მანიპულაციის ენობრივი საშუალებები

მანიპულაციის ენობრივი საშუალებები
თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში
(ოთხი საარჩევნო პერიოდის 2012-2024 წწ. ბაზაზე)

პროექტის ავტორი: პროფ. მანანა თანდაშვილი

პროექტის წევრები: ასოც. პროფ. რუსუდან პაპიაშვილი, ასოც. პროფ. მზია ხახუტაიშვილი, ასოც. პროფ. ნანა ცეცხლაძე, დოქ. თათია ცეცხლაძე (კოორდინატორი), დოქტორანტი ანასტასია ყამარაული

პროექტი ხორციელდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის მონაწილეობით

პროექტის მიზანი

პოლიტიკური ლინგვისტიკა იკვლევს პოლიტიკური კომუნიკაციის მექანიზმებს, სტრატეგიებსა და ტექნიკას ენობრივ დონეზე და მათ გავლენას საზოგადოებაზე. შესაბამისად, პოლიტიკური მეტყველების ლინგვისტური კვლევა და მისი გავლენა საზოგადოებაზე პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს განსაკუთრებით დღეს – მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კრიზისების ფონზე. 21-ე საუკუნეში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის სწრაფი გავრცელების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების  კვლევა და მისი გავლენა საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაზე.

პროექტი მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური დისკურსის შესწავლას, კერძოდ, მანიპულაციის ენობრივი საშუალებების გამოვლენას ქართულ პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში ბოლო ოთხი საარჩევნო პერიოდის პოლიტიკური დისკურსის ბაზაზე. პროექტის ფარგლებში, ერთი მხრივ, ქართული პოლიტიკური მეტყველების მეცნიერული შესწავლის საფუძველზე შეიქმნება თეორიული ნაშრომები („მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“, „ქართული პოლიტიკური დისკურსის სენტიმენტლექსიკონი“, სამეცნიერო სტატიები), მეორე მხრივ,  შეიქმნება კვლევის ემპირიულ მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვიკვლიოთ მანიპულაციის ენობრივი საშუალებები უახლესი ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსში.

პროექტის სიახლე

პროექტით განსაზღვრული ამოცანები და მიზნები, ისევე როგორც კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ჩარჩო, სიახლეს წარმოადგენს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევის სფეროში, ვინაიდან: ა) პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდება უახლესი ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსის სისტემური, რომელიც ვრცელ  ემპირიულ ბაზაზე იქნება დაფუძნებული; ბ) შეიქმნება ღია რესურსი – „თანამედროვე ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დიგიტალური კორპუსი“ (CoCoGePoS), რომელიც პრინციპულად განსხვავდება აქამდე არსებული ქართული ენის ეროვნული კორპუსის პოლიტიკური ტექსტების ქვეკორპუსისაგან:

  • კორპუსში ძიება განხორციელდება მანიპულაციის ენობრივი საშუალებების მიხედვით;
  • პირველად შეიქმნება პოლიტიკური ტექსტების კორპუსი, რომელიც აღჭურვილი იქნება ძიების საგანგებო მექანიზმით, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინადადებების სელექცია განვახორციელოთ სემანტიკურ-პრაგმატული ნიშნის მიხედვით (შეფასება, კრიტიკა, ბრალდება, ინფორმირება, მოწოდება, პროგნოზი, განმარტება, მადლობა და ა.შ.). 
  • კორპუსი აღჭურვილი იქნება სენტიმენტის კვლევის შესაძლებლობებით, რომელიც დაეფუძნება პროექტის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისკურსის სენტიმენტლექსიკონს;
  • კვლევა განხორციელდება თემატური, პარტიული და გენდერული ბალანსირების პრინციპის გათვალისწინებით.

კვლევის მეთოდოლოგია

პროექტი განხორციელდება შემდეგი სამი ასპექტის გათვალისწინებით: თეორიული ჩარჩოს შემუშავება, ემპირიული ბაზის შექმნა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების კონცეპტუალიზაცია-რეალიზაცია ინტერდისციპლინური კვლევის განხორციელების მიზნით. ემპირიული რესურსების შერჩევა და დამუშავება „თანამედროვე ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დიგიტალური კორპუსის“ შესაქმნელად განხორციელდება ბალანსირების პრინციპის დაცვით. კერძოდ, გათვალისწინებული იქნება:

  • პოლიტიკური სპექტრის ბალანსი – კორპუსში შევა როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელ პოლიტიკოსთა მეტყველება;
  • თემატური ბალანსი – რესურსების შერჩევისას ორიენტირებულები ვიქნებით თემატურად მსგავს გამოსვლებზე;
  • გენდერული ბალანსი – პოლიტიკოსთა შერჩევისას დაცული იქნება გენდერული ბალანსი – კორპუსში წარმოდგენილ ქალ პოლიტიკოსთა მეტყველება რაოდენობრივად  გაუტოლდება მამაკაც პოლიტიკოსთა რაოდენობას.

შერჩეული რესურსების დიგიტალური დამუშავება განხორციელდება რამდენიმე ეტაპად: 

  1. ვიდეო-, აუდიო- და ტექსტური რესურსების ELAN-ში გადატანა (EAF ფაილების შექმნა),
  2. მეტამონაცემების ბანკის შექმნა
  3. პოლიტიკური დისკურსისათვის რელევანტურ მონაცემთა დათაგვა (პოლიტიკური ტერმინები, კოგნიტური მეტაფორები, მეტონიმები, იდიომატური გამოთქმები და ა.შ.);

პროექტის შედეგები

პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვისტური კვლევის შედეგად გამოვლინდება მანიპულაციის ენობრივი საშუალებები, მოხდება მათი სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია და დადგინდება მანიპულაციის ენობრივი საშუალებების გამოყენების სიხშირე სამი პარამეტრის მიხედვით: პარტიების, თემებისა და გენდერული თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება როგორც თეორიული ნაშრომები (მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიები, სენტიმენტლექსიკონი), ისე ციფრული რესურსები (ქართული თანამედროვე პოლიტიკური ზეპირმეტყველების კორპუსი) და ტექნოლოგიები (პოლიტიკური ტექსტების ავტომატური დამუშავების პროგრამა მანიპულაციის საშუალებების სტატისტიკური დამუშავების მიზნით). პროექტის ფარგლებში ასევე დამუშავდება სილაბუსი „პოლიტიკური ლინგვისტიკა“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ახალი მიმართლების დანერგვის მიზნით. პროექტის  ფარგლებში  მოპოვებული თეორიული ცოდნა და ემპირიული ბაზა ხელს შეუწყობს ქართული ენის ტექნოლოგიების განვითარება-დახვეწას, კერძოდ, მყარ საფუძველს მოუმზადებს  ბუნებრივი ენის დამუშავების პროცესს (NLP) ქართულთან მიმართებით და საგრძნობლად გააუმჯობესებს ქართული პოლიტიკური ტექსტების მანქანური თარგმანის შესაძლებლობებს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია.

პროექტს აფინანსებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი