საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დღიური

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი (MG-ISE-23-1017) მიზნად ისახავდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ჩატარებას და ჰუმანიტართა ახალგაზრდა თაობისათვის კულტურული მემკვიდრეობის – ენისა და კულტურის – ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული ცოდნის გადაცემას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტუმენტების გაცნობას და აჭარის ლინგვოკულტუროლოგიური პორტრეტის შექმნაში სტუდენტებისა (ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების) და რეგიონის უფროსკლასელი მოსწავლეების ჩართვას.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში პროექტის მიზნები და ამოცანები სრულად განხორციელდა. კერძოდ, მონაწილეებს ჩაუტარდათ თეორიული ლექციები და ტუტორიუმები, რომლის მიზანიც იყო:
  • დოკულინგვისტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობა – ციფრული დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების ათვისება;
  • დოკუმენტირებისა და არქივირების ინსტრუმენტების გაცნობა ვორკშოფის ფარგლებში – ტექნოლოგიური და პროგრამული ინსტრუმენტების შესწავლა და მათი პრაქტიკული გამოყენება;
  • სტუდენტებს ასევე ჩაუტარდათ ლექციები ფოლკლორისტიკაში, დიალექტოლოგიაში, ლინგვოკულტუროლოგიასა და ეთნოკულტუროლოგიაში.
საზაფხულოს სკოლის ფარგლებში მოეწყო საველე ექსპედიციები სხალთა-ხიხანის ხეობაში: შეგროვდა მასალები დოკულინგვისტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით და საზაფხულო სკოლაში მიღებული ცოდნის საფუძველზე განხორციელდა მოპოვებული მასალების ნაწილობრივი ლაბორატორიული დამუშავება ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივში იმპლემენტაციის მიზნით.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი: MG-ISE-23-1017)

I. პროექტის განხორციელების პირველი, მოსამზადებელი ეტაპი

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მომზადება
  • შემოსული განაცხადების განხილვა
  • საზაფხულო სკოლის მონაწილეების შერჩევა და მონაწილეთა საბოლოო სიის დადგენა
  • მონაწილეთათვის შეტყობინებების გაგზავნა
  • სხალთა-ხიხანის ხეობაში გამგზავრება და სოფ. ხიხაძირში დაბინავება

II. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპი

სასწავლო პროცესი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის საზეიმო გახსნა
30 აგვისტოს 10.00 საათზე შედგა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“ საზეიმო გახსნა, რომელზეც სკოლის ორგანიზატორებმა ისაუბრეს დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის მოღვაწეობის პროფილის, მიზნებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ, ენისა და კულტურის დოკუმენტირებისა და არქივირების მნიშვნელობისა და აქტუალობის შესახებ ციფრულ ეპოქაში; ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოღვაწეობის მნიშვნელობისა და განსაკუთრებით საგრანტო პროგრამის MG - მობილობის გრანტები შესახებ, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს.
გამომსვლელებმა ასევე აღნიშნეს ენისა და კულტურის კვლევის მნიშვნელობა 21-ე საუკუნეში და ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ენებისა და კულტურების გადასარჩენად.
სალექციო კურსები
30 აგვისტოს და 1 სექტემბერს ჩატარდა საზაფხულო სკოლის პროგრამის თეორიული და პრაქტიკული ბლოკის მიხედვით დაგეგმილი ლექციები. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთის უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანკურტიდან და რიზედან ქართველოლოგიის სპეციალობას ეუფლებიან და იციან ქართული ენა, სკოლის მონაწილეთა ინტერნაციონალური შემადგენლობიდან გამომდინარე, სალექციო მასალა ორ ენაზე იყო მომზადებული (ქართულად და ინგლისურად), რომელიც ლექციის დაწყებამდე წინასწარ ეგზავნებოდათ სტუდენტებს გასაცნობად, რაც ძალიან დაეხმარა უცხოელ სტუდენტებს ქართული ტერმინოლოგიის ათვისებაში. ინგლისურენოვანი სალექციო რესურსების არსებობა მნიშვნელოვანი იყო ქართულენოვანი სტუდენტებისთვისაც და დაეხმარა დარგის სამეცნიერო ლექსიკის ინგლისური ეკვივალენტების ათვისებაში.

სალექციო მასალები იხილეთ აქ: 

III. პროექტის განხორციელების მესამე ეტაპი

შეგროვებული რესურსების ლაბორატორიული დამუშავება
მიღებული ცოდნისა და ათვისებული პროგრამული საშუალებების გამოყენებით 4-7 სექტემბერს განხორციელდა სხალთა-ხიხანის ხეობაში ექსკურსიებზე შეგროვებული რესურსების ლაბორატორიული დამუშავება-ტრენინგი:
  • რესურსების დიგიტალიზაცია (ვიდეომასალების დაჭრა, სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია, მეტამონაცემების ბლოკის შექმნა)
  • რესურსების ტრანსკრიფცია, ინდექსაცია, ფრეკვენტაცია,
  • რესურსების მულტიმედიალურ ELAN-ის ფორმატში გადატანა

IV. პროექტის განხორციელების მეოთხე ეტაპი

შეგროვებული რესურსების ანალიზი და შედეგების პრეზენტირება
3 სექტემბერს გადანაწილებული თემების მიხედვით შემდგარი 4 თემატური ჯგუფი 6-7 სექტემბერს ტუტორიუმის ფარგლებში მუშაობდა დაკვირვების შედეგად მოპოვებული მასალის თეორიულ ანალიზზე. შეგროვებული ვიდეომასალა თემატიკის მიხედვით დახარისხდა და დასამუშავებლად გადანაწილდა 4 სამუშაო ჯგუფში: ფოლკლორის ჯგუფი, ლინგვოკულტუროლოგიური კვლევის ჯგუფი, ეთნოლოგიის ჯგუფი, დიალექტოლოგიის ჯგუფი.
8 სექტემბერს საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა წარმოადგინეს სასერტიფიკატო პრეზენტაციები ჯგუფური მოხსენების სახით.

საპრეზენტაციო მასალები იხილეთ აქ: 

V. პროექტის განხორციელების ფინალური, მეხუთე ეტაპი

ხიხანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა
8 სექტემბერს 13-14 საათზე საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელებმა საზეიმოდ გადასცეს სკოლის მონაწილეებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადას¬ტურებელი სერტიფიკატები.

დამატებითი აქტივობა:

შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საჯარო სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მონაწილის დიანა ზოიძის ინიციატივით დაიგეგმა პროექტის ხელმძღვანელის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალდაბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მალვინა ზოიძე და შეახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია შავაძე. შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული წინადადებები შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხთან დაკავშირებით.
საჯარო ლექცია „ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში“
შუახევის მუნიციპალიტეტის რესურცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძესთან შეთანხმების საფუძველზე პროექტის ხელმძღვანელმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა თანდაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია „ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში“, რომელსაც შუახევის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.