საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერები, პალიმფსესტები, ხანმეტი, ჰაემეტი, სანნარევი, შატბერდის კრებული, რადიონახშირბადული ანალიზი, C14 ანალიზი
აბსტრაქტი: სტატიაში შეჯამებულია ძველი ქართული ხელნაწერების პირველი რადიონახშირბადული (C14) ანალიზის შედეგები, რომელიც 2024–2025 წლებში ჩატარდა ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ETH) პროექტის „მწიგნობრობის განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე“ (DeLiCaTe) ფარგლებში, გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. მათი კოლექციების 20 ხელნაწერიდან აღებულმა ნიმუშებმა, უმეტესად პალიმფსესტებიდან და, ასევე, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის სხვა დაუთარიღებელი ხელნაწერებიდან, დამაჯერებელი შედეგები მოგვცა ქართული მწიგნობრობის განვითარების ადრეული საუკუნეების შესახებ, განსაკუთრებით ხანმეტობისა და ჰაემეტობის გამიჯვნის კუთხით: ანალიზის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ეს განსხვავება არა ქრონოლოგიური, არამედ რეგიონული ან დიალექტური პრინციპით უნდა იყოს განპირობებული, რაც ადასტურებს პირველად აკაკი შანიძის მიერ 1923 წელს გამოთქმულ ამავე შეხედულებას. კვლევის შედეგად მიღებული სხვა მნიშვნელოვანი შედეგები ეხება გარდამავალ პერიოდს ხანმეტობასა და ჰაემეტობას შორის და სანნარევი ფორმების გაჩენას; ეს უკანასკნელი ახლა დანამდვილებით შეიძლება მივაკუთვნოთ VIII საუკუნეს. შატბერდის კრებულის (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი S-1141) შემთხვევაში კი, ჩატარებულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ მის ორ – ასომთავრულითა და ნუსხურით გადაწერილ ნაწილებს შორის 100 წელზე მეტი დროის ინტერვალი უნდა ვივარაუდოთ.
საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერები, გრაცის კოლექცია, ლაიფციგის კოლექცია, მელნის ანალიზი, რენტგენოფლუორესცენცია, რამან-სპექტროსკოპია, ულტრაიისფერი/ხილული/ახლო-ინფრაწითელი მიკროსკოპია.
აბსტრაქტი: წარმოდგენილ სტატიაში განხილულია გრაცისა (ავსტრია) და ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაზე ჩატარებული მელნის ანალიზის შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი კვლევა ქართულ ხელნაწერებზე ისტორიაში პირველად განხორციელდა. იგი გულისხმობს წითელი და შავი ფერის მელნის შედგენილობის კვლევას რამდენიმე მეთოდის გამოყენებით, როგორებიცაა: რენტგენოფლუორესცენცია, რამან-სპექტროსკოპია, ულტრაიისფერი/ხილული/ახლო-ინფრაწითელი მიკროსკოპია. კვლევა ჩატარდა პროექტის „მწიგნობრობის განვითარება კავკასიის ტერიტორიებზე“ („DeLiCaTe“) ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურების შესწავლის ცენტრის (CSMC) ლაბორატორიის მიერ. კვლევის მიზანია, მელნის ანალიზი ჩაუტარდეს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ხელნაწერს ერთიანი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. ბაზაში თავს მოიყრის ინფორმაცია მელნის შედგენილობის შესახებ, რომელიც კონკრეტული რეგიონებისა და პერიოდებისთვის არის დამახასიათებელი. ამ მონაცემთა ბაზის შექმნაში საკვანძო როლი აქვს ისეთ ხელნაწერებს, რომელთაც გადაწერის ადგილი და თარიღი ახლავს. იმავე შედგენილობის მელნის გამოვლენა სხვა უანდერძო ხელნაწერის შემთხვევაში, იქნება უტყუარი საბუთი მისი წარმომავლობისა და, შესაძლოა, გადაწერის თარიღის დასადგენად.
საკვანძო სიტყვები: სომხური ხელნაწერები, ქართული ხელნაწერები, პალიმფსესტები, გრაცი, სინა, თბილისი, ერევანი
აბსტრაქტი: პირველი ათასწლეულის განმავლობაში სომხებისა და ქართველების მიერ შექმნილი ლიტერატურული მემკვიდრეობა ორ ერს შორის ურთიერთკავშირის ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელიც ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში ვითარდებოდა. მატერიალური მტკიცებულებებიც, კერძოდ კი, არქეოლოგია, მოწმობს იმ შესანიშნავ გზას, თუ როგორ აღბეჭდეს სომხებმა და ქართველებმა თავიანთი არქიტექტურისა და კულტურის თანდათან მზარდი ინდივიდუალობა მიმდებარე ლანდშაფტზე, როგორც ფიზიკური, ასევე წერილობითი ფორმით. ვინაიდან ლიტერატურული კვლევებისა და არქეოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული, ეს სტატია გვთავაზობს სომხურ-ქართული პალიმფსესტების პირველ მიმოხილვას.
საკვანძო სიტყვები: კომპიუტერული ტომოგრაფია, წიგნების აკინძვა, ქართული ხელნაწერები, გრაცის კოლექცია, ციფრული ჰუმანიტარია, ENCI
აბსტრაქტი: წინამდებარე სტატიაში მოცემულია არამრღვევი მიდგომა ისტორიული ხელნაწერების აკინძვის სტრუქტურის შესასწავლად მაღალი გარჩევადობის რენტგენის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოყენებით. პორტატული კომპიუტერული ტომოგრაფიის ENCI სკანერი გამოვცადეთ გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ კოდექსზე (MS 2058/1), ცნობილ სინას ლექციონარზე. სამგანზომილებიანმა რეკონსტრუქციებმა გამოავლინა აკინძული წიგნის ყუის, თოკების, ძაფებისა და რვეულების რთული განლაგება. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად შესაძლებელია სინგურითა და რკინის გალის მელნით დაწერილი ცალკეული სიმბოლოების ციფრული სეგმენტირება და განცალკევება. მიღებული შედეგები წარმოაჩენს რენტგენის ტომოგრაფიის პოტენციალს, როგორც მძლავრ, არაინვაზიურ ინსტრუმენტს ადვილად დაზიანებადი ხელნაწერების სტრუქტურისა და ტექსტის ანალიზისთვის, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს მყიფე ან ნაწილობრივ დაზიანებული წიგნების შესასწავლად მათი ფიზიკური მთლიანობის შენარჩუნებით.
საკვანძო სიტყვები: ხე, როგორც საწერი მასალა, სვანური ისტორიული დოკუმენტები, სვანეთის ეკლესიები
აბსტრაქტი: სვანური ისტორიული საბუთებისთვის საწერ მასალად, ძირითადად, სვანეთის ჴევების ეკლესიებში დაცული ხელნაწერების აშიები ან ტექსტისაგან თავისუფალი, დაუწერელი გვერდებია გამოყენებული. საბუთებს, საკუთრივ ტექსტთან კავშირი არ აქვთ, დამოუკიდებლად არსებობენ და მინაწერი ისტორიული საბუთების სახელით არიან ცნობილი. იშვიათია საბუთები, რომლებიც ხეზეა ნაწერი. ხე, საქართველოში, საწერ მასალად გამოყენებული არ ყოფილა, ის მხოლოდ სვანეთში, კალის ჴევში დასტურდება და ამ თემის საბუთებიც, ადგილობრივ, სამწახნაგად, ოთხწახნაგად, ხუთწახნაგად ან შვიდწახნაგად გათლილი ხისგან დამზადებულ საწერ მასალაზეა დაწერილი. საბუთები XIV-XV საუკუნეებით თარიღდება, ყოველი მათგანი კალის ხევს უკავშირდება და შეიცავს საერთო სახევო დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს, თემებს შორის ან თემებსა და კერძო პირებს შორის დადებულ პირობებს და სხვა. საბუთები გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევიან, რასაც უპირველესად, საწერი მასალა და ფორმა განაპირობებს. სვანური საბუთების შესწავლა-შეკრება XIX საუკუნის 30-იან წლებიდან დაიწყო. მიუხედავად მრავალი პუბლიკაციისა, ხე, როგორც საწერი მასალა, კვლევისა და შესწავლის საგანი არ გამხდარა. არ არსებობს პუბლიკაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება, ამ იშვიათი და ქართულ ხელნაწერ პრაქტიკაში სრულიად განსხვავებული საწერი მასალის დამზადებისა და გამოყენების წესები. სტატიაში განხილულია, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ორი საბუთი, წარმოდგენილია მათი კოდიკოლოგიური მახასიათებლები, ყურადღებაა გამახვილებული ფორმაზე, წახნაგების რაოდენობასა და ტექსტის ორგანიზებაზე. ხე, როგორც იშვიათი საწერი მასალა XIV-XV საუკუნეების საქართელოში, კერძოდ კი, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ისტორიულ – გეოგრაფიულ მხარეში, სვანეთში, განხილულია შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის ერთიან ისტორიულ კონტექსტში.
საკვანძო სიტყვები: ფსალმუნის ძველი ქართული თარგმანი; ფსალმუნების სათაურები; ხელნაწერი Sin. george. 98; სანკტ-პეტერბურგის ხელნაწერი, რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული N.S. 10; კემბრიჯის ხელნაწერი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, Tailor-Schechter AS 124.1; ერევნის ხელნაწერი, მატენადარანი, ქართული ფრაგმენტი 37.
აბსტრაქტი: სტატიაში წარმოდგენილია პაპირუსზე დაწერილი ფსალმუნის ძველი ქართული თარგმანის ხუთი გვერდის გამოცემა ორი ხელნაწერიდან (სინა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, georg. 98 და სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული N.S. 10, რომელიც მოიცავს ფსალმუნებს 64:11 – 65:11, 111:1 – 112:6 და 118:68–81) და ორი პალიმფსესტიდან, რომელიც სხვა მონაკვეთებს შეიცავს (კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერი, Tailor-Schechter AS 124.1 (ფს. 3:4–8 და 4:3–6), გადმოწერილი ულტრაიისფერით გადაღებული ფოტოებიდან, და ერევანი, მატენადარანის ქართული ფრაგმენტი 37 (ფს. 43:6 – 44:10), გადმოწერილი სანდრო ცხვედაძის მიერ მულტისპექტრულად გადაღებული ფოტოებიდან). ფსალმუნის ქართული თარგმანის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ვარიანტები მოტანილია მზექალა შანიძის მიერ გამოცემულ ფსალმუნთა ძირითად რედაქციებზე მითითებით.
საკვანძო სიტყვები: ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები, გრიგოლ ნაზიაზელი, იმტერპრეტატიული თარგმანი.
აბსტრაქტი: შუა საუკუნეების ინტელექტუალურ სივრცეში თარგმნა ხშირ შემთხვევაში განიხილებოდა როგორც ეგზეგეტიკური პროცესი − ტექსტის ინტერპრეტაცია და მისი გადმოცემა სხვა ენაზე ისეთი ფორმით, რომელიც ახალი ენობრივი და კულტურული კონტექსტის შესაფერისი იქნებოდა. წინამდებარე სტატიაში ამგვარი განმარტებითი თარგმანი წარმოდგენილია გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა XI საუკუნის ქართველი მთარგმნელის, დავით ტბელის მიერ შესრულებული ქართული თარგმანების მაგალითზე. მართალია, დავითი თავის თარგმანებს კომენტარებს არ ურთავს, მაგრამ მის თარგმანებში შეტანილი ცვლილებები − ჩანართები, ცალკეული მონაკვეთების კლება, პარაფრაზი და ლექსიკის არჩევანი − მკაფიოდ წარმოაჩენს სათარგმნი თხზულებების მთარგმნელისეულ ინტერპრეტაციას. ნაშრომში დავით ტბელის მოღვაწეობა განხილულია ქართული მთარგმნელობითი პრაქტიკის ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით ეფთვიმე მთაწმინდელთან მიმართებაში. დავითს ეფთვიმესთან აკავშირებს ზოგადი მიზანდასახულება – ორიგინალების მაქსიმალურად გასაგები ფორმით გადმოტანა თარგმანში. მაგრამ სათარგმნი ტექსტისადმი თავისუფალი დამოკიდებულების მიუხედავად, ცვლილებები ყოველთვის ზომიერია, დავითის თარგმანი გრიგოლის ტექსტს დიდად დაშორებული არ არის. დავითი ასევე თანამიმდევრულია საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის და ბიბლიური ციტაციის გადმოტანაში, რაც მას წარმოაჩენს როგორც გარდამავალ ფიგურას ათონურ და უფრო გვიანდელ ელინოფილურ მთარგმნელობით ტრადიციებს შორის და როგორც მნიშვნელოვან საფეხურს ქართული საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ლექსიკის განვითარების პროცესში.
საკვანძო სიტყვები: ბასილი მინიმუსის კომენტარები, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ქართული ხელნაწერები, ქართული თარგმანები,, ეფთვიმე მთაწმინდელი, ეფრემ მცირე.
აბსტრაქტი: სტატიის მიზანია წარმოაჩინოს, თუ რა გავლენა მოახდინა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა X საუკუნის ბიზანტიელი მწიგნობრის, ბასილი მინიმუსის კომენტარებმა ამ თხზულებათა ექვთიმე მთაწმინდელისეულ და ეფრემ მცირისეულ თარგმანებზე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ, მართალია, ექვთიმე მთაწმინდელს არ უთარგმნია ქართულად ბასილის კომენტარები, ის კარგად იცნობდა ამ შრომას და გრიგოლის ქადაგებათა ქართულად გადმოტანისას სარგებლობდა ამ კომენტარებით. ამ გზით ექვთიმე ცდილობდა გრიგოლის რთული თეოლოგიური თუ მხატვრული სახეებით დატვირთული პასაჟები უფრო გასაგები და მისაწვდომი გაეხადა ქართველი მკითხველისათვის. როგორც ცნობილია, გრიგოლის ტექსტები შეიცავს რთულ მხატვრულ სახეებს – ალეგორიებს, ევფემიზმებს, ანალოგიებს, მეტაფორებს და სხვ., რომელთა მნიშვნელობაც ხშირად არის განმარტებული ბასილის კომენტარებში. ექვთიმეს თარგმანებში ეს მხატვრული სახეები სიტყვასიტყვით კი არ არის ნათარგმნი, არამედ გადმოტანილია სემანტიკურად, ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ ბასილის განმარტებების შესაბამისად. ეფრემ მცირე, ბასილი მინიმუსის კომენტარების ელინოფილი მთარგმნელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ლიტერატურული სტილის შენარჩუნებას საკუთარ თარგმანებში. ის გრიგოლის სტილს ახასიათებს, როგორც „ლაკონურს, ღრმასა და დაფარულს“. ამ სტილისტური თავისებურების შენარჩუნებაში ეფრემს დიდ დახმარებას უწევდა ბასილის კომენტარების იმ განმარტებები, რომლებშიც განხილულია გრიგოლის მხატვრული სტილის თავისებურებანი. შედეგად, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ეფრემისეულ თარგმანში, ბასილის კომეტარების წყალობით, გრიგოლის ტექსტებისათვის დამახასიათებელი ტონი და რიტმი განსაკუთრებული სიზუსტით არის გადმოცემული.
საკვანძო სიტყვები: ფუნქციური გრამატიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა, კომპიუტერული ინსტრუმენტები, Java
აბსტრაქტი: ნაშრომში წარმოდგენილია ქართული ენის ფუნქციური სიტყვების როლისა და ფუნქციის ანალიზი კორპუსლინგვისტური პერსპექტივიდან. კვლევა ფოკუსირებულია ფუნქციური სიტყვების სინტაქსურ, პრაგმატულ და სემანტიკურ მახასიათებლებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანდებულების, ნაწილაკების, კავშირებისა და სხვა ფუნქციური ელემენტების ფორმალურ და ფუნქციურ თვისებებს და მათ გამოყენებას ქართულ ენაში. კვლევა ეფუძნება ქართული ენის ეროვნული კორპუსის მონაცემებს, რაც ხელს უწყობს სინტაქსური გარემოსა და განაწილების ნიმუშების ემპირიულ კვლევას. ფუნქციური სიტყვების კლასიფიკაცია ისეთი რთული მორფოლოგიის მქონე ენაში, როგორიც ქართულია, უპირისპირდება სინსემანტიკური და ავტოსემანტიკური ელემენტების კლასიფიკაციის რამდენიმე თეორიულ მოდელს. შესაბამისად, საჭირო გახდა ქართულ ენაზე მორგებული თეორიული ჩარჩოს შექმნა სამი სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით: სემანტიკური ავტონომია, სინტაქსური როლი (ადგილმდებარეობა წინადადებაში და კომბინატორული ფუნქცია) და პრაგმატული ფუნქცია (ინტერპრეტირებისა და დისკურსის მენეჯმენტის ფუნქცია).
ქართული ენის ფუნქციური ელემენტების ანალიზის მხარდასაჭერად და შემდგომი ემპირიული კვლევის უზრუნველსაყოფად, კვლევის ფარგლებში შემუშავდა მსუბუქი Java ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიაწოდოს ქართული ფუნქციური სიტყვების წინასწარ განსაზღვრული სია და გააანალიზოს მათი გამოყენება ნებისმიერ შერჩეულ ტექსტში. შექმნილი ინსტრუმენტი ავტომატურად ამოიცნობს, თუ რომელი ფუნქციური სიტყვებია წარმოდგენილი ტექსტში, აძლევს მათ კვალიფიკაციას სამი ზემოთ დასახელებული კრიტერიუმის მიხედვით, ითვლის მათ სიხშირეს საანალიზო ტექსტში და სურვილისამებრ, ახდენს მიღებული შედეგების ვიზუალიზაციას. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოაჩენს სტატისტიკური მეთოდების შესაძლებლობას დახვეწონ თეორიული ლინგვისტური კვლევის პროცესი და ხაზს უსვამს კორპუსზე დაფუძნებული კვლევისა და მიზნობრივად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენებით ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიების მნიშვნელობას ტიპოლოგიურად ისეთ რთულ ენებში, როგორიცაა ქართული, ფუნქციური სიტყვების სისტემების გაგება-გაღრმავებაში.
საკვანძო სიტყვები: აფხაზური ენა, ქართული ენა, ბერძNული ენა, ლათინური ენა, ბიბლია, ახალი აღთქმა, ვულგატა, ტინდეილი, ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტი, საპატრიარქო; წმინდა პავლე, ეპისტოლე, წმინდა ლუკა, სახარება, იგავი; გულია, ხიბა, ლასურია, აშუბა
აბსტრაქტი: ჟურნალ „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ წინა, მე-3-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს შევუდარე პავლე მოციქულის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ სიყვარულის თემის შესახებ დისკუსიის აფხაზური – ლასურიასეული და ქართული თარგმანები (ძველ-ბერძნული წყაროს გათვალისწინებით), გადავწყვიტე გამეგრძელებინა ბიბლიის აფხაზური თარგმანების შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი. წინამდებარე სტატიაში განხილულია წმ. ლუკას სახარებიდან ამოღებული ოთხი იგავი, რომელიც ოთხი მთარგმნელის – არდა აშუბას, მუშნი ლასურიას, დიმიტრი გულიას (1874-1960) და აწ განსვენებული ზაირა ხიბას მიერ არის შესრულებული. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო მთარგმნელთა მიერ თარგმნის პროცესში გამოყენებული სტრატეგიების ჩვენება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად, ტექსტის ინტერპრეტაცია, შერჩეული ლექსიკა, სინტაქსური კონსტრუქციის შერჩევა. როგორც შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, ამ თვალსაზრისით გულიას და ხიბას თარგმანები არა მხოლოდ ერთმანეთთან ახლოსაა, არამედ ოთხი აფხაზური ვერსიიდან ბერძნულთან ყველაზე ახლოს დგას, მაშინ როდესაც, აშუბას და ლასურიას აფხაზური თარგმანები დედნის უფრო მეტი თავისუფლებით თარგმნის ტენდენციას გვიჩვენებენ.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია