პალიმფსესტების ციფრული გაშიფვრა

ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების
ციფრული გაშიფვრის ტექნოლოგიის დახვეწა-განვითარება
(იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მაგალითზე)

პროექტის ავტორი: დოქ. მარიამ ყამარაული

პროექტი ხორციელდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოსა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის მონაწილეობით

პროექტის მიზანი

დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება  იმ გამოწვევების ფონზე, რომელსაც 21-ე საუკუნე უყენებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების განვითარებას ეროვნული სამეცნიერო დისციპლინების დაცვისა და შემდგომი განვითარების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს ციფრული კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დახვეწა-განვითარებას ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების ავტომატური, ციფრული გაშიფვრის გზით. წინამდებარე პროექტის ფარგლებში იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მაგალითზე განხორციელდება ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების ციფრული გაშიფვრის ტექნოლოგიის დახვეწა-განვითარება, რაც ქართულ პალიმფსესტურ ხელნაწერთა კვლევაში სრული სიახლეა.

პროექტის ორიგინალურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პირველად მოხდება ქართული ხელნაწერების ავტომატური წაკითხვის პროგრამის eScriptorium-ის გამოცდა და დახვეწა-განვითარება ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების წასაკითხად.

კვლევის აქტუალობა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის აქტუალობას ორი ფაქტორი გადაპირობებს: ა) საკვლევი ობიექტის – იოანე ზოსიმეს ხელნაწერის – როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ძეგლის, ციფრული მეთოდებით გამოკვლევა და ბ) თანამედროვე ტექნოლოგიებით  ქართული პალიმფსესტური ძეგლების ციფრული დამუშავების დახვეწა-განვითარება (ოპტიმალიზაცია), რათა გაიზარდოს ქართული ენის ძეგლების მიმოქცევა საერთაშორისო დონეზე და წარმატებით განხორციელდეს ქართული ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია.  

პროექტის ემპირიული რესურსი

პროექტი განხორციელდება ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის – Codex Sinaiticus Rescriptus-ის ბაზაზე. კრისტის აუქციონზე შეძენილი პალიმფსესტი, რომელიც შედგენილია არამეულ და ქართულ ენებზე, საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს მოწყვეტილი და სულ ახლახანს დაუბრუნდა ქართველ ერს. ხელნაწერი უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს არა მხოლოდ თავისი სიძველით ან სტრუქტურით  (ხელნაწერის ქვედა ფენა დათარიღებულია V-VII საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით), არამედ იმითაც, რომ ხელნაწერი იოანე ზოსიმეს ხელიდან არის გამოსული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელნაწერი იოანე ზოსიმეს ერთადერთი ეგზემპლარია, რომელიც საქართველოში ინახება და რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.

კვლევის მეთოდები

ქართველოლოგიური რესურსების ციფრული დამუშავების ისტორია სამ ათეულ წელს ითვლის და განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. რესურსების გაციფრულების პერველ ეტაპზე დაბეჭდილი ტექსტები მუშავდებოდა ოპტიკური სკანერის მეშვეობით და შემდეგ „იკითხებოდა“ ციფრული ტექსტის ფორმატში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (OCR), რომელსაც შეეძლო ცალკეული გრაფემების „აღქმა“, მათი იდენტიფიცირება ანბანის შესაბამის სიმბოლოებთან შედარების გზით და ამოცნობილი ასოების თანმიმდევრობის შენარჩუნებით ტექსტის შენახვა ელექტრონულ ფორმატში. ქართული ენის რესურსების გაციფრულებამ მიმდინარე ეტაპზე არსებითი ცვლილება განიცადა. თანამედროვე, ციფრული საუკუნის პირობებში მიმდინარე ტექნიკურმა რევოლუციამ ოპტიკური ამოცნობის სრულიად ახალი პერსპექტივები შექმნა – შეიქმნა ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ხელნაწერი ტექსტის ამოცნობის (HTR) წვრთნადი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ქართული ანბანით დაწერილი ტექსტებისთვისაც არის განკუთვნილი (იხ. https://adh.ge/wp-content/uploads/2025/01/Gippert_DiKa_3.pdf). პროექტის ფარგლებში მოხდება აღნიშული პროგრამული საშუალების eScriptorium-ის დახვეწა-გავარჯიშება პალიმფსესტური ხელნაწერის Codex Sinaiticus Rescriptus-ის ბაზაზე.

კვლევის შედეგები

პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ახალი თეორიული ცოდნა, ახალი დიგიტალური რესურსი და დაიხვეწება პალიმფსესტური ხელნაწერების ავტომატური დეშიფრირების პროგრამული უზრუნველყოფა.. კერძოდ:

  • შეიქმნება Codex Sinaiticus Rescriptus-ის დიგიტალური კორპუსი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ხელნაწერის ტექსტის სამი ვერსია: ა) ხელნაწერის ფოტოპირები, ბ) eScriptorium-ის მიერ ავტომატურად გაშიფრული შესაბამისი გვერდის ფოტოპირები და გ) ხელნაწერის ტექსტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება იოანე ზოსიმეს ავთენტური კალიგრაფიული შრიფტით, რომელიც საგანგებოდ შეიქმნება იოანე ზოსიმეს ხელის კალიგრაფიულ შესწავლისა და კალიგრაფიული შრიფტის დამზადების შედეგად.
  • დაიხვეწება და განვითარდება ქართული ხელნაწერების ავტომატური გაშიფვრის პროგრამა eScriptorium, რომელიც მოერგება ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების თავისებურებებს;
  • შეიქმნება ახალი ცოდნა, რომელსაც პროექტის ავტორი ხელმისაწვდომს გახდის პროექტით დაგეგმილი საერთაშორისო ვორკშოფის მეშვეობით;
  • განხორციელდება იოანე ზოსიმეს ხელნაწერის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის, ინტერდისციპლინური კვლევა;
  • ხელნაწერის ციფრული ტექნოლოგიებით დამუშავების შედეგად შეიქმნება ახალი ცოდნა, რომელიც აღნიშნულ ძეგლთან მიმართებით არსებულ მეცნიერულ ინტერპრეტაციას მყარ ემპირიულ საფუძველს შეუქმნის.

პროექტის შედეგად შექმნილი ციფრული რესურსები, კერძოდ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ტექსტის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის  ვებგვერდზე. 

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კალიგრაფი დავით მაისურაძე.

პროექტს აფინანსებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი