საკვანძო სიტყვები: ევიდენციალობა, ქართველური ენები, ანდაზები
აბსტრაქტი: ევიდენციალობა მორფოსინტაქსური კატეგორია, რომელიც გამოხატულია მორფოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური საშუალებებით. თუმცა, მისი ენობრივი გამოხატულება განსხვავდება არა მხოლოდ არამონათესავე ენებს შორის, არამედ ხშირად დასტურდება განსხვავებები მონათესავე ენებს შორისაც. ქართველურ ენებში ევიდენციალობა გადმოცემულია მორფოლოგიურადაც და სემანტიკურადაც. ევიდენციალობის სხვადასხვა ტიპი განსხვავებულად გადმოიცემა სხვადასხვა ენობრივ დონეზე. მაგალითად, ქართულში ევიდენციალობა ზმნური ფორმებით (თურმეობითში), სხვათა სიტყვის ნაწილაკებით, ევიდენციალური მარკერებით და სხვა საშუალებებით გამოიხატება. ქართველურ ენათა ანდაზების ემპირიული ანალიზი ცხადყოფს, რომ მარტივი სტრუქტურის ანდაზები ხშირად მხოლოდ დამოკიდებული წინადადებების ფორმით არის გადმოცემული. ამ ტიპის ანდაზებში მთავარი წინადადება ძირითადად „თქმა“ ზმნის აწმყოს და ნამყოს მწკრივის ფორმებს იყენებს. (მაგ., „ამბობენ“, „თქვეს“, „თქმულა“), თუმცა ეს ზმნები, როგორც წესი, გამოტოვებულია ელიფსურ კონსტრუქციებში. საინტერესოა, რომ ქართველურ ენათა ანდაზებში ევიდენციალობა შეიძლება გადმოიცეს მარტივი (მორფოლოგიური ან სინტაქსური), ორმაგი ან მრავალჯერადი მარკერებით. ამ უკანასკნელზე მიუთითებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებისა და ევიდენციალობის გადმომცემი მწკრივების გამოყენება ერთდროულად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველურ ენათა ანდაზების ბუნებრივი სტრუქტურა მაინც ერთმაგად (III პირის ნათქვამის გადმომცემი სხვათა სიტყვის ნაწილაკით) მარკირებული ევიდენციალობაა.
საკვანძო სიტყვები: ზმნის გვარი, ქართველური ენები, მეგრული, ლაზური
აბსტრაქტი: ზმნის გვარის კატეგორია ლინგვისტური კვლევის აქტუალური ობიექტია არა მარტო ქართველური ენების, არამედ ზოგადლინგვისტური თვალსაზრისითაც. გვარის გრამატიკული კატეგორია სხვადასხვა ენობრივ დონეზეა განხილული როგორც ევროპულ, ისე ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში. კერძოდ, გვარი მიჩნეულია ლექსიკურ-გრამატიკულ (ა. შანიძე), მორფოლოგიურ (არნ. ჩიქობავა), სინტაქსურ-მორფოლოგიურ (ბ. ჯორბენაძე) თუ სემანტიკურ (დ. მელიქიშვილი) კატეგორიად. გვარის კატეგორიის ფარგლებში ოპოზიციური ფორმების განსხვავების საკითხი კვლავაც საკამათო და აქტუალურია. ზმნის გვართან დაკავშირებული ეს პრობლემები მოითხოვს გრამატიკული კატეგორიის ახლებულ გაგებას და ახალ მიდგომებს, რომლებიც გაითვალისწინებენ საკვლევი ენის სპეციფიკურ მახასიათებლებს. სტატიაში განხილულია გვარის გრამატიკული კატეგორია მეგრულ-ლაზურში. ზანურის ზმნური ფორმების ტიპოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ სტრუქტურულად მეგრულ-ლაზური და ქართული ერთი და იმავე ტიპს მიეკუთვნება, თუმცა ფორმალური მახასიათებლების მიხედვით გვარის გრამატიკული კატეგორია დამოუკიდებლად არის ჩამოყალიბებული ზანურში. მართალია, განსხვავებები დასტურდება მეგრულსა და ლაზურში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შინაარსი და გრამატიკული ფორმა მჭიდრო კავშირშია ზანურში. ამ თვალსაზრისით მეგრულისა და ლაზურის მორფოლოგია უფრო რეგულარულია, ვიდრე სვანურისა და ქართულის.
საკვანძო სიტყვები: ქართული ენა, აპროქსიმატული ზმნები, სახელური და ზმნური დომენები
აბსტრაქტი:
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავისებურებების ერთ-ერთი შემთხვევა ̶– სახელური და ზმნური დომენების სიმბიოზი. ქართულ ენას შეუძლია სახელური და ზმნური მორფოლოგიური ელემენტების შერწყმა და ამ გზით აპროქსიმატული ზმნების ფორმირება. ამგვარად ნაწარმოები აპროქსიმატული ზმნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სემანტიკური, ისე გრამატიკული მახასიათებლების მიხედვით: მათ სემანტიკურად შეუძლიათ გამოხატონ აპროქსიმატულობა, ეპისტემური მოდალობა, ქმედების მცდელობა ან კონტექსტური ევიდენციალობა (თუმცა შეიძლება გამოიყოს კიდევ უფრო მეტი სემანტიკური ჯგუფი). ქართული ენის ეროვნულ კორპუსში დადასტურებულმა მაგალითებმა აჩვენა, რომ ქართულში აპროქსიმატულობის კატეგორია არ შემოიფარგლება გარკვეული დროით, გვარით, პირითა და რიცხვით; იგი გვხვდება როგორც გარდამავალ, ისე გარდაუვალ ზმნებთან. აპროქსიმატული ზმნების სემანტიკურ-პრაგმატული ფუნქციების დადგენა შესაძლებელია პერიფრაზირების მეშვეობით, სინონიმური კონსტრუქციების ჩანაცვლებით, სუბსტიტუციის მეთოდის გამოყენებით; კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ აპროქსიმატული ზმნებით გადმოცემული ფუნქციური სემანტიკა ხშირად ემთხვევა ზოგიერთ სხვა ფუნქციური ელემენტის სემანტიკას, როგორიცაა მაგალითად, ფუნქციური ელემენტები ვითომ, თითქოს, არასპეციფიკური ფუნქციური ელემენტები რაღაც, რაღაცნაირად ან შეფასების ფუნქციური ელემენტები პატარა, ცოტა, კიდევ უფრო.
საკვანძო სიტყვები: გრამატიკალიზაცია, ქართული ენა, გრამატიკალიზებული ერთეულების ფუნქციური და სემანტიკური ანალიზი
აბსტრაქტი: სტატიაში აღწერილია გრამატიკალიზაციის პროცესი, მოცემულია გრამატიკალიზებულ ერთეულთა ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზი და განხილულია ზმნური წარმოშობის ფუნქციური ელემენტებით განპირობებული ომონიმიის საკითხი კორპუსლინგვიტიკაში. სტატია მიზნად ისახავს „ადგა“ გრამატიკალიზებული ფუნქციური ელემენტის კვლევას, მისი ფუნქციურ-სემანტიკური ნიშნების დახასიათებას. სტატიაში გამოყენებულია კორპუსული კვლევის მეთოდი, როგორც კორპუსზე დამყარებული, ისე კორპუსით განპირობებული მეთოდები. წარმოდგენილი კვლევა ქართული ენის ეროვნული კორპუსის (GNC) ბაზაზე განხორციელდა, ემპირიული მასალა შეკრებილია ქართული ენის რეფერენციალურ კორპუსში (GRC), რომელიც თავის მხრივ, აერთიანებს ძველი, საშუალი და ახალი ქართულის, ქართული დიალექტური და პოლიტიკური ქვეკორპუსების მონაცემებს. სტატია მიზნად ისახავს გრამატიკალიზებული „ადგა“ ერთეულის ფუნქციურ-სემანტიკური ნიშნების გამოყოფას, რისთვისაც სტატიაში გამოყენებულია ლექსიკური სუბსტიტუციისა და ელიმინაციის მეთოდები, ხოლო საკვლევი ერთეულის ფუნქციების აღსაწერად გამოყენებულია ენობრივი კომპეტენციის ტესტი. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები სტატიაში მოცემულია ცხრილების სახით. სტატიაში აღწერილია გრამატიკალიზებული „ადგა“ ფორმით გამოწვეული ომონიმიის საკითხი კორპუსში და მოცემულია წესები, რომლებიც ომონიმიის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. წესებს საფუძვლად უდევს მასალის საკვლევი რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი.
საკვანძო სიტყვები: კავკასიური ენები, ხინალუღური, ზმნური ძირები
აბსტრაქტი: ხინალუღურში სიტყვის ძირი შედგება დამახასიათებელი თანხმოვნებისაგან, რომელთაც შეუძლიათ აწარმოონ სხვადასხვა ფორმის ფუძეები შესაბამისი ზმნის ტიპების მიხედვით. ხინალუღურში ზმნები შეიძლება დავყოთ ზმნის სხვადასხვა ტიპებად იმის მიხედვით, თუ როგორ აწარმოებენ იმპერფექტულ ფორმებს. ამასთან, ზმნის ტიპები ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მოკლე და გრძელი ფუძეების მიხედვით, და იმ სუფიქსების მიხედვით, რომლებიც გამოიყენება ჰაბიტუალური, ჰორტატიური ინკლუზივის, იმპერფექტული უარყოფითი მიმღეობებისა და თანადროულობის გადმომცემი კონვერბების წარმოებისას. ხინალუღური ენა განასხვავებს პერფექტულ (მოკლე და გრძელ), იმპერფექტულ და მოდალურ ფუძეებს. ეს უკანასკნელი იდენტურია (და შესაბამისად ომონიმური) მოკლე იმპერფექტული (r ტიპის ზმნები) ან პერფექტული (ყველა სხვა ტიპის ზმნები) ფუძეებისა. გამოთქმის გასაადვილებლად, ძირეულ თანხმოვანსა და -n-ს შორის ხშირად ნახევარხმოვანი ჩაისმის, რომელიც მეტყველებისას, როგორც წესი /i/ ან /ı/ ხმოვნის სახით ან ლაბიალური თანხმოვნით /u/ რეალიზდება. ფუძეები, რომლებიც სტრუქტურულად დაბალი აწეულობის ხმოვანი + C-საგან შედგებიან, ინარჩუნებენ აღნიშნულ ხმოვნებს მოდალურ ფუძეებშიც. ზმნის ძირეული თანხმოვნები შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ტიპის ზმნებში, ამასთან, ისინი ინარჩუნებენ ძირითად სემანტიკურ მნიშვნელობას, თუმცა ზმნისწინებთან კომბინაციაში შეიძლება განიცადონ სემანტიკური სპეციფიკაცია. სტატიაში მოცემულია ზმნური ძირების კონსონანტების ანალიზი (განსხვავებული მნიშვნელობის მქონე ომონიმური ფორმებისა და ეტიმოლოგიების ჩათვლით) და მათი რეალიზაცია სხვადასხვა ტიპის ზმნებში.
საკვანძო სიტყვები: არგუმენტაციული სტრუქტურა, ქართული ენა, პოლიტიკური დისკურსი
აბსტრაქტი: არგუმენტაციული სტრუქტურების კვლევა ბუნებრივი ენის დამუშავების კონტექსტში ბოლო წლებში საგრძნობლად გააქტიურდა. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ პროცესში არგუმენტაციული სტრუქტურების კომპიუტერული დამუშავებაა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტექსტის ავტომატური დამუშავებისა და დიდი მოცულობის ტექსტური მონაცემების სემანტიკური ანალიზის შესაძლებლობას. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ქართულ ზეპირმეტყველებაში არგუმენტაციული სტრუქტურების აღწერასა და გამოვლენას. საკვლევი ემპირიული მასალა აღებულია ქართული ენის ეროვნული კორპუსიდან, კერძოდ, ქართული პოლიტიკური ტექსტების ქვეკორპუსიდან. აღნიშნულ მონაცემთა ბაზა თემატურად მრავალფეროვანია და შეიცავს პოლიტიკოსთა გამოსვლებსა და ტელედებატებს, კერძოდ: ა) საქართველოს პრეზიდენტების და სხვა პოლიტიკოსების (ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნოე ჟორდანია, გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ნათელაშვილი) საჯარო გამოსვლებს, ბ) საპარლამენტო სხდომების ჩანაწერებსა და სატელევიზიო პოლიტიკურ შოუებს. სტატიაში გააანალიზებულია არგუმენტაციული სტრუქტურების შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა წინაპირობები და მსჯელობა, და მათ შორის არსებული კავშირები, რათა ზოგადად დაადგინოს ქართულ პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში არგუმენტაციული სტრუქტურების სახეები ჟანიერისა და სანტ-დეზიერის (2019 წ.) მოდელის საფუძველზე.
საკვანძო სიტყვები: ქართული პოლიტიკური მეტყველება, ზვიად გამსახურდია, ეთნიკური უმცირესობები, სიძულვილის ენა
აბსტრაქტი: სტატიაში გამოკვლეულია დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გამოსვლები ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოთქვა პოლიტიკოსმა მზარდი ტერიტორიული კონფლიქტის ფონზე. საკითხის ემპირიული შესწავლის იდეა განაპირობა სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებულმა მოსაზრებამ, რომ გამსახურდია იყენებდა სიძულვილის ენას ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებით. კვლევა ეყრდნობა ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გამოსვლების სამტომეულს, რომელიც ბეჭდურად არის გამოქვეყნებული და ჩართულია ქართული ენის ეროვნული კორპუსის პოლიტიკურ ქვეკორპუსში. აღნიშნული რესურსი საშუალებას იძლევა დავამუშაოთ პოლიტიკური ტექსტები კვლევის კორპუსლინგვისტური მეთოდების გამოყენებით. რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ არსებული მონაცემებით (ზვიად გამსახურდიას გამოსვლები, წარმოთქმული მისი პრეზიდენტობის პერიოდში) და გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, არ დასტურდება ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდია სისტემატურად იყენებდა სიძულვილის ენას ეთნიკური უმცირესობების მიმართ. თუმცა, ანალიზმა გამოავლინა გამსახურდიას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული გამოსვლების ზოგიერთი თავისებურება.
საკვანძო სიტყვები: ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველება, ლინგოპოლიტოლოგია, პოლიტიკური დისკურსი, შინაარსის ანალიზი
აბსტრაქტი: ქართულ სამეცნიერო სივრცეში პოლიტიკური დისკურსის მეცნიერული ანალიზი განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა აქტუალური, თუმცა აღნიშნული კვლევები საკუთრივ ლინგვოპოლიტოლოგიის, როგორც ჰუმანიტარული დისციპლინის შედარებით ახალი დარგის პერსპექტივიდან ნაკლებად ხორციელდება. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ერთი თანამედროვე პოლიტიკოსის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი. ნაშრომში გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგია განპირობებულია საკვლევი თემის ინტერდისციპლინური ბუნებით. კერძოდ, ემპირიული მასალა გაანალიზებულია როგორც დისკურსის კრიტიკული და კონტენტაანალიზის, ისე კორპუსლინგვისტური და სტატისტიკური კვლევის მეთოდების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა ლინგვოპოლიტოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით (პოლიტიკური მეტყველების ენობრივი ანალიზის პერსპექტივიდან) აღიწეროს და გაანალიზდეს წარმოდგენილი მასალა. ნაშრომში საგანგებოდ არის ყურადღება გამახვილებული ენობრივი ანალიზის სტატისტიკურ სურათზე, რაც თვისობრივად მნიშვნელოვანი და საინტერესო წინასწარი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
საკვანძო სიტყვები: თარგმანთმცოდნეობა, დიგიტალური რუსთველოლოგია, ქართული ენა, დეონტური მოდალური სემანტიკა
აბსტრაქტი: დეონტური სემანტიკა ერთ-ერთი სახეა მოდალობის კატეგორიისა, რომელიც გამოხატავს მორალურად პასუხისმგებელი აგენტების მიერ შესასრულებელი ქმედებების აუცილებლობას შესაძლებლობის დონეზე. ფ. რ. პალმერი დეონტურ მოდალობას განიხილავს როგორც „დისკურსზე ორიენტირებულს“, რადგან, ავტორის აზრით, დეონტური სემანტიკა გულისხმობს მოლაპარაკესაც და ადრესატსაც ერთდროულად. პოემა „ვეფხისტყაოსანში“ დეონტური მოდალური მნიშვნელობები სხვადასხვა ზმნის მეშვეობით გამოიხატება (ჰშვენის, ეგების, ხამს, უნდა), რომლებიც გადმოსცემენ შესაფერისობა/შეუსაბამობას, ვალდებულებას ან შეფასებას.
დეონტური მოდალობა როგორც სემანტიკური ჯგუფების, ისე გამომხატველი საშუალებების თვალსაზრისით, საკმაოდ მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი „ვეფხისტყაოსანში“, შესაბამისად, მრავალფეროვნება გვაქვს თარგმანებშიც, რომლებშიც, როგორც წესი, დეონტური მოდალური სემანტიკა სიღრმისეულად, ადეკვატურადაა გადმოცემული, ზოგჯერ ერთი და იმავე მოდალური ზმნებით, ზოგჯერ კი − სინონიმური ეკვივალენტებით. იშვიათად გვაქვს შემთხვევები, როდესაც მოდალური სემანტიკა თარგმანში იჩრდილება, ასეთი მაგალითები ჩვენს საკითხთან მიმართებით უფრო მეტია ლინ კოფინთან, ვიდრე უორდროპისეულ თარგმანში, რაც, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ უორდროპისეული თარგმანი პროზაულია და მთარგმნელი შედარებით უპრობლემოდ არჩევს ზუსტ კონტექსტუალურ ეკვივალენტს, ლინ კოფინი კი ცდილობდა სალექსო საზომის შენარჩუნებას, მაგრამ ზუსტი მოდალური ზმნისა ან კონსტრუქციის გამოყენება, სავარაუდოდ, ყოველთვის არ აძლევდა მას ამის საშუალებას, შესაბამისად, მთარგმნელი ირჩევდა კონკრეტული კონტექსტისათვის აზრის გამოხატვის ალტერნატიულ საშუალებებს.
საკვანძო სიტყვები: თარგმანმცოდნეობა, დიგიტალური რუსთველოლოგია, ქართული ენა
აბსტრაქტი: სტატიაში განხილულია რუსთველის ხედვა ორი კონცეფციის – „მიჯნური“ და „მოყვასი“ – საფუძველზე. ნაშრომში გამოყენებული მეთოდოლოგია მოიცავს პოემისა და მისი რუსული თარგმანების, კერძოდ, კონსტანტინე ბალმონტის, შალვა ნუცუბიძისა და არჩილ ხალვაშის სრული პოეტური თარგმანების კორპუსლინგვისტურ ანალიზს. ემპირიული მასალის საფუძველზე, ნაშრომში გააანალიზებულია აღნიშნული კონცეფციების ეკვივალენტობის საკითხი თარგმანებში. ასევე შეფასებულია ორიგინალისა და თარგმანების ურთიერთმიმართება და ეკვივალენტობის ხარისხი. ემპირიული მასალა ეყრდნობა რუსთაველის პარალელური კორპუსის ბეტა ვერსიას – Rustaveli goes digital. კვლევამ აჩვენა, რომ რუსული თარგმანები ეკვივალენტთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თარგმანების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სიტყვების „მიჯნურისა“ და „მოყვასის“ კონტექსტური და ფუნქციური ეკვივალენტები. კვლევამ აჩვენა, რომ ნუცუბიძე და ხალვაში ამ კონცეპტების თარგმნისას იყენებენ ლექსიკური სესხების მეთოდს. ამ მეთოდის გამოყენების მიზანია თარგმანში ორიგინალური კონცეპტების ესთეტიკური და ემოციური ზემოქმედების მაღალი ხარისხით შენარჩუნება.
საკვანძო სიტყვები: ქართული ფოლკლორი, ამირანის ეპოსი, ჰუბრისი, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
აბსტრაქტი: ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა და მდიდარი ტრადიციისა, ეპიკური ჟანრი ნაკლებად არის წარმოდგენილი. ქართულ ფოლკლორში არ დასტურდება ისტორიული ხასიათის ეპოსი, არ ჩანს მკაფიოდ გამოკვეთილი ისტორიული ან ფსევდოისტორიული გმირი. ქართულ ფოლკლორში შემონახული ამირანიანი ტრაგიკული ეპოსის ჟანრს მიეკუთვნება, სადაც საგმირო-სათავგადასავლო და მითოლოგიური მოტივების ფონზე ადამიანის აღზევებისა და დაცემის დრამა არის მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამირანიანს პრომეთეს მითოსთან მიმართებაში განიხილავენ, მას გაცილებით მეტი აქვს საერთო ბერძნულ კლასიკურ დრამასთან, ვიდრე პრომეთეს მითოსთან _ ამირანიანიც, მსგავსად ბერძნული დრამისა, ჰუბრისზეა აგებული. წინამდებარე სტატიაში განხილულია ჰუბრისის მოტივი ანგლო-საქსური „ბეოვულფისა“ და ქართული „ამირანიანის“ მიხედვით შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პერსპექტივიდან.
საკვანძო სიტყვები: ჩრდილოეთ კავკასიის ენები, ოსური ენა, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია
აბსტრაქტი: ჩრდილოეთ კავკასიის ენები ტრადიციულად შეუმჩნეველი რჩება მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიების მიერ, როგორიცაა Google Translate ან Duolingo; ეს ნაწილობრივ განპირობებულია მომხმარებელთა მცირე რაოდენობით, ნაწილობრივ კი თანმიმდევრული ინსტიტუციური მხარდაჭერის არარსებობით ან უბრალოდ რესურსების ნაკლებობით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი ინოვაციური მიდგომა შემუშავდა ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის გაზრდილი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების გამო. თუმცა, ძირითადად, აღნიშნული რესურსების ნაკლებობის ფონზე, ბევრმა პროდუქტმა ვერ შეძლო დაწეოდა სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესსა და მხარი აება მომხმარებელთა მუდმივად მზარდი მოლოდინებისათვის. არსებული მოდგომები, რომელიც აშკარად მოძველებულია, მოითხოვს განახლებულ მიდგომასა და ახალ ინოვაციებს. ნაშრომში აღწერილია ტექნოლოგიური პროდუქტი Bazur, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც მობილური აპლიკაცია Android-ისთვის, iOS-ისთვის და ხელმისაწვდომია დესკტოპ-ვერსიის სახითაც. აპლიკაცია ამჟამად შედგება 18 ენისა და დიალექტისგან. პროდუქტი გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის, ძიების მოქნილი შესაძლებლობებისა და მოსახერხებელი ღრუბლოვანი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. პროდუქტში დამატებით ჩაშენებულია crowdsourcing-ის ფუნქცია, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ ენის მატარებელს პოტენციურ კონტრიბუტორად აქცევს.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია