საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თემაზე „პოლიტიკური მეტყველების ანალიზი – თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები“ მეორედ ტარდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმოადგენს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“ ნაწილს საგანმანათლებლო მიმართულებით.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტთათვის აკადემიური ცოდნის გადაცემას ჰუმანიტარული მეცნიერების ისეთ ახალ დარგში, როგორიცაა პოლიტიკური ლინგვისტიკა. სეზონური სკოლის თემის არჩევა განაპირობა ორმა გარემოებამ: ა) პოლიტიკური ლინგვისტიკა შედარებით ახლად ჩამოყალიბებული ინტერდისციპლინური დარგია, რომელმაც კვლევის ახალი, საკუთარი მეთოდი განავითარა (ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი) და ბ) საქართველოში ეს დარგი ახლა იდგამს ფეხს, რის გამოც ჯერ კიდევ არ არსებობს ქართულად პოლიტიკური ლინგვისტიკის სახელმძღვანელო და არც უმაღლესი განათლების სფეროში არ არის ასახული იგი, როგორც სასწავლო კურსი. სეზონური სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ლექციები საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო სფეროს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები) სტუდენტებს გაეცნონ პოლიტიკური ზეპირმეტყველების კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ინსტუმენტებსა და სტრატეგიებს ციფრულ ეპოქაში.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორიცაა, მაგალითად, კომუნიკაციის ფორმები და კომუნიკაციის წარმართვის ენობრივი სტრატეგიები, კომუნიკაციის თავისებურებები, შესაძლებლობები და გამოყენების მეთოდები მედიაკომუნიკაციაში, სიძულვილის ენა და მისი გამოყენების მიზანი და ეფექტი პოლიტიკურ გამოსვლებში, თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისკურსის სენტიმენტანალიზი, ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების თავისებურებები გენდერულ ჭრილში. საზაფხულოს სკოლის მონაწილეები გაეცნობიან მანიპულაციის ენობრივ საშუალებებს, შეძლებენ საკუთარი კვლევითი უნარ-ჩვევების შეცნობასა და პრაქტიკულ გამოყენებას.
საზაფხულო სკოლა ტარდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველოს, ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში.
ასოც. პროფ. მზია ხახუტაიშვილი (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოქტ. მარიამ ყამარაული (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)
კოორდინატორი: დოქტ. თათია ცეცხლაძე (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია