საკვანძო სიტყვები: ქართველური ენები; რაოდენობრივი ტიპოლოგია; კომპოზიციის ინდექსი; R-Studio; მორფოლოგიური სტრუქტურა
აბსტრაქტი: წინამდებარე სტატია ეძღვნება ქართველური ენების (ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური) მორფოლოგიური სისტემების კომპლექსურ კვლევას კვანტიტატიური ტიპოლოგიის ჭრილში. კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს რთულსიტყვაწარმოების (კომპოზიციის) მექანიზმებისა და მათი ფუნქციონირების სიხშირის ანალიზი ჯოზეფ გრინბერგის მიერ შემუშავებული კომპოზიციის ინდექსის (C=R/W) გამოყენებით. მონაცემთა დასამუშავებლად გამოყენებულია პროგრამირების პლატფორმა R-Studio. ნაშრომში საკვლევი ობიექტი გაანალიზებულია ორი მიმართულებით: სინქრონიულად (მეგრული, ლაზური და სვანური ენების 300-სიტყვიანი ტექსტების შედარება) და დიაქრონიულად (ქართული სალიტერატურო ენის მორფოლოგიური ჩარჩოს მდგრადობის კვლევა V საუკუნიდან XXI საუკუნემდე). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად ენებს შორის არსებული სტრუქტურული განსხვავებებისა, მეგრულში, ლაზურსა და სვანურში კომპოზიციის ინდექსი თითქმის იდენტურია (1,027 – 1,030), რაც ქართველურ ენათა ღრმა ტიპოლოგიურ და სისტემურ ერთიანობას ადასტურებს. ამასთანავე, დიაქრონიულმა ანალიზმა გამოავლინა ქართული ენის სტრუქტურული კონსერვატიულობა და ისტორიული მდგრადობა, რადგან 15 საუკუნის განმავლობაში კომპოზიციის ინდექსი მხოლოდ 1,00-იდან 1,09-ამდე მერყეობს. ინდექსის ცვალებადობა უმთავრესად ტექსტის ფუნქციური სტილით (მაგალითად, მედიატექსტები ან სარაინდო ეპოსი) არის განპირობებული და არა ქრონოლოგიური ფაქტორებით. დასასრულ, ნაშრომში ხაზი ესმება, რომ ქართველური ენების მორფოლოგიური სირთულეების (მაგალითად, ფუზიური ბუნების) გასაანალიზებლად ამ ეტაპზე კომპიუტერული მეთოდების (NLP) პარალელურად აუცილებელია ზუსტი მანუალური, ფილოლოგიური ვერიფიკაციის (ჰიბრიდული მიდგომის) გამოყენება.
საკვანძო სიტყვები: გელათური თარგმანის მეტატექსტი; მორფოსინტაქსი; მიცემითი-ვითარებითი ოპოზიცია; ფუნქციურ-სემანტიკური დიფერენციაცია; ორმაგი აკუზატივი
აბსტრაქტი: კვლევა ეფუძნება ერთი გელათური თარგმანის მეტატექსტის ანალიზს, რომლის საფუძველზეც განხილულია მიცემითი და ვითარებითი ბრუნვების ფუნქციურ-სემანტიკური დიფერენციაცია. კვლევა აჩვენებს, რომ ამ ბრუნვებს შორის არჩევანი მხოლოდ მორფოლოგიური ხასიათის არ არის, არამედ მნიშვნელოვან სემანტიკურ დატვირთვას ატარებს: იგი განსაზღვრავს ლოგიკურ აქცენტს და გავლენას ახდენს პრედიკაციულ სტრუქტურაში განსაზღვრულ და განმსაზღვრელ კომპონენტებს შორის ურთიერთმიმართებაზე. ძველ ქართულში მიცემითი და ვითარებითი ბრუნვები ავლენენ ფუნქციურ-სემანტიკურ განსხვავებებს, რომლებიც გავლენას ახდენს სინტაქსურ ორგანიზაციაზე. მაშინ, როდესაც მიცემითი ბრუნვა გამოკვეთს რელაციურ მიმართებას ან ირიბი ობიექტის ფუნქციას, ვითარებითი ბრუნვა გამოხატავს მოქმედების განხორციელების ხასიათს ან მის თანმხლებ გარემოებას. ამ ბრუნვათა მონაცვლეობა გავლენას ახდენს პროპოზიციის პრაგმატულ სტრუქტურაზე და შესაძლებელს ხდის რთული საღვთისმეტყველო კონცეფციების უფრო ზუსტად გამოხატვას. ამგვარი აქცენტის უმნიშვნელო ცვლილებაც კი განსხვავებულ ინტერპრეტაციას ქმნის. მორფოსინტაქსური ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ ცვლის ამ ბრუნვებს შორის მონაცვლეობა პროპოზიციულ შინაარსსა და პრედიკატსა და მის არგუმენტებს შორის მიმართებებს. მორფოსინტაქსურ ანალიზს ავსებს შესაბამისი ძველი ბერძნული ტექსტებიდან გამოვლენილი ტიპოლოგიური პარალელები. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ძველი ქართული ენა რთული ლოგიკური მიმართებების გამოხატვის ფართო შესაძლებლობებს ფლობდა. მიცემითი-ვითარებითი ოპოზიციის დახვეწილი გამოყენება ხელს უწყობდა თეოლოგიური ტექსტების გამომსახველობითი შესაძლებლობების გაძლიერებას და შესაძლებელს ხდიდა, ერთი მხრივ, ტექსტების კონცეპტუალური სიზუსტის ასახვას, ხოლო, მეორე მხრივ, მათი შინაარსის ქართულ მორფოსინტაქსურ სისტემასთან ადაპტირებას.
საკვანძო სიტყვები: ახალი იადგარი; ჰიმნოგრაფია; ძველი ქართული; სემანტიკური ტრანზიცია; სინტაქსი; მოდალობა; დიდი მარხვის ტროპარია
აბსტრაქტი: სტატიაში განხილულია სემანტიკური ტრანზიციის სინტაქსური მახასიათებლები „ახალი იადგარის“ დიდმარხვის ციკლის საგალობლებში. „ახალი იადგარი“ ჩვენამდე მოღწეული უმნიშვნელოვანესი კრებულია, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიაში: იგი შეიცავს როგორც თარგმნილ საგალობლებს, ასევე ქართველ ჰიმნოგრაფთა პოეტურ შემოქმედებას. ძეგლის ენა, სინტაქსური თვალსაზრისით, ძალიან მრავალფეროვანია და ძველი ქართული ენის რესურსების ჟანრის სპეციფიკასთან ადაპტაციას ასახავს. სინური კოლექციის ექვსი ხელნაწერიდან (Sin. Geo. 1, Sin. Geo. 14, Sin. Geo. 26, Sin. Geo. 34, Sin. Geo. 59, Sin. Geo. 64) საბაზისოდ გამოყენებულია Sin. Geo. 1, როგორც შედარებით ძველი და სრულყოფილი წყარო. სტატიაში გაანალიზებულია ის სინტაქსური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში ხდება სემანტიკურ შრეებს შორის გადასვლა, მაგალითად, თეოლოგიური აღიარებიდან დოქსოლოგიურ ან ვედრებით დისკურსზე. ეს ცვლილება, რომელსაც სტატიაში სემანტიკური ტრანზიცია ეწოდება, არა მხოლოდ რიტორიკული ხერხი, არამედ ტროპარული ჟანრის სტრუქტურულად კოდირებული მახასიათებელიცაა, რომელიც იდენტიფიცირებადი გრამატიკული საშუალებებით რეალიზდება. სტატიაში დასაბუთებულია, რომ „ახალი იადგარის“ ქართული ტექსტი ქმნის ავტონომიურ ენობრივ რეალობას, რადგან ბერძნული დედნის საკითხი მეთოდოლოგიურ სირთულეს წარმოადგენს. ბერძნული ტრადიცია შედარებით გვიანდელია, ხოლო დიდმარხვის ჰიმნოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენადი ბერძნული ორიგინალი საერთოდ არ შემონახულა. „ახალი იადგარის“ ტექსტი გამოირჩევა სტაბილურობით – რედაქციული სხვაობანი სინურ წყაროებს შორის იშვიათია და ძირითადად მცირე ორთოგრაფიული და მორფოფონოლოგიური განსხვავებებით შემოიფარგლება, რაც კიდევ უფრო ამყარებს Sin. Geo. 1-ის, როგორც საბაზისო წყაროს, სანდოობას. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ სემანტიკური ტრანზიცია სინტაქსურ დონეზე უპირატესად რეალიზდება მოდალობის, პრედიკატული სტრუქტურისა და გარემოებითი დამოკიდებული წინადადებების განლაგების ცვლილებით. მიღებული შედეგები გააზრებულია ძველი ქართული სასულიერო პოეზიის სინტაქსური კვლევის ფართო კონტექსტში.
საკვანძო სიტყვები: ხელნაწერების წარმომავლობა და წარმოშობა; ბერძნული სახარების ლექციონარები; ბიზანტიური ხელნაწერები; ჟალიის ქართული მონასტერი (კვიპროსი); ბიზანტიური ფონეტიკა; ბერძნული ისტორიული გამოთქმა
აბსტრაქტი: საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბერძნული სახარება-ლექციონარი (შიფრით: grec. 279) წარმოადგენს ერთ დამატებით წყაროს კვიპროსზე მდებარე ჟალიას (ღალიას) ქართული მონასტრის შუა საუკუნეების წიგნთსაცავის ისტორიის აღსადგენად. ვინაიდან სავანეში ოდესღაც დაცული კოლექციის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოიპოვება, ეს შემორჩენილი კოდექსი მონასტრის ხელნაწერი მემკვიდრეობის იშვიათ და ღირებულ მატერიალურ მოწმობად გვევლინება. აღნიშნული ლექციონარის კავშირი მონასტრის წიგნთსაცავთან დასტურდება მესამე ფურცელზე ახლახან გამოვლენილი მინაწერით. ნუსხურით შესრულებული წარწერა პირდაპირ მოწმობს, რომ ხელნაწერი ჟალიას (ღიალიას) ღვთისმშობლის მონასტრის კუთვნილება იყო. გარდა ამისა, ტექსტში დაცული სავანის სახელწოდების სპეციფიკური ფონეტიკური ფორმა ბერძნულ-ქართულ ენობრივ ურთიერთმიმართებასა და წარმოთქმის თავისებურებებს ასახავს. პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე ხელნაწერს IX საუკუნით ათარიღებენ. იგი სავარაუდოდ დიდხანს ინახებოდა კვიპროსის ქართველთა მონასტერში, სანამ XVII საუკუნის მიწურულს ლუდოვიკო XIV-ის სახელმწიფო მოღვაწემ, ჟან-ბატისტ კოლბერმა, არ შეიძინა, საიდანაც იგი საფრანგეთში მოხვდა. წინამდებარე გამოკვლევა ახალ პერსპექტივას ხსნის ჟალიას (ღალიას) ქართველთა მონასტრის ბერძნული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის საკითხში.
საკვანძო სიტყვები: დიგიტალური რუსთველოლოგია; კორპუსზე დაფუძნებული კვლევა; შოთა რუსთაველი; თარგმანმცოდნეობა; ეკვივალენტობა; გუსტავო დე ლა ტორე; მარია ელვირა როკა ბარეა; მარგალიტი
აბსტრაქტი: წინამდებარე სტატია წარმოადგენს კორპუსზე დაფუძნებულ ლიტერატურულ-თარგმანმცოდნეობით კვლევას, რომელიც შეისწავლის, თუ რა ეკვივალენტებით არის გადმოცემული ლექსემა „მარგალიტი“ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ორ ესპანურ თარგმანში. კვლევა განხორციელდა მულტილინგვური პარალელური კორპუსის „Rustaveli Goes Digital“ ბაზაზე. კვლევაში გამოყენებულია დუალური მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს კვლევის კვანტიტატიურ და კვალიტატიურ მეთოდებს. გაანალიზებული ერთეულები კლასიფიცირებულია დედანში მათი სამი ძირითადი ფუნქციის მიხედვით: ავტოსემანტიკური მიმართება კონკრეტულ მარგალიტზე, როგორც ძვირფას თვალზე, მარგალიტის მეტაფორული გამოყენების შემთხვევები და მისი ექსპლიციტური ან იმპლიციტური გადმოცემის შემთხვევები. კვლევაში შეფასებულია ესპანური ეკვივალენტების ლექსიკური სპეციფიკა ფიგურალური და სინტაქსური სტრუქტურის ცვლილებებთან ერთად. ემპირიული მასალის ანალიზმა გამოავლინა ორი განსხვავებული მთარგმნელობითი სტრატეგია: გუსტავო დე ლა ტორე მარგალიტის ეკვივალენტად თანმიმდევრულად იყენებს სიტყვას perla, რითაც პრიორიტეტს ანიჭებს დენოტატურ ეკვივალენტობას და, შესაბამისად, იცავს დედანზე ორიენტირებულ სტრუქტურულ სიახლოვეს. მარია ელვირა როკა ბარეა კი მიმართავს მაღალინტერპრეტაციულ, მიზნობრივ ტექსტზე ორიენტირებულ სტრუქტურას; იგი ხშირად ანაცვლებს ძირითად ლექსემას ისეთი კონტექსტური ალტერნატივებით, როგორიცაა joya, piedra preciosa ან diamante, და რეგულარულად შლის კომპაქტურ მეტაფორებს მკაფიო შედარებებად, რათა გაზარდოს ტექსტის კითხვადობა და ვიზუალური ეფექტი. კვლევამ გვიჩვენა, რომ განსხვავება პოემის ესპანურ თარგმანებს შორის არ არის ბინარული კონფლიქტი სიტყვასიტყვითსა და თავისუფალ თარგმანს შორის, არამედ ეს არის სტრუქტურული ბალანსი ლოკალურ სტილისტურ ოპტიმიზაციასა და გლობალურ ლექსიკურ მთლიანობას შორის. მეთოდოლოგიურად, ნაშრომი ხაზს უსვამს ციფრულ პარალელურ კორპუსებში ცალკეული ლექსემის ეკვივალენტების გამოვლენისა და ანალიზის მნიშვნელობას ვრცელ ლიტერატურულ ნაწარმოებებში სისტემური მთარგმნელობითი კანონზომიერებების გამოსავლენად.
საკვანძო სიტყვები: სამეცნიერო ჟურნალისტიკა; ციფრული მედია; ლექსიკური სიმჭიდროვე; ლექსიკური მრავალფეროვნების ინდექსი (TTR); წაკითხვადობის ინდექსი; კორპუსის ლინგვისტიკა
აბსტრაქტი: წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ციფრულ მედიაგარემოში არსებული ქართულენოვანი სამეცნიერო ჟურნალისტიკის კორპუსულ-ლინგვისტურ ანალიზს Marketer.ge-სა და 1tv.ge – მეცნიერების პუბლიკაციებზე დაყრდნობით. 70 სტატიისგან შემდგარი კორპუსის ანალიზმა, რომელიც მოიცავს 27,046 ტოკენსა და 9,299 უნიკალურ ტიპს, გამოავლინა თემატური გადანაწილების, მულტიმედიური ინტეგრაციის, ჰიპერტექსტუალობის, ლექსიკური მრავალფეროვნების (TTR), ლექსიკური სიმჭიდროვისა და წაკითხვადობის ინდექსის თავისებურებები. თემატურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნის შესაბამისად, დომინირებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (51%) და მედიცინა (30%). სტრუქტურულმა ანალიზმა გამოავლინა ჰიპერტექსტუალობის მაღალი ინტეგრაცია – სტატიების 87%-ში გამოყენებულია ჰიპერბმულები. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციური სიტყვების სიხშირის გამო მთლიანი კორპუსის TTR 34%-ია, ცალკეული სტატიები ავლენს განსაკუთრებით მაღალ ლექსიკურ მრავალფეროვნებასა (60%–87%) და სტაბილურ ლექსიკურ სიმჭიდროვეს (0.65–0.85), რაც მათ მაღალ საინფორმაციო ტევადობაზე მოწმობს. კვლევის უმნიშვნელოვანესი მიგნება უკავშირდება მკაფიო დარგობრივ დივერგენციას: ზუსტ მეცნიერებებთან შედარებით, ჰუმანიტარული პროფილის მედიატექსტები ხასიათდება წაკითხვადობის უფრო დაბალი ინდექსით, გრძელი სინტაქსური კონსტრუქციებითა (საშუალოდ 24.5 სიტყვა წინადადებაში) და მაღალი ლექსიკური სიმჭიდროვით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტექნოლოგიური სფეროს გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტები უფრო საფუძვლიანად ახდენენ ტექნიკური ტერმინების ადაპტაციას, მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული დისკურსი ინარჩუნებს სინტაქსურ სირთულეს და მეტად ეყრდნობა არაადაპტირებულ აბსტრაქტულ ცნებებს. საბოლოოდ, ციფრული სამეცნიერო ჟურნალისტიკა წარმატებით ახერხებს მკაცრი აკადემიური მონაცემების გარდაქმნას მიმზიდველ, სამეცნიერო-პოპულარულ ნარატივად.
საკვანძო სიტყვები: ხორვატიის ისტორია (1933–1945); ნაცისტური გერმანიის აღქმა; ხორვატული
მედიის რეცეფციის ანალიზი; ისტორიული კორპუსის ანალიზი
აბსტრაქტი: წინამდებარე ნაშრომი შეისწავლის ნაცისტური გერმანიის რეცეფციასა და რეპრეზენტაციას ხორვატიის პრესაში. მთავარ საკვლევ ამოცანას წარმოადგენს საკითხის დიაქრონიული კვლევა, თუ როგორ ასახავდნენ 1933–1945 წლების პერიოდული გამოცემები გერმანიის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომამდე და შემდგომ; რა გავლენა ჰქონდა ხორვატიაში მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკურ პროცესებს გერმანიისადმი დამოკიდებულებაში და რამდენად ასახავდა ხორვატული პრესა იმ პოლიტიკური სისტემების მახასიათებლებსა და იდეოლოგიურ პოზიციებს, რომლებშიც ისინი ფუნქციონირებდნენ. 1941 წლის აპრილში გერმანიისა და იტალიის შემოჭრის შემდეგ, ხორვატიის სამეფო დაიშალა და ხორვატმა ფაშისტებმა ანტე პაველიჩის ხელმძღვანელობით შექმნეს მარიონეტული სახელმწიფო NDH „ნეზავისნა დჟავა ჰრვატსკა“ („ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო“), რომელიც არსებობდა 1945 წელს ფაშისტური ძალების დამარცხებამდე. ამ ისტორიული და პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ნაშრომში წარმოდგენილია, თუ როგორ აღიქმებოდა „მესამე რაიხი“ აღნიშნული პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე. კვლევამ აჩვენა, რომ 1933–1941 წლებში ხორვატულ პრესაში დომინირებდა ნეიტრალური, ფრთხილი ან ზომიერად კრიტიკული მიდგომა, რადგან პრესა ძირითადად შიდაპოლიტიკური პრობლემებით (ხორვატიის საკითხით) იყო დაკავებული; 1941–1945 წლებში, პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ცენზურის გამო, ოფიციალური პრესა სრულად დაექვემდებარა ნაცისტურ პროპაგანდისტულ მოდელებს და გერმანია „მესიანისტურ ძალად“ წარმოაჩინა; პარალელურად არსებულმა იატაკქვეშა ანტიფაშისტურმა პრესამ შექმნა მძლავრი კონტრ-საჯარო სივრცე, სადაც გერმანია კაცობრიობის მტრად და აგრესორად იყო მონიშნული. 1945 წლის შემდეგ კი რადიკალურად შეიცვალა ხორვატულ პრესაში რეცეფცია ნაცისტური გერმანიისადმი – მტრისა და მოკავშირის კატეგორიები საპირისპიროდ შეტრიალდა: ა) საბჭოთა კავშირი მთავარი მტრიდან მთავარ მოკავშირედ იქცა; ბ) ფაშისტური რეჟიმის, როგორც დამარცხებული მოკავშირის, კაპიტულაციასთან მიმართებით მოახდინა დისტანცირება, რათა თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა საკუთარ კრახზე და ფოკუსირება მოეხდინა ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს (NDH), როგორც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმური წევრის დამარცხებაზე. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ხორვატულ მედიაში წარმოდგენილი ნაციონალურ-სოციალისტური გერმანიის რეცეფცია ჩამოყალიბდა გაბატონებული პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად.
საკვანძო სიტყვები: კამპანიის ადაპტური არქიტექტურის მოდელი (ACAM); სტრუქტურული შეუსაბამობა; სამოქალაქო კამპანიები; სტრატეგიული კომუნიკაცია; კონფლიქტის დიაგნოსტიკა
აბსტრაქტი: წინამდებარე კვლევა წარმოადგენს კამპანიის ადაპტური არქიტექტურის მოდელს (ACAM) – სადიაგნოსტიკო ჩარჩოს, რომელიც სამოქალაქო კამპანიების მარცხის უმთავრეს მიზეზად მათი ძირითადი კომპონენტების სტრუქტურულ შეუსაბამობას მიიჩნევს. სოციალური მოძრაობების თეორიაზე, სტრატეგიული კომუნიკაციის კვლევებსა და კონფლიქტების ანალიზზე დაყრდნობით, ACAM კამპანიის დიზაინს ხუთ ურთიერთდამოკიდებულ კომპონენტად აჯგუფებს: გარემო ფაქტორების შეზღუდვები, ორგანიზაციული შესაძლებლობები, აუდიტორიის დინამიკა, სტრატეგიული კომუნიკაცია და მობილიზაციის დინამიკა. ნაშრომის მთავარი წვლილია კრისტოფერ მურის „კონფლიქტის წრის“ ინტეგრირება კამპანიის აუდიტორიის დიაგნოსტიკაში. ეს ცვლის აუდიტორიისადმი დასმულ ფუნდამენტურ შეკითხვას დემოგრაფიული სეგმენტაციიდან კონფლიქტში პოზიციონირებისკენ: არა მხოლოდ ვინ არის აუდიტორია, არამედ როგორ არის იგი განლაგებული იმ კონკრეტულ სოციალურ კონფლიქტში, რომელზე გავლენის მოხდენასაც კამპანია ცდილობს. ეს მეთოდოლოგიური ჩარჩო გამოყენებულია ორი კონტრასტული პოლონური სამოქალაქო კამპანიის მაგალითზე: „სოლიდარობა“ (Solidarność) – 1980-იანი წლების დასაწყისის მუშათა და სამოქალაქო მოძრაობა, და „პოლონეთის ქალთა გაფიცვა“ (Ogólnopolski Strajk Kobiet) – თანამედროვე უფლებადამცველი მოძრაობა, რომელიც აქტიური იყო 2016-2022 წლებში. ეს შემთხვევები შერჩეულ იქნა მაქსიმალური სტრუქტურული კონტრასტის გამო. „სოლიდარობა“ მოქმედებდა ინფორმაციის დეფიციტის, სახელმწიფო რეპრესიებისა და ორგანიზაციული არალეგალურობის პირობებში. „ქალთა გაფიცვა“ კი ფუნქციონირებდა ციფრულად გაჯერებულ, ჰიბრიდულ მედიაგარემოში, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ალგორითმული ფრაგმენტაციითა და ღირებულებებზე დაფუძნებული ღრმა პოლარიზაციით. შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ „სოლიდარობამ“ მიაღწია ხანგრძლივ ინსტიტუციურ გავლენას მაღალი სტრუქტურული შესაბამისობის წყალობით, უკიდურესი შეზღუდვების მიუხედავად. ამავდროულად, „ქალთა გაფიცვამ“ შექმნა არაჩვეულებრივი ხილვადობა და რეალური დისკურსული გავლენა, თუმცა გაუჭირდა პიკური მობილიზაციის გარდაქმნა მყარ ინსტიტუციურ ცვლილებად. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს სამ პუნქტს: ა) ხილვადობა არ განსაზღვრავს გავლენას; ბ) შეუსაბამობა თვალსაჩინო ხდება მხოლოდ კომპონენტების ურთიერთმიმართებისა და არა ცალკეული ელემენტების ანალიზით და გ) შესაბამისობა არის უწყვეტი პროცესი და არა მხოლოდ დიზაინის ეტაპზე მისაღწევი შედეგი.
საკვანძო სიტყვები: ორიენტაციული მეტაფორა; ქართული ენა; პოლიტიკური დისკურსი
აბსტრაქტი: ორიენტაციული მეტაფორა ერთ-ერთ ფუნდამენტურ კოგნიტიურ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აბსტრაქტულ ცნებებს ფიზიკური სივრცის აღქმის საფუძველზე წარმოვიდგენთ. ქართული პოლიტიკური დისკურსი მდიდარია მსგავსი ხატოვანი გამოთქმებით. ისეთი ცნებები, როგორებიცაა ძალაუფლება, იერარქია, პროგრესი ან მარცხი, სწორედ სივრცით კატეგორიებზე აგებული მეტაფორების მეშვეობით გამოიხატება. ნაშრომი ანთროპოლინგვისტიკური პერსპექტივიდან იკვლევს ორიენტაციულ მეტაფორებს ქართულ პოლიტიკურ დისკურსში და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ პოლიტიკური ცნებები (ძალაუფლება, ავტორიტეტი, მოვლენათა განვითარების დინამიკა) როგორ არის მეტაფორულად წარმოდგენილიზემოთ/ქვემოთ და წინ/უკან სივრცითი ოპოზიციების მეშვეობით. კვლევა ეყრდნობა კონცეპტუალური მეტაფორის თეორიასა და დისკურს-ანალიზს, ხოლო საილუსტრაციო მასალა მოიცავს შემდეგ პოლიტიკურ ტექსტებს: პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლებს, ინტერვიუებს, სოციალური მედიის პოსტებს და მედიასაშუალებების კომენტარებს. შერჩეული მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა, რომ დისკურსული მონაცემები ენობრივ, კულტურულ და სოციალურ ჭრილში გაანალიზდეს. ამგვარი მიდგომა კი წარმოაჩენს ენის, კულტურისა და პოლიტიკის გადაკვეთის წერტილებს და ადასტურებს, რომ: ა) ზემოთ/ქვემოთ და წინ/უკან ჯგუფის ორიენტაციული მეტაფორები ენაში ფუნქციონირებენ როგორც არა მხოლოდ შემეცნებითი ინსტრუმენტები, არამედ როგორც შეფასების მექანიზმები პოზიტიური/ნეგატიური პარამეტრების მიხედვით; ბ) პოლიტიკურ დისკურსში ადგილი აქვს ორიენტაციული მეტაფორების დომენთაშორის გადანაცვლებას, რაც შემდეგ მაგალითებში ვლინდება: სოციალური სტატუსი („ზემდგომი პირი“, „ქვედა რგოლის წარმომადგენელი“), ძალაუფლება („ზემოდან ყურება“), მორალურ ღირებულებაზე მითითება („ფსკერზე დაშვება“), განვითარების დინამიკა („ქვეყანა წინ მიიწევს“, „ქვეყანა ჭაობში ეფლობა“). ანთროპოლინგვისტიკური და დისკურსის ანალიზის პერსპექტივებიდან ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ორიენტაციული მეტაფორების განხილვა კულტურულად მარკირებული მნიშვნელობებისა და ეთნოსპეციფიკური შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
საკვანძო სიტყვები: კორპუსლინგვისტიკა; პოლიტიკური ლინგვისტიკა; ინაუგურაციის მიმართვები; ქართული პოლიტიკური დისკურსი; კოლოკაციის ანალიზი
აბსტრაქტი: სტატიაში წარმოდგენილია დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტების მიერ წარმოთქმული საინაუგურაციო მიმართვების (1991-2024 წწ.) კორპუსზე დაფუძნებული კვლევა. საინაუგურაციო ტექსტების კორპუსი დამუშავდა კორპუსლინგვისტური მეთოდების გამოყენებით; კორპუსი ანოტირებულია UDPipe-ზე დაფუძნებული მოდელის მეშვეობით და შემდგომ ხელით არის კორექტირებული. საკვლევად აღებულია საქართველოს პრეზიდენტთა რვა საინაუგურაციო გამოსვლა და წარმოდგენილია მათი კვანტიტატიური და კვალიტატიური ანალიზი. კერძოდ, გამოანგარიშებულია ტექსტებში სიტყვათა საშუალო რაოდენობა წინადადებაში, ლექსიკური სიხშირეები და კოლოკაციები, რომლებიც logDice მაჩვენებლების მიხედვით არის დალაგებული. გარდა ამისა, გამოვლენილია ყველაზე ხშირად გამოყენებული შინაარსობრივი სიტყვები და მათი კოლოკაციები, რომლებიც შედარებულია ქართული ენის ეროვნულ კორპუსში არსებულ სიტყვათა სიხშირესთან და კოლოკაციებთან. კვლევის შედეგად გამოვლინდა როგორც ენობრივ-ლინგვისტური, ისე სტრატეგიული მსგავსება-განსხვავებები განხილულ ტექსტებს შორის. კერძოდ, მიმართვები მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც მოცულობით, ისე თემატური აქცენტებით; საინაუგურაციო ტექსტებში ძირითადი კონცეპტების დიაქრონული განაწილება მიუთითებს აქცენტის გადანაცვლებაზე სახელმწიფო და ინსტიტუციური მშენებლობიდან ქვეყნის საერთაშორისო და ევროპული ინტეგრაციისკენ; გამონაკლისს წარმოადგენს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, საინაუგურაციო სიტყვა, რომელშიც ძირითადი აქცენტი გადატანილია ეროვნულ ძლიერებაზე, ოჯახზე, ხალხსა და ტრადიციულ ღირებულებებზე. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ორი საარჩევნო ვადით არჩეული საქართველოს პრეზიდენტების – ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის საინაუგურაციო მიმართვები. კვლევამ გამოავლინა საინტერესო მსგავსება: ორივე მიმართვა, რომელიც მეორე ვადის დასაწყისში იქნა წარმოთქმული, მნიშვნელოვნად მოცულობითია, ვიდრე შესაბამისი პირველი ვადის მიმართვები და, ამასთან ერთად, გადანაცვლებულია თემატური აქცენტებიც. საინაუგურაციო ტექსტების სიტყვათა სიხშირული ანალიზი ნათლად აჩვენებს საქართველოს პრეზიდენტთა ინსტიტუციურ და ნაციონალურ ენობრივ პროფილს და ხაზს უსვამს კორპუსზე დაფუძნებული მეთოდების პოტენციალს ენობრივი ნიმუშების იდენტიფიცირებაში, ქართული პოლიტიკური დისკურსის თვისებრივ კვლევებსა და ამ მიმართულებით ჰიპოთეზების შემუშავებაში.
საკვანძო სიტყვები: კორპუსლინგვისტიკა; პოლიტიკური ლინგვისტიკა; ქართული პოლიტიკური დისკურსი; ფუნქციური სიტყვები
აბსტრაქტი: წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური რიტორიკის რაოდენობრივ-ლინგვისტური და რეგისტრ- ანალიტიკური კვლევის შედეგები. კორპუსლინგვისტური კვლევა განხორციელდა პოლიტიკოსის გამოსვლების 25 შერჩეული ტექსტის ბაზაზე, რომელიც დაყოფილია სამ ფუნქციურ რეგისტრად: ოფიციალური განცხადებები, მიმართვები და ინტერვიუები. სტატიაში წარმოდგენილია ლექსიკური მრავალფეროვნების კოეფიციენტის (TTR), გიროს ინდექსისა და ლექსიკური სიმკვრივის სისტემატური ვარიაციები დისკურსის სხვადასხვა რეჟიმში. კვლევის თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს მაიკლ ჰალიდეის რეგისტრების თეორია და მაიკლ გრეგორის დიატიპური ვარიაციის მოდელი, რომლის საშუალებითაც გაანალიზებულია, თუ როგორ ქმნიან სალაპარაკო და წერილობითი არხების კოგნიტური შეზღუდვები პოლიტიკური ენის მიკროლინგვისტურ ნიმუშებს. ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევამ შერჩეული ნიმუშების მაგალითზე გვიჩვენა, რომ პოლიტიკური დისკურსი იკავებს ჰიბრიდულ პოზიციას სალაპარაკო და წერილობით მოდალობებს შორის. ლექსიკური მრავალფეროვნების საზომების მათემატიკური დამოკიდებულება ტექსტის მოცულობაზე მეთოდოლოგიურად განიხილება კორექტირების ტრანსფორმაციების საშუალებით, კერძოდ, გიროს ინდექსით. გარდა ამისა, კვლევა კონტექსტუალიზაციას უკეთებს ემპირიულ შედეგებს ქართული ენის მორფოსინტაქსური ტიპოლოგიის ფარგლებში. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუებში გამსახურდიას სპონტანური დისკურსი ფუნქციურად სიტყვებით მდიდარი, რელაციური კლაუზური გრამატიკისკენ (Relational Clausal Grammar ან RCG) იხრება, მისი ტექსტები საერთო ჯამში ინარჩუნებს განსაკუთრებით მაღალ ლექსიკურ სიმკვრივეს, რაც ტიპიურია ღრმად შეკუმშული, სახელური ფრაზების გრამატიკისათვის, რომელიც ტრადიციულად დაგეგმილი, წერილობითი ენისათვის არის დამახასიათებელი. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ანალიზი აჩვენებს, რომ სტანდარტულ რაოდენობრივ მეტრიკებს გააჩნია სერიოზული შეზღუდვები, როდესაც ისინი გამოიყენება ქართული ენის მიმართ. შესაბამისად, კვლევა ცხადყოფს ქართულ ენაზე მორგებული სპეციფიკური ადაპტირებული მოდელების შემუშავების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მორფოსინტაქტურად რთულ ენებში ისეთი მეტრიკების ვალიდური გამოყენება, როგორიცაა TTR და ლექსიკური სიმკვრივე.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია