დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება იმ გამოწვევების ფონზე, რომელსაც 21-ე საუკუნე უყენებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების განვითარებას ეროვნული სამეცნიერო დისციპლინების დაცვისა და შემდგომი განვითარების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს ციფრული კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დახვეწა-განვითარებას ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების ავტომატური, ციფრული გაშიფვრის გზით. წინამდებარე პროექტის ფარგლებში იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მაგალითზე განხორციელდება ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების ციფრული გაშიფვრის ტექნოლოგიის დახვეწა-განვითარება, რაც ქართულ პალიმფსესტურ ხელნაწერთა კვლევაში სრული სიახლეა.
პროექტის ორიგინალურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პირველად მოხდება ქართული ხელნაწერების ავტომატური წაკითხვის პროგრამის eScriptorium-ის გამოცდა და დახვეწა-განვითარება ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების წასაკითხად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის აქტუალობას ორი ფაქტორი გადაპირობებს: ა) საკვლევი ობიექტის – იოანე ზოსიმეს ხელნაწერის – როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ძეგლის, ციფრული მეთოდებით გამოკვლევა და ბ) თანამედროვე ტექნოლოგიებით ქართული პალიმფსესტური ძეგლების ციფრული დამუშავების დახვეწა-განვითარება (ოპტიმალიზაცია), რათა გაიზარდოს ქართული ენის ძეგლების მიმოქცევა საერთაშორისო დონეზე და წარმატებით განხორციელდეს ქართული ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია.
პროექტი განხორციელდება ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის – Codex Sinaiticus Rescriptus-ის ბაზაზე. კრისტის აუქციონზე შეძენილი პალიმფსესტი, რომელიც შედგენილია არამეულ და ქართულ ენებზე, საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს მოწყვეტილი და სულ ახლახანს დაუბრუნდა ქართველ ერს. ხელნაწერი უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს არა მხოლოდ თავისი სიძველით ან სტრუქტურით (ხელნაწერის ქვედა ფენა დათარიღებულია V-VII საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით), არამედ იმითაც, რომ ხელნაწერი იოანე ზოსიმეს ხელიდან არის გამოსული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელნაწერი იოანე ზოსიმეს ერთადერთი ეგზემპლარია, რომელიც საქართველოში ინახება და რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევისათვის.
ქართველოლოგიური რესურსების ციფრული დამუშავების ისტორია სამ ათეულ წელს ითვლის და განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. რესურსების გაციფრულების პერველ ეტაპზე დაბეჭდილი ტექსტები მუშავდებოდა ოპტიკური სკანერის მეშვეობით და შემდეგ „იკითხებოდა“ ციფრული ტექსტის ფორმატში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (OCR), რომელსაც შეეძლო ცალკეული გრაფემების „აღქმა“, მათი იდენტიფიცირება ანბანის შესაბამის სიმბოლოებთან შედარების გზით და ამოცნობილი ასოების თანმიმდევრობის შენარჩუნებით ტექსტის შენახვა ელექტრონულ ფორმატში. ქართული ენის რესურსების გაციფრულებამ მიმდინარე ეტაპზე არსებითი ცვლილება განიცადა. თანამედროვე, ციფრული საუკუნის პირობებში მიმდინარე ტექნიკურმა რევოლუციამ ოპტიკური ამოცნობის სრულიად ახალი პერსპექტივები შექმნა – შეიქმნა ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ხელნაწერი ტექსტის ამოცნობის (HTR) წვრთნადი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ქართული ანბანით დაწერილი ტექსტებისთვისაც არის განკუთვნილი (იხ. https://adh.ge/wp-content/uploads/2025/01/Gippert_DiKa_3.pdf). პროექტის ფარგლებში მოხდება აღნიშული პროგრამული საშუალების eScriptorium-ის დახვეწა-გავარჯიშება პალიმფსესტური ხელნაწერის Codex Sinaiticus Rescriptus-ის ბაზაზე.
პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ახალი თეორიული ცოდნა, ახალი დიგიტალური რესურსი და დაიხვეწება პალიმფსესტური ხელნაწერების ავტომატური დეშიფრირების პროგრამული უზრუნველყოფა.. კერძოდ:
პროექტის შედეგად შექმნილი ციფრული რესურსები, კერძოდ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ტექსტის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ვებგვერდზე.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კალიგრაფი დავით მაისურაძე.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია