ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოფენა-პრეზენტაცია

ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოფენა-პრეზენტაცია

ბუნებრივი ენის ციფრული ტექნოლოგიების დაჩქარებულმა განვითარებამ და მისი მოხმარების გარდაუვალმა აუცილებლობამ უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა თანამედროვე მსოფლიო 21-ე საუკუნეში. ღია რესურსების პრინციპის დანერგვამ და საყოველთაო წვდომისა და გამოყენების კონცეფციის რეალიზაციამ თვისობრივად შეცვალა არა მარტო მეცნიერების ფილოსოფია, არამედ საზოგადოების განვითარების მექანიზმიც - ენის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გარეშე დღეს წარმოუდგენელია სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ინტეგრაცია მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, შეუფერხებელი მიმოქცევა საერთაშორისო დონეზე დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად არის ქართული ენა აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიებით.

2023 წლის 7 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა-პრეზენტაცია ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენის მიზანია, თავი მოუყაროს ქართული ენისათვის შექმნილ არსებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კომერციულ რესურსებს, რათა გამოვლინდეს და შეჯამდეს ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საერთო სურათი და დაისახოს ქართული ენის ტექნოლოგიზაციის ხარისხის ამაღლების პერსპექტივები. ღონისძიების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს, ხელი შეუწყოს ქართულ ენასთან დაკავშირებული არსებული რესურსების ღია მეცნიერების კონტექსტში გააზრებასა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან ინტეგრირებას.

იხ. გამოფენა-პრეზენტაციის პროგრამა:

ღონისძიება გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტსა და "დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოსთან" თანამშრომლობით. გამოფენა-პრეზენტაცია ეხმიანება 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან პროგრამას (სტრატეგიას), რომელიც შემუშავდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კოორდინაციით და დამტკიცდა 2021 წლის 27 დეკემბერს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მომუშავე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და კვლევით ჯგუფებს.

1. ციფრული კორპუსები (ქართული ენის/დიალექტების კორპუსი)
2. ციფრული ლექსიკონები (განმარტებითი, მრავალენოვანი, ტერმინოლოგიური, დარგობრივი და ა.შ.)
3. ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიები (ქართული ენის სინთეზისა და ანალიზის პროგრამული საშუალებები)
4. ქართული ენის სხვა ენებზე ავტომატური თარგმნის პროგრამული საშუალებები
5. ქართული ენის ორთოგრაფიის გამსწორებელი სისტემები
6. ქართული მეტყველების სინთეზისა და ამოცნობის პროგრამული საშუალებები (Text to speech vs. speech to text)
7. ქართული ენის დისტანციური სწავლების ელექტრონული კურსები
8. მობილური აპლიკაციები
9. სხვა ტექნოლოგიები

გამოფენა-პრეზენტაცია ჩატარდება 2023 წლის 7 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

გამოფენა-პრეზენტაციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი (application_form.docx) ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ აქ (info@adh.ge) ა.წ. 31 მარტამდე.

მომხსენებლებს საშუალება ექნებათ 10 წუთიან პრეზენტაციაში წარმოადგინონ მათ მიერ ქართული ენისათვის შექმნილი ტექნოლოგიური პროდუქტი.
გამოფენა-პრეზენტაციის პროგრამაში წარმოდგენილი ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიების კატალოგი ელექტრონულად გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო ორენოვან ჟურნალში "დიგიტალური ქართველოლოგია".