დიგიტალური ჰუმანიტარია 21-ე საუკუნის მეცნიერების პირმშოა, რომლის წარმოშობაც ადამიანის ცნობიერებისა და ყოფიერების სფეროში მიმდინარე ევოლუციით არის განპირობებული და დიგიტალური ეპოქის ლოგიკურ და გარდაუვალ შედეგს წარმოადგენს. ტექნიკურმა რევოლუციამ და მისმა თანმდევმა საყოველთაო გლობალიზაციამ შეუქცევადი გახადა სამყაროს „გაციფრების“ პროცესი – ადამიანის ყოველდღიურობა თანამედროვე ეპოქაში გაჯერებულია ბინარული ციფრების – ნულისა (0) და ერთის (1) კომბინაციის უსასრულო ჯაჭვით. დიგიტალურმა ეპოქამ მოიცვა არა მხოლოდ ადამიანის ყოფიერების გამოყენებითი სფერო, არამედ სრულად დაიპყრო მისი ცნობიერება – დღეს წარმოუდგენელია ადამიანის კულტურულ-მენტალური და ინტელექტუალური რეალიზება ციფრული რესურსების გარეშე.
დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის მისიას წარმოადგენს საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის, განსაკუთრებით კი ქართველოლოგიის თვისებრივად ახალი ფორმის დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარება და ხელშეწყობა. აკადემია ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით და სამეცნიერო საქმიანობას, ატარებს ტრენინგებს, ვორკშოფებსა და მასტერკლასებს, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.