ფუნქციური სიტყვები ქართულში

ფუნქციური სიტყვები და ფრაზული კონსტრუქციები ქართულში

პროექტის ავტორი: დოქ. მარიამ ყამარაული

პროექტის წევრები: პროფ. მანანა თანდაშვილი, დოქ. გიორგი ჯღარკავა (კოორდინატორი), დოქ. მარიამ რუხაძე, დოქ. მარიამ გობიანიძე, დოქტორანტი ანასტასია ყამარაული

პროექტი ხორციელდება დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის მონაწილეობით.

პროექტის მიზანი

ფუნქციური სიტყვები (სინსემანტიკები), მიუხედავად იმისა, რომ სემანტიკისაგან არიან დაცლილი, გამოყენების თვალსაზრისით მაღალი სიხშირით გამოირჩევიან  და სტრატეგიულ როლს თამაშობენ დისკურსში – კოჰერენტულობასა და კოჰეზიას ძირითადად ფუნქციური სიტყვები უზრუნველყოფენ ტექსტში. ფუნქციური სიტყვები ხელს უწყობენ იდეებს შორის ლოგიკური ურთიერთმიმართებების გამოხატვას, ლოგიკურ კავშირებს ამყარებენ  წინადადებებს შორის, ახდენენ კომუნიკაციის მოდერირებას, არგუმენტების ორგანიზებას და მსმენელებს/მკითხველებს ეხმარებიან რთული იდეების გადმოცემა-გაგებასა და სრულფასოვან კომუნიკაციაში. ფუნქციური სიტყვები აუცილებელია მიზეზ-შედეგობრიობის, კონტრასტის, პირობითობისა და თანმიმდევრულობის სიგნალიზაციისთვის. პროექტი მიზნად ისახავს ფუნციური სიტყვებისა და ფრაზული კონსტრუქციების შესწავლას ქართულში და მათი ფუნქციურ-სემანტიკური მნიშვნელობების გამოვლენას კორპუსულ კვლევებზე დაყრდნობით.

კვლევის აქტუალობა

პროექტის თემა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ციფრულ ეპოქაში ყველა ენისათვის. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდი განვითარებისა და გამოყენების აუცილებლობის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ფუნქციური სიტყვებისა და კონსტრუქციების კვლევამ  მრავალი მიმართულებით: საკომუნიკაციო აქტის სრულფასოვანი წარმართვა/გაგების, ინფორმაციის სწრაფი დამუშავების, ავტომატური სათარგმნელი პროგრამების დახვეწის, და, რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის ეფიციენტური გამოყენების მიზნით, განსაკუთრებით ისეთი ამოცანების შესრულებისათვის, როგორიცაა ტექსტის სენტიმენტანალიზი.

კვლევის აქტუალობას განაპირობებს რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტიც: მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე აქტიურდება მცირე/ეგზოტიკური ენების დიგიტალიზაცია.  ამ პროცესში განსაკუთრებული სირთულეს ფუნქციური ელემენტების სწორი კვალიფიკაცია და ანალიზი წარმოადგენს. ქართულ ენას, როგორც რთული აგლუტინაციური სისტემის მქონე ენას, ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.  პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის  შედეგები რელევანტურია სხვა კავკასიური ან მცირერესურსიანი ენების ციფრული განვითარებისათვის.

კვლევის მეთოდოლოგია

პროექტის მიზანია ქართულში ფუნქციური სიტყვებისა და კონსტრუქციების იდენტიფიცირება, ანალიზი (კლასიფიკაცია და კვალიფიკაცია) და კორპუსზე დაფუძნებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა. კვლევა, ერთი მხრივ დაეფუძნება ქართული ენის ეროვნული კორპუსის მასალებს და გამოყენებული იქნება კორპუსლინგვისტური მეთოდები (კორპუსზე დაფუძნებული და კორპუსზე ორიენტირებული), რაც უზრუნველყოფს მიღებული შედეგების ხარისხს: სისტემურობას, სისრულესა და ყოვლისმომცველობას. თუმცა, კვლევაში ასევე გამოყენებული იქნება ტრადიციული მეთოდები (შედარება-შეპირისპირება, სუბსტიტუცია, პერლოკუცია, პერიფრაზი, სკოპუსი). გარდა ამისა, ფუნქციური სემანტიკის დასაზუსტებლად დამატებით გამოყენებული იქნება კომპეტენციის ტესტი (ცდისპირთა გამოკითხვა საგანგებოდ შემუშავებული კითხვარების მიხედვით) და ინტონაციური ანალიზი გენდერული და ასაკობრივი ბალანსის გათვალისწინებით.

პროექტის შედეგები

პროექტის მიზნებიდან და მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე პროექტის შედეგები საქართველოსთვის უდაოდ ეფექტური იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ენის ტექნოლოგიების პროგრესის თვალსაზრისით. კერძოდ:

  • საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება ქვეყანაში ღია მეცნიერების მხარდაჭერისათვის;
  • სამეცნიერო ასპექტის თვალსაზრისითპროექტში შემუშავებული მეთოდოლოგია და მულტიდისციპლინური კვლევების განხორციელება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ქართული ენის ეროვნული კორპუსის ანოტაციის დონის ამაღლებას, მეორე მხრივ კი, კვლევის ახალი მეთოდების გამოყენებას სხვა ქართველური ენებისათვის, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დიგიტალური ქართველოლოგიის შემდგომ განვითარებას;
  • საკვლევ თემაში გენდერის პერსპექტივის ჩართვა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამეცნიერო კვლევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს გენდერული კვლევებისადმი სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესებას და უდაოდ წაახალისებს მომავალ გენდერულ კვლევებს საქართველოში.
  • პროექტის საგანმანათლებლო ასპექტი გულისხმობს დაგეგმილი ვორქშოპის ფარგლებში კვლევის თანამედროვე მიდგომების გაცნობას ახალგაზრდა მეცნიერთათვის. გარდა ამისა, ქართველოლოგიური კვლევებით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება ექნებათ საკუთარი სამეცნიერო შრომა წარმოადგინონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო დიალოგს, ცოდნის ტრანსფერსა და ახალი კონტაქტების გაჩენას;
  • ენის ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისითპროექტის შედეგად მიღებული თეორიული და პრაქტიკული შედეგები (სამეცნიერო კვლევები და ტექნოლოგიური რესურსები) წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ქართული ენის ტექნოლოგიების განვითარებაში როგორც საკუთრივ ლინგვისტური, ისე სხვა დისციპლინათა (მაგ., ავტომატური თარგმანის დახვეწის) მიმართულებით.
  • ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსი უდავოდ ხელს შეუწყობს ქართული ენის ტექნოლოგიზაციას და ხელოვნური ინტელექტის უფრო ეფექტურად გამოყენებას სახელმწიფო ენისათვის: ტექსტში ფუნქციური ელემენტების ავტომატური ამოცნობის საშუალება და მათი ფუნქციურ-სემანტიკური კვალიფიკაცია საგრძნობლად გააადვილებს ქართული ენის ავტომატურ ანალიზს, დახვეწს ქართული ენის მასწორებელ პროგრამებს და ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნას ქართული ენისათვის.
პროექტს აფინანსებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი