ შემცველი მიმართვის ფორმულის თარგმანებში გადატანის ხარისხის – მაგალითზე. თეორიული მოსაზრებების ვალიდურობა ემპირიულად გადამოწმდა მრავალენოვანი პარალელური კორპუსის Rustaveli goes digital მასალაზე – კვლევაში გამოყენებულია „ვეფხისტყაოსნის“ ათ ენაზე შესრულებული 22 თარგმანი. კვლევა განხორციელდა ორი რელევანტური პარამეტრის მიხედვით: თარგმანებში „მზის“ ეკვივალენტების სახისა და მიმართვის ფორმულის ექსპრესიულობის ხარისხის მიხედვით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს გარკვეული კანონზომიერება ეკვივალენტობის სახესა და მიმართვის ფორმულის ექსპრესიულობის ხარისხს შორის. კორპუსლინგვისტური მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ თარგმანის ხარისხი ემპირიულად „გაზომვადია“, რაც, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დავადგინოთ მთარგმნელის მიერ არჩეული თარგმანის სტრატეგიები და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა მიზან-ტექსტში.
საკვანძო სიტყვები: კავკასიური ხელნაწერები, ხელნაწერთა დიგიტალური დამუშავება, გამთლიანებული ხელნაწერები
აბსტრაქტი: ნაშრომში განხილულია დანაწევრებული და გაფანტული კავკასიური ხელნაწერების ფრაგმენტთა გამთლიანების შემთხვევები. აღწერილია ამგვარ ხელნაწერთა არა მარტო დღევანდელი მდგომარეობა ან სამომავლო პერსპექტივები, არამედ ის გზაც, რომელიც გავიარეთ დღემდე, კომპიუტერებისა და მულტისპექტრული აპარატების მეშვეობით გადაღებული დიგიტალური გამოსახულებების გარეშე. უკვე ათწლეულებია ვმუშაობ აღმოსავლურ ქრისტიანულ ხელნაწერებზე, და მიმაჩნია, რომ ხელნაწერთა შესწავლის საუკეთესო გზა იყო, და მე ვიტყოდი, დღემდე რჩება, ხელნაწერების უშუალო ნახვა და მათზე მუშაობა; და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ – შავთეთრი ფოტოების შესწავლა. ამჯერად ნაშრომში საუბარია კავკასიური ხელნაწერების მხოლოდ ერთ კომპონენტზე – საწყის და ბოლო დამცავ ფურცლებზე, ე. წ. ფორზაცებზე. ფორზაცის არსებობის შესახებ ინფორმაცია ხელნაწერის აღწერილობაში, ჩვეულებრივ, მოცემულია, მაგრამ არ შეიცავს ინფორმაციას კონტენტის, ანუ ტექსტის შესახებ. არადა, ზოგჯერ სწორედ ამ ტექსტებს მივყავართ უცნობი სომხური ან ქართული ტექსტის აღმოჩენამდე და მკვლევარს საშუალებას აძლევენ თავის დროზე დანაწევრებული ხელნაწერის ნაწილები, რომლებიც ხელახლა გამოიყენეს და აკინძეს იმავე ან სხვა ენის ხელნაწერის მასალად, გაამთლიანოს. ნაშრომში წარმოდგენილია მსგავსი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სომხური და ქართული ხელნაწერების კვლევისას. თუმცა, დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთის ქრისტიანობაში ფორზაცს უმეტესად სომხები იყენებდნენ, რათა ხელნაწერის პირველი და ბოლო გვერდები ყდაზე ხახუნისაგან დაეცვათ და, შესაბამისად, დაზიანებისგან გადაერჩინათ. როგორც 2000 სომხური ხელნაწერის შერჩევითმა გამოკვლევამ დაადასტურა (ერევანი, მატენადარანი, M 1,000 − 3,000), ხელნაწერთა უდიდეს ნაწილს (ათიდან – სამ ხელნაწერს), აქვს ფორზაცი, რაც სტატისტიკურად მაღალი მაჩვენებელია ფორზაცის გამოყენების თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, კოდიკოლოგია, გრაცის ქართული ლექციონარი
აბსტრაქტი: ნაშრომში აღწერილია VII საუკუნის ერთი უნიკალური ქართული ხელნაწერის – გრაცის ხანმეტი ლექციონარის კოდიკოლოგიური მახასიათებლები. ხელნაწერი 2058/1 ლექციონარია და განეკუთვნება ხელნაწერთა იმ ჯგუფს, რომლებსაც სინური წარმომავლობა აქვთ. 5 ხელნაწერისგან შემდგარი აღნიშნული ჯგუფი გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალური კოლექციების განყოფილებაში ინახება და თარიღდება VII–XI საუკუნეებით. როგორც არსებული სამეცნიერო ლიტერატურიდან ჩანს, ლექციონარი კარგად არის შესწავლილი როგორც შედგენილობის, ისე ფილოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა შეუსწავლელი დარჩა ხელნაწერის დამზადების ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: ნაწერის განლაგება ხელნაწერის გვერდზე (mise-en-page), ხელნაწერის აკინძვის სტრუქტურა და მეთოდოლოგია, რვეულების, ყუისა და ყდის დამზადება. აქ ჩამოთვლილი მახასიათებლები ხელნაწერის სრულფასოვანი შესწავლისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, იმსახურებს შემდგომ კვლევას. გრაცის ხანმეტმა ლექციონარმა შექმნიდან მოყოლებული თავისი არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება და ეს ცვლილებებიც საგანგებო ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ხელნაწერთან ერთად დაცულია ეტრატის დაუწერელი ფრაგმენტები, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელნაწერის საცავ ფურცლებად იყო გამოყენებული. პერგამენტის ეს მეორეული ნაწილებიც შესწავლას ელიან. კოდიკოლოგია სწავლობს ხელნაწერის არა მხოლოდ სტრუქტურასა და ფუნქციას, არამედ მასალის შესწავლასა და მის იდენტიფიკაციასაც გულისხმობს. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია გრაცის ხანმეტი ლექციონარის დასამზადებლად გამოყენებული სხვადასხვა სახის მასალა, როგორებიცაა: ეტრატი, მელანი და ძაფები. ვიმედოვნებთ, რომ ეს კვლევა ახალ შუქს მოჰფენს 2058/1 ხელნაწერის მნიშვნელობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პირველ ათასწლეულში ქართული წიგნის წარმოების საიდუმლოს გაგებას. პალეოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიული ანალიზის მსგავსად, კოდიკოლოგია ერთნაირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ისტორიული წიგნის შესწავლაში. ხელნაწერების კვლევისას ბოლო დრომდე ყურადღება ყოველთვის გადატანილი იყო ტექსტზე და/ან ტექსტის დეკორაციაზე, მაგრამ ცხადია, რომ წიგნის ფიზიკური მდგომარეობის კვლევა ასევე სანდო მტკიცებულებებს იძლევა.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, ქართული ხელნაწერები, პავლე თებელის „ცხოვრება“, ლიტურგიკა
აბსტრაქტი: გურიის უდაბნოსა და პარხლის მრავალთავებში დაცული პავლე თებელის „ცხოვრების“ უძველესი ქართული ვერსია დღემდე შესწავლილი არ ყოფილა. სტატიაში წარმოდგენილია თხზულების შემცველი ხელნაწერი კრებულების, ტექსტისა და პავლე თებელთან დაკავშირებული ლიტურგიკული წყაროების კვლევის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანია პავლე თებელის „ცხოვრების“ არა მხოლოდ ქართული, არამედ ბერძნული ტექსტის ისტორიისათვის. ქართული მასალის საფუძველზე შესაძლებელი გახდა „ცხოვრების“ ბერძნულ თავდაპირველ რედაქციასა და მის ავტორობასთან დაკავშირებული საკითხების განსხვავებული ინტერპრეტაცია. გამოკვლევას ასევე ერთვის პავლე თებელის „ცხოვრების“ უძველესი ქართული ვერსიის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი სამეცნიერო აპარატი, რომელშიც ხელნაწერების ვარიანტულ წაკითხვებთან ერთად შეტანილია ქართული თარგმანის ბერძნულ ტექსტთან შედარების შედეგები.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, ქართული ხელნაწერები, იოანე ოქროპირი, ქართული პალიმფსესტები
აბსტრაქტი: სინას პალიმფსესტების პროექტზე მუშაობისას მე დამევალა 1975 წელს ახლად აღმოჩენენილი კოლექციიდან ერთი ხელნაწერის Sinai, Georg. NF 19 იდენტიფიკაცია, რომელიც 61 ფურცელს შეიცავდა. ხელნაწერი პალიმფსესტურია, მისი ზედა ფენა ქართულია, კერძოდ, წარმოადგენს იოანე ზოსიმეს მიერ გადაწერილ „იადგარს“, ქვედა ფენა კი – ქრისტიანულ-პალესტინურ არამეულზე დაწერილი ტექსტია. მას შემდეგ, რაც სინური პალიმფსესტური მანუსკრიპტები ინტერნეტში განთავსდა, ნათელი გახდა, რომ პროექტის ფარგლებში ჩემთვის შესაწავლად გადმოცემულ ხელნაწერს აკლდა ერთი ფურცელი, კერძოდ, fol. 62, რომელიც არ არის პალიმფსესტური და შემორჩენილია ფრაგმენტულად. აღმოჩნდა, რომ Sinai, Georg. NF 19, fol. 62 არის გამაერთიანებელი ფურცელი, რომელიც სხვადასხვა ადგილას დაცულ ორ ხელნაწერს მიემართება – სინას მთაზე დაცულ Sinai, Georg. NF 19 ხელნაწერს და პრისტონში დაცულ Garrett MS 24 ხელნაწერს. კერძოდ, Sinai, Georg. NF 19, fol. 61-ის ტექსტს აგრძელებს fol. 62-ის ტექსტი, რომელი, თავის მხრივ, გრძელდება Garrett MS 24, fol. 99-ის ტექსტით. გაერთიანებული ტექსტი შეიცავს იოანე ოქროპირის ჰომილიის de poenitentia-ს ტექსტს, რომელიც წარმოდგენილია აქ სტატიაში დამატების სახით.
საკვანძო სიტყვები: აფხაზური ენა, აფხაზური ენის ეროვნული კორპუსი, აფხაზური ენის ხეთა ბანკი, აფხაზური ენის ანალიზი
აბსტრაქტი: სტატიაში წარმოდგენილია აფხაზური სინტაქსური ბანკის შექმნის მცდელობა უნივერსალური დამოკიდებულებების (UD) ჩარჩოს ფარგლებში. UD არის თეორიული ჩარჩო, რომელიც გამოიყენება გრამატიკის – მეტყველების ნაწილების, მორფოლოგიური მახასიათებლებისა და სინტაქსური დამოკიდებულებების თანმიმდევრული ანოტირებისთვის. დღეისათვის შექმნილი და ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოცულობის UD ხეთა ბანკები 141 ენისთვის, რომელთა შორის აფხაზური არ არის. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ამ ხარვეზის შევსებას. აფხაზური ენისათვის ხეთა ბანკის შემუშავება ეფუძნება აფხაზური ენის ეროვნულ კორპუსს (AbNC), რომელიც წარმოადგენს აფხაზური წერილობითი ტექსტების გრამატიკულად ანოტირებულ კრებულს. ის შეიცავს ათ მილიონზე მეტ სიტყვას. კორპუსის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს მორფოლოგიური ანალიზატორი — მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს ტექსტში მოცემული ნებისმიერი სიტყვის გრამატიკული ინფორმაცია. გარდა ამისა, მომხმარებელს დამატებით შეუძლია გამოიძახოს შერჩეული ერთეულის შესაბამისი სიტყვა-სტატია კორპუსში ინტეგრირებული აფხაზურ-რუსული ლექსიკონიდან (კასლანძია, 2005 წ.). სტატიაში აღწერილია, ერთი მხრივ, აფხაზურის მორფოსინტაქსური ანალიზის ძირითადი პრინციპები და გამოწვევები, მეორე მხრივ კი აფხაზური ენის ხეთა ბანკის შექმნის გზები და მეთოდიკა. მიღებული შედეგები — აფხაზური ენის ხეთა ბანკი განთავსებულია INESS-ში. INESS (ინფრასტრუქტურა სინტაქსისა და სემანტიკის შესასწავლად) არის ნორვეგიული ინფრასტრუქტურა და ვებგვერდი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ხეთა ბანკების დათვალიერებისა და ძიების ეფექტურ შესაძლებლობებს იძლევა. გარდა ამისა, ჩემ მიერ აფხაზური ენისათვის შემქნილი ხეთა ბანკი უნივერსალურ დამოკიდებულებათა ბანკების შემდეგი ოფიციალური გამოშვების ნაწილი იქნება.
საკვანძო სიტყვები: ნახურ-დაღესტნური ენები, კავკასიური ენების ციფრული რესურსები, ნასესხობები, მრავალენოვნება დაღესტანში, სვოდეშის სია
აბსტრაქტი: ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახი კავკასიაში ყველაზე დიდი ოჯახია, თუ გავითვალისწინებთ მასში შემავალი ენებისა და ენობრივი ვარიანტების სიმრავლეს. ბოლო ათწლეულში არაერთი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, რომლებიც მიზნად ისახავდა ამ ენათა სისტემურ შესწავლასა და დოკუმენტირებას, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი რესურსები დაღესტნის მოსახლეობის, მულტილინგვიზმის, ლექსიკისა და გრამატიკის შესახებ. მოცემულ ნაშრომში განხილულია ის რესურსები, რომლებიც ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. ნაშრომის დასაწყისში წამოდგენილია მოკლე ინფორმაცია მოცემული რეგიონისა და მისი ენების შესახებ (ნაწილი 1), განხილულია დაღესტნის სოფლების დემოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (ნაწილი 2), დაღესტანში არსებული მრავალენოვნების ამსახველი მონაცემთა ბაზა (ნაწილი 3), დაღესტნურ ენებში ნასესხობების მონაცემთა ბაზა (ნაწილი 4), არაბული, სპარსული და თურქული ენებიდან დაღესტნურ ენებში შემოსული ლექსიკის მონაცემთა ბაზა (ნაწილი 5), სვადეშის მონაცემთა ბაზა − 100 სიტყვის სია დაღესტნური ენებიდან (ნაწილი 6), დაღესტნურ ენათა ტიპოლოგიური ატლასი (ნაწილი 7) და რუთულურის დიალექტოლოგიური ატლასი (ნაწილი 8). გარდა ამისა, სტატიაში წარმოდგენილია ნახურ-დაღესტნური ენების ელექტრონული კორპუსებისა და ლექსიკონების სია.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია