მილენიუმი ტომი III

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ახალგაზრდული სამეცნიერო ჟურნალი

ISSN 2960-9887 (ელექტრონული ვერსია)

ჟურნალის ახალი ნომერი:
ტომი 3, 2025 წ. (სრული ვერსია)

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „მილენიუმი“ დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის დამფუძნებელთა მიერ და განკუთვნილია ჰუმანიტარიაში და სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართათვის - მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის.
ჟურნალი „მილენიუმი“ მიზნად ისახავს მეცნიერთა ახალი თაობის აკადემიური განვითარების ხელშეწყობას - ჰუმანიტარულ დარგებსა და სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.

ავტორები და სტატიები:

I. დიგიტალური რუსთველოლოგია

იულიან ჰაშე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გერმანია)
„ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების კორპუსლინგვისტური ანალიზი (რუსული და უკრაინული თარგმანების შედარებითი ანალიზი)

საკვანძო სიტყვები: კორპუსლინგვისტიკა, თარგმანის თეორია, დიგიტალური  რუსთველოლოგია, აფორიზმები, ქართული ენა, რუსული ენა, უკრაინული ენა

აბსტრაქტი: წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორისტული გამონათქვამების კორპუსლინგვისტური ანალიზის და აფორიზმების  თარგმანების შეფასება რუსულ და უკრაინულ ენებზე. კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება პროექტის „რუსთაველი ციფრულ ეპოქაში“ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, განსაკუთრებით კი ფრაზული ალინირების მეთოდს. ქართული ორიგინალისა და თარგმანების ურთიერთმიმართება განიხილება ჰენიუმისა და კოლერის ეკვივალენტობის თეორიული მოდელის, აგრეთვე კოგნიტური სემანტიკის ძირითადი კონცეფციების ფარგლებში. ამასთანავე, სტატიაში დეტალურად არის განხილული აფორიზმის ფენომენი – ­­მისი თეორიული განმარტება. ემპირიული კვლევისათვის შერჩეულია ექვსი აფორიზმი: სამი ერთსტრიქონიანი და სამი ორსტრიქონიანი, რათა წარმოდგენილი იყოს განსხვავებული სტრუქტურის აფორიზმების შედარება რუსულ და უკრაინულ თარგმანებში. ანალიზის შედეგად გამოვლინდა თარგმნის სტრატეგიებში მნიშვნელოვანი განსხვავებები, განსაკუთრებით ინფორმაციული სტრუქტურისა და რიტორიკული საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით. ორივე თარგმანი ზოგადად ინარჩუნებს აფორიზმების უნივერსალურობასა და არგუმენტირებულობას, თუმცა უკრაინული ვერსია აჩვენებს მეტ ლექსიკურ სიახლოვეს ქართულ ორიგინალთან, მაშინ როდესაც სტრუქტურული ცვლილებები თვალშისაცემია. რუსული თარგმანი, პირიქით, სტრუქტურულად უფრო ახლოს დგას ორიგინალ ტექსტთან, თუმცა სემანტიკური გადახრები უფრო საგრძნობია. მიღებული შედეგები ხაზს უსვამს აფორიზმების თარგმნის სირთულეს და წარმოაჩენს მათ მნიშვნელობას როგორც ლინგვისტური, ისე თარგმანთმცოდნეობის თვალსაზრისით.

მარიამ გობიანიძე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გერმანია)
თურე ნაწილაკის ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზი „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებსა და მის ინგლისურ თარგმანებში

საკვანძო სიტყვები: თარგმანის თეორია, დიგიტალური  რუსთველოლოგია, აფორიზმები, ქართული ენა, ინგლისური ენა

აბსტრაქტი: შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანი შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის გამორჩეული ეპოსია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. წინამდებარე სტატია ეძღვნება პოემიდან ერთი სტრიქონის, კერძოდ, „კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების სტრუქტურულ და ლინგვისტურ ანალიზს. სტრიქონი განხილულია თარგმანთმცოდნეობის კუთხითაც. სტატია ეძღვნება ამ სტრიქონის კონტექსტურ წაკითხვას ვეფხისტყაოსნის XVII თავში, რომელშიც აფორიზმად კვალიფიცირებული  გამონათქვამი სტროფის პირველ სტრიქონშია განთავსებული, რაც სტრუქტურულად იშვიათი შემთხვევაა. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნაწილაკს თურე, რომელიც აღნიშნავს უნახაობას და ტექსტში ევიდენციალობას გამოხატავს. სწორედ ეს ნაწილაკი ეწინააღმდეგება აფორიზმის კლასიკურ კრიტერიუმებს, როგორებიცაა უტყუარობა და საყოველთაო ჭეშმარიტება. ანალიზში განხილულია მარჯორი უორდროპის, ვენერა ურუშაძისა და ლინ კოფინის ინგლისური თარგმანები, რომლებიც სწორად ასახავენ სიკეთისა და მისი უკუგების კონცეფციებს, თუმცა ყველა შემთხვევაში დაკარგულია თურე-ს უნახაობის სემანტიკა. კვლევის შედეგად გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიუხედავად სტრიქონის ლაკონიურობისა და სიბრძნის შემცველობისა, სტრიქონის ლინგვისტური ანალიზი მის აფორიზმად კვალიფიცირებას ართულებს.

II. ლინგვისტიკა

მარიამ ყამარაული (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი/ჰამბურგის უნივერსიტეტი, გერმანია)
ახალი ხედვა ქართული ენის გახლეჩილი ერგატიულობის შესახებ

საკვანძო სიტყვები: გახლეჩილი ერგატიულობა, კორპუსის ლინგვისტიკა, ლინგვისტური ტიპოლოგია, თანამედროვე ქართული, GNC

აბსტრაქტი: ნაშრომში გაანალიზებულია გახლეჩილი ერგატიულობის ანალიზის ფენომენი, რომელიც ენების ტიპოლოგიური ფენომენია და წარმოადგენს ენაში გრამატიკული ან სემანტიკური გარემოებების საფუძველზე ნომინატიურ-აკუზატიური და აბსოლუტურ-ერგატიული სისტემების ერთდროულად გამოყენების შემთხვევას. ფუნდამენტურ ტიპოლოგიურ და თეორიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, კვლევა აღწერს გახლეჩილი ერგატიულობის ძირითად ტიპებს სხვადასხვა ენებში,  განსაკუთრებით რობერტ მ. ვ. დიქსონის (1994) მიერ ჩამოყალიბებულ განპირობებულობის ელემენტების, მათ შორის დროის, ასპექტის, პირის იერარქიისა და ფრაზის ტიპის კლასიფიკაციას. ქართული ენა, როგორც რთული მორფოლოგიური და სინტაქსური სტრუქტურის მქონე ენა, რომელიც ეწინააღმდეგება მარტივ ბინარულ კლასიფიკაციას, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც მორფოსინტაქსური გასწორების ვარიაციის მნიშვნელოვანი მაგალითი, ვინაიდან ის ავლენს გახლეჩილი ერგატიულობის გამომწვევ რამდენიმე კრიტერიუმს, როგორიცაა მწკრივი, ზმნის სემანტიკური კლასი, გვარის კატეგორია და  კონტროლის კატეგორია. წინამდებარე ნაშრომი გვიჩვენებს, რომ ქართული ენა წარმოადგენს გადაფარვის აღნიშნული პარამეტრებით განპირობებულ გახლეჩილი ერგატიულობის ნამდვილ მაგალითს. ნაშრომი ემყარება ქართული ენის ეროვნული  კორპუსის (GNC) ემპირიული მონაცემების ანალიზს. ნაშრომში წარმოდგენილი კორპუსული კვლევა კომპლექსურ ანალიზის საშუალებას იძლევა და ქართული ენის გახლეჩილი ერგატიულობის ფენომენის ახლებულ გაგებას გვთავაზობს და ხელს შეუწყობს გადაფარვის სისტემების ბუნებისა და ერგატიულობის შესახებ უფრო ფართო ტიპოლოგიურ და თეორიულ დისკუსიებს.

მარინა მჟავანაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)
რიტორიკული შეკითხვები ქართველ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო გამოსვლებში

საკვანძო სიტყვები: რიტორიკული შეკითხვა, პოლიტიკური მეტყველება, ენობრივი მანიპულაცია

აბსტრაქტი: ენა არის სოციალური კომუნიკაციის ინსტრუმენტი, რომელიც თითოეული ინდივიდისთვის განსხვავებული და უნიკალურია. ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებაა რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ენობრივი მანიპულაციის მძლავრ მექანიზმს წარმოადგენს. რიტორიკული შეკითხვის გამოყენების ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, კერძოდ, სატელევიზიო გადაცემებში, საიდანაც გამომსვლელები იდეოლოგიურ გზავნილებს აწვდიან მაყურებლებს და ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას. რიტორიკულ შეკითხვებს განსაკუთრებული როლი აქვს პოლიტიკურ დისკურსში, რამდენადაც სწორედ პოლიტიკოსების მიზანია სათქმელის დამაჯერებლად მიტანა საზოგადოებამდე და მათი მხარდაჭერის მოპოვება. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ქართველ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო გამოსვლებში გამოვლენილი რიტორიკული შეკითხვები, ერთი მხრივ, პოლიტიკური დისკურსის კონტექსტში, მეორე მხრივ კი, საკომუნიკაციო აქტის კონტექსტში. კვლევისას გავითვალისწინეთ როგორც საკომუნიკაციო აქტის კატეგორიები – ლოკუციური, ილოკუციური და პერლოკუციური, ისე ელაბორაციული ალბათობის თეორია, ვიყენებთ კვლევის ტრადიციულ მეთოდებს: შედარება-შეპირისპირების, კრიტიკული ანალიზის, დისკურსანალიზის, ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზის, სტრუქტურული და ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის მეთოდებს. ემპირიულ მასალად ავიღეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების (ხუთი პარტია) ლიდერების წინასაარჩევნო გამოსვლებში გამოვლენილი რიტორიკული შეკითხვები. კვლევის შედეგად გამოვლინდა, ერთი მხრივ, პოლიტიკოსთა მოტივაცია, რა შემთხვევაში და რა მიზნით იყენებენ რიტორიკულ შეკითხვებს ჩვენ მიერ შერჩეული პოლიტიკოსები, მეორე მხრივ კი, აღწერილია რიტორიკული შეკითხვების შემცველი კონტექსტების სტრუქტურა და შემადგენელი კომპონენტები. წინამდებარე სტატია წარმოადგენს მეთოდოლოგიური ჩარჩოს შექმნის მცდელობას, რომელიც ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ ქართულ ენაში ნაკლებადშესაწავლილი ფენომენის – პოლიტიკური რიტორიკის გასაანალიზებლად და პოლიტიკოსთა მიერ გამოყენებული ენობრივი სტრატეგიების დასადგენად ქართულ პოლიტიკურ დისკურსში.

III. ექსპერიმენტული ფონეტიკა

ზურაბ ოქროპირიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)
ფუნქციურ ელემენტთა პროსოდიული კონსტრუქციები ქართულში

საკვანძო სიტყვები: ქართული ენის გრამატიკა, ექსპერიმენტული ფონეტიკა, პროსოდიული მახასიათებლები

აბსტრაქტი: სტატია ეხება ქართული ენის გრამატიკალიზაციის პროცესის ერთ კონკრეტულ მაგალითს – ზმნური ერთეულის ადგა ფუნქციურ ტრანსფორმაციასა და ამ პროცესის პროსოდიულ დონეზე რეალიზაციის კვლევას. სტატიაში განხილულია თუ რა პროსოდიული მახასიათებლების მიხედვითაა შესაძლებელი  გრამატიკალიზებული და ზმნური ელემენტის დიფერენციაცია ზეპირმეტყველებისას. კვლევა ეყრდნობა ექსპერიმენტული ფონეტიკის მეთოდებს, წინადადებების აკუსტიკურ და აუდიტორულ ანალიზს. აკუსტიკური ანალიზისათვის გამოყენებულია პროგრამა Praat, ხოლო მონაცემების პროსოდიული ანოტაცია შესრულებულია სისტემის ToBI საფუძველზე. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ გრამატიკალიზებულ კონსტრუქციებს ახასიათებთ ენკლიტიკური კონსტრუქცია, სადაც „და“-კავშირი უკავშირდება წინამავალ გრამატიკალიზებულ სიტყვას და მათ შორის არ ფიქსირდება რაიმე სახის სიტყვათშორისი საზღვარი, გრამატიკალიზებული ადგა+და პრაგმატიკული თვალსაზრისით ერთი ფუნქციური ელემენტია. ამის საპირისპიროდ, წინადადებებში, სადაც ადგა + და არ არის გრამატიკალიზებული, ზმნურ ერთეულსა და კავშირს შორის დასტურდება სიტყვათშორისი პაუზა ან/და ინტონაციური საზღვარი. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ენა ასხვავებს გრამატიკალიზებულ და არაგრამატიკალიზებულ ერთეულებს პროსოდიული კონსტრუქციების საშუალებით, შესაბამისად, საკითხის სრული აღწერისთვის აუცილებელია სხვა გრამატიკალიზებული ერთეულების ანალიზი, რაც მნიშვნელოვანია როგორც თეორიული ენათმეცნიერების თვალსაზრისით, ისე გამოყენებითი თვალსაზრისით, კერძოდ – ქართული ენისათვის ხმოვანი ტექნოლოგიების განვითარებისათვის და ორთოეპიული ნორმების დადგენისათვის. მოცემულ სტატიაში წარმოადგენილია საპილოტე კვლევა, რომლის მიზანია მეთოდოლოგიური ჩარჩოს შექმნა უფრო ფართო ემპირიული და ტიპოლოგიური კვლევებისათვის.

IV. ეთნოლინგვისტიკა

სარა გიზე, კარინა დომინგეს ლოპესი (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გერმანია)
ენობრივი ტაბუს თარგმანის ანალიზი სატელევიზიო შოუს „ყველა ჩვენგანი მკვდარია“ გერმანულ სუბტიტრებში

საკვანძო სიტყვები: აუდიოვიზუალური თარგმანი, სუბტიტრები, ტაბუ-გამონათქვამები, კორეული ენა, გერმანული ენა

აბსტრაქტი: თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება უცხო ენის შესწავლა ფილმებისა და სერიალების ენის, განსაკუთრებით სუბტიტრების საშუალებით. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ენები სხვაობებს გვიჩვენებენ  კულტურულად მარკირებული გამონათქვამების ვერბალურ ფორმულირებასა და გამოყენებაში, დგება საკითხი: როგორ უნდა ითარგმნოს მიზანენაში წყაროენის ისეთი კულტურულად სპეციფიური გამონათქვამები, როგორიცაა გინება და შეურაცხყოფა, ან უფრო ფართოდ, ტაბუირებული ენა. ეს პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სუბტიტრების შემთხვევაში, სადაც თარგმნი­სას შესაძლოა დაიკარგოს კულტურულ-სპეციფიკური  სიტყვების ან ფორმუ­ლების ნიუანსები. ნაშრომის მიზანია ტაბუირებული ენის გამოყენებისა და მისი თარგმანის ანალიზი კორეული სერიალის All Of Us Are Dead გერმანულ სუბტიტრებში. სერიალი ცნობილია კორეული სლენგის ფართო გამოყენებით, რის გამოც მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ენის შემსწავლელთა შორის. სწორედ ეს გარემოება აქცევს კორეული სერიალის გერმანულ სუბტიტრებს საინტერესო კვლევის ობიექტად, განსაკუთრებით თარგმნის სტრატეგიების გამოყენების თვალსაზრისით — როგორ აისახება კორეული ტაბუ-გამონათვამები გერმანულ ენაში. კვლევაში გამოყენებულია კვლევის როგორც კვანტიტატიური, ისე კვალიტატიური მეთოდები, მათ შორის შესწავლილია თარგმნის სტრატეგიები, მათი გამოყენების სიხშირე და თარგმანის პრაგმატული ასპექტები.

V. პოლიტიკური ლინგვისტიკა

თამარ გუჩუა (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)
სოვიეტიზმები: საბჭოთა კავშირის მეტაფორული წარმოდგენა (ქართული პოლიტიკური დისკურსის მაგალითზე)

საკვანძო სიტყვები: სოვიეტიზმები, მეტაფორა, ქართული ენა, პოლიტიკური დისკურსი.

აბსტრაქტი: გამონათქვამები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მეტაფორულ ასახვას წარმოადგენენ, სპეციალურ ლიტერატურაში სოვიეტიზმებად იწოდებიან. სოვიეტიზმების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა ქართული ენა, რასაც თავისი ისტორიული მიზეზი აქვს: 1921 წელს წითელმა არმიამ საქართველოს სრული ოკუპაცია მოახდინა. საბჭოთა იმპერიაში იძულებითი გაერთიანების 70-წლიანმა პერიოდმა კი თავისი შესამჩნევი კვალი დატოვა ქართულ ენაში. არაერთი ბოლშევიკური ლიდერის სახელი და გვარი იქცა ენაში ახალი გამონათქვამების საფუძვლად. ნაშრომში განხილულია რამდენიმე მათგანი: „ავრორას გასროლა“, „ბრეჟნევის კოცნა“, „დენიკინისდროინდელი“,  „სტახანოვური“. საილუსტრაციო მასალა ციტირებულია თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისკურსიდან. წარმოდგენილია კონკრეტულ შემთხვევათა კონცეპტუალური ანალიზი ორი მიმართულებით: ა) მეტაფორული სტრუქტურების იდენტიციფიცირება; იმის ჩვენება, თუ როგორ აყალიბებს მეტაფორა კონკრეტულ იდეას და ბ) კულტურული მნიშვნელობის ხაზგასმა; იმის ჩვენება, თუ როგორ გამოხატავენ მეტაფორები მოცემული სამეტყველო ერთობის პოლიტიკურ პოზიციებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში სოვიეტიზმები უბრალოდ იდეოლოგიურ მეტაფორებს არ წარმოადგენენ და ე.წ. სიძულვილის ენის ინსტრუმენტებადაც გვევლინებიან. სოვიეტიზმები ცალსახად უარყოფით კონტექსტებში დასტურდება და ძირითადად პრორუსული განწყობების აღსაწერად. მსგავს გამონათქვამებს ადამიანები გამოიყენებენ თანამოსაუბრის ან საუბრის ობიექტის დაცინვის, გაკრიტიკებისა თუ ლანძღვის მიზნით.

VI. ფილოსოფია

თორნიკე ლელაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)
დაუინტერესებელი მჭვრეტელობა, როგორც ხსნის გზა შოპენჰაუერის ფილოსოფიაში და პარალელები ძენ ბუდიზმთან

საკვანძო სიტყვები: შოპენჰაუერი, ბუდიზმი, ესთეტიკა, ხსნა, სატორი.

აბსტრაქტი: კვლევა ეხება შოპენჰაუერის ფილოსოფიის ერთ-ერთ საკვანძო ცნებას – ხსნას. ხსნის შესაძლებლობა წარმოადგენს შოპენჰაუერის ეთიკის მთავარ საკითხს და განსაზღვრავს მის სოტერიოლოგიას. არის თუ არა მისი ნების მეტაფიზიკა არსობრივად პესიმისტური, სწორედ მოცემულ საკითხთან მიმართებით უნდა დადგინდეს. ამასთანავე, შოპენჰაუერის ფილოსოფიაში მოცემულია შესაძლო ხსნის სამი გზა, რომელთაგან ერთ-ერთი არის ხსნა ესთეტიკური, მაშასადამე, ხსნა დაუინტერესებელი მჭვრეტელობის საშუალებით. კვლევაში შოპენჰაუერის ესთეტიკა განხილულია სწორედ ამ თვალსაზრისით, როგორც ხსნის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, ცნობილია შოპენჰაუერის ფილოსოფიაზე ბუდისტური მოძღვრების გავლენისა და მათ შორის არსებული მსგავსების შესახებ. ორივე ფილოსოფია არსებულ სამყაროს წარმოაჩენს, როგორც არსობრივად მტანჯველს ინდივიდისათვის და მიზნად ისახავს მის განთავისუფლებას. კვლევის მიზანს წარმოადგენს შოპენჰაუერის ფილოსოფიაში ესთეტიკის როლის, როგორც ნების უარყოფის შესაძლებლობის განხილვა და მისი შედარება ძენ ბუდისტურ ესთეტიკურ თეორიასთან, როგორც სატორის (უეცარი გასხივოსნების) შესაძლო გამომწვევთან. გამოკვლევა ასევე მიზნად ისახავს მათ შორის არსებული შესაძლო არსობრივი მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენას.