მილენიუმი ტომი II

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ახალგაზრდული სამეცნიერო ჟურნალი

ISSN 2960-9887 (ელექტრონული ვერსია)

ჟურნალის ახალი ნომერი:
ტომი 2, 2024 წ. (სრული ვერსია)

დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „მილენიუმი“ დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის დამფუძნებელთა მიერ და განკუთვნილია ჰუმანიტარიაში და სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევართათვის - მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისათვის.
ჟურნალი „მილენიუმი“ მიზნად ისახავს მეცნიერთა ახალი თაობის აკადემიური განვითარების ხელშეწყობას - ჰუმანიტარულ დარგებსა და სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აკადემიური პლატფორმის შექმნას სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.

ავტორები და სტატიები:

I. დიგიტალური ქართველოლოგია

გიორგი ჯღარკავა (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი)
ქართველურ ენათა ანდაზების კვლევა ციფრულ ეპოქაში ‒ თეორიული და ტექნოლოგიური ჩარჩო

საკვანძო სიტყვები: ანდაზები, ქართველური ენები, მონაცემთა ციფრული დამუშავება

აბსტრაქტი: ენა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ენის კონკრეტულ რეალიზებას სხვადასხვა ჟანრისა და შინაარსის ტექსტები განსაზღვრავს. ანდაზებს, როგორც ეროვნული ნიშნით მარკირებულ ერთეულებს, ამ თვალსაზრისით საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია ქართველურ ენათა (ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური) ანდაზების მონაცემთა ბაზის შექმნა და მასზე დამყარებული ლინგვოკულტუროლოგიური კვლევების განხორციელება, რადგან ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ენათა გენეტიკურ ნათესაობას და საერთოქართველურ ენობრივ-კულტურულ სივრცეს. ქართველური ენების მჭიდრო ურთიერთკავშირი და საერთოქართველური ლონგვოკულტურული სივრცის არსებობა განაპირობებს იმას, რომ ქართველურ ენათა ანდაზებში არსებითი განსხვავებები არ გვხვდება. სხვაობები ძირითადად აიხსნება ადგილობრივი ტოპონიმებისა და ანთროპონიმების, აგრეთვე, სხვა ლოკალური თავისებურებების არსებობით. ქართველურ ენათა ანდაზების შედარება და ჰარმონიზაცია სემანტიკური ეკვივალენტობის თვალსაზრისით ინტერდისციპლინური კვლევის მნიშვნელოვან რესურსს იძლევა. სტატიაში განხილულია ქართველურ ენათა ანდაზების ციფრულ ეპოქაში კვლევისთვის აუცილებელი ძირითადი თეორიული და ტექნოლოგიური ჩარჩო.

მარიამ ყამარაული (ჰამბურგის უნივერსიტეტი, ჰამბურგი)
ხელნაწერთა შედარებითი კვლევის დიგიტალური მეთოდები: წმ. ფებრონიას წამება

საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერები, პალიმფსესტები, ძველი ქართული, წმინდა ფებრონიას წამება.

აბსტრაქტი: იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წამებული მონაზონის – წმიდა ფებრონიას ღვაწლი, რომელიც ქრისტიანული რელიგიის აღმსარებლობისა და მისდამი ერთგულების გამო აწამეს, ქართულად თარგმნილია და შემონახულია რამდენიმე ხელნაწერში, რომელთაგან ოთხი მათგანი გაანალიზებულია წინამდებარე სტატიაში: სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცული ხელნაწერი georg. 6: გადაწერილი ნუსხურით (981-983), სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცული ხელნაწერი georg. NF 84+90, ორმაგი პალიმფსესტი, შუა  ფენა შესრულებულია ასომთავრული დამწერლობით (IX–X სს.), კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი  A-95, შესრულებულია ნუსხური დამწერლობით (X ს.), ოქსფორდში, ბოდლეანის ბიბლიოთეკები დაცული  MS Georg. b.1, შესრულებულია ნუსხური დამწერლობით (XI ს.). სტატიაში წარმოდგენილია წმ. ფებრონიას წამების ტექსტის შემცველი ოთხივე ხელნაწერის შედარებითი ანალიზი და  მოცემულია განსხვავებების კლასიფიკაცია სხვადასხვა რელევანტური ნიშნის მიხედვით (დამატებები, გრამატიკული და ლექსიკური ვარიაციები, სიტყვების თანმიმდევრობა). განსხვავებები გამოთვლილია ლევენშტაინის დისტანციების  მეთოდის გამოყენებით და წარმოდგენილია ვიზუალიზაცებული სახით.

დავით მაისურაძე (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი)
ქართული კალიგრაფიული შრიფტები და მათი მნიშვნელობა სამეცნიერო კვლევებისათვის

საკვანძო სიტყვები: ციფრული შრიფტი, შრიფტი, ქართული პალეოგრაფია, უნიკოდი, ხელნაწერები

აბსტრაქტი: სტატიაში განხილულია ქართული პალეოგრაფიული შრიფტების როლი და მნიშვნელობა როგორც სამეცნიერო, ისე პოპულარულ კონტექსტში. პალეოგრაფიული შრიფტი, რომელიც აერთიანებს პალეოგრაფიული ნიშნებით დატვირთული გრაფემების ვექტორულ გამოსახულებებს, იძლევა  ტექსტის სხვადასხვა დიგიტალურ სისტემაში წარმოდგენისა და დამწერლობის ისტორიის შესწავლის საშუალებას. სტატიაში განხილულია ქართული პალეოგრაფიული შრიფტების შექმნის აუცილებლობა, გამოწვევები და მიღწევები ამ მიმართულებით და ტრადიციულიდან ციფრულ ფორმატზე გადასვლის მნიშვნელობა სამეცნიერო და საზოგადოებრივი გამოყენების თვალსაზრისით. ქართული პალეოგრაფიული შრიფტების შექმნა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესში იმყოფება, აუცილებელია ისტორიული დამწერლობის – ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის ადეკვატური  წარმოდგენისთვის.  იგი ხელს უწყობს მეცნიერულ კვლევას ისტორიული მწერლობის დეტალური, ავთენტური წარმოდგენის მიწოდებით და პოპულარული კულტურის გაძლიერებით მათი თანამედროვე მედიაში გამოყენების გზით. სტატიაში განხილულია  ქართული პალეოგრაფიული შრიფტების კონკრეტული მაგალითები, მოცემულია ციფრული პალეოგრაფიული შრიფტების უპირატესობები ტრადიციულ ბეჭდურ მასალებთან შედარებით. პალეოგრაფიული შრიფტების არსებობა აგრეთვე ხელს უწყობს ტექსტის დინამიურ წარმოდგენას და პალეოგრაფიულ ანალიზს, გვთავაზობს პალეოგრაფიული მახასიათებლების ვიზუალიზაციის ახალ გზას და  ხელმისაწვდომს ხდის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოებისათვის. სტატიაში წარმოჩენილია ციფრული პალეოგრაფიული შრიფტების მზარდი მნიშვნელობა ქართული დამწერლობის მემკვიდრეობის შენარჩუნების, მეცნიერული კვლევების წინსვლისა და ისტორიული ცნობიერების ამაღლების საქმეში. მომავალი პროექტები მიზნად ისახავს ამ შრიფტების ციფრული საცავის გაფართოებასა და მათი ფუნქციონირების გაზრდას.

II. კორპუსლინგვისტიკა

მარიამ გობიანიძე (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი)
აფორიზმის ეკვივალენტობის საკითხი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ თარგმანებში (ერთი აფორიზმის მაგალითზე)

საკვანძო სიტყვები: თარგმანმცოდნეობა, დიგიტალური რუსთველოლოგია, ქართული ენა

აბსტრაქტი: შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ გამორჩეული ნაშრომია შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ცნობილია თავისი ღრმა კულტურული და ლიტერატურული მნიშვნელობით. პოემა ჩვენამდე მოღწეულია 160-ზე მეტი ხელნაწერის სახით და თარგმნილია 58 ენაზე, მათ შორის, რამდენჯერმე ითარგმნა ინგლისურ ენაზე. რუსთველის ენის სიმდიდრე და მისი აფორიზმების სიღრმე უნიკალურ გამოწვევებს უქმნის თარგმანის პროცესს. სტატიაში გამოკვლეულია „ვეფხისტყაოსნის“ ერთი აფორიზმის „ოდეს ტურფა გაიეფდეს აღარა ღირს არცა ჩირად“ ინგლისური თარგმნის სირთულეები და ნიუანსები. საკვლევად გამოყენებულია მარჯორი სკოტ უორდროპის (1912), ვენერა ურუშაძისა (1968) და ლინ კოფინის (2015) თარგმანები. სტატიაში განხილულია დასახელებული მთარგმნელების მიდგომები და სტრატეგიები კონკრეტული აფორიზმის მაგალითზე.

იულიან ჰაშე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, ფრანკფურტი)
გრძნობა-აღქმის ზმნების კორპუსლინგვისტური ანალიზი „ვეფხისტყაოსნის“ დედანსა და პოემის ბასკურ თარგმანში

საკვანძო სიტყვები: თარგმანმცოდნეობა, დიგიტალური რუსთველოლოგია, ქართული ენა, ბასკური ენა

აბსტრაქტი: ნაშრომის მიზანია „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ბასკური თარგმანის (Xabier Kintana, 1999) ურთიერთმიმართების შესწავლა თარგმანმცოდნეობის ჭრილში. კვლევა ეფუძნება ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შესრულებულ საბაკალავრო ნაშრომს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია verba sentiendi ტიპის ზმნებზე, რომლებიც, სპეციფიკური თვისებების გამო, ზმნათა ცალკე  ჯგუფს წარმოადგენენ. კვლევის თეორიული ჩარჩო ემყარება Henjum-ისა და Koller-ის ეკვივალენტობის თეორიას, რომელიც საშუალებას იძლევა შევაფასოთ ორიგინალისა და თარგმანის ურთიერთმიმართება მიზანენაში გამოყენებული ეკვივალენტების ანალიზზე დაყრდნობით. საანალიზოდ აღებულია პოემის მესამე თავი („ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა / Arabiako erregeak zaldun tigrelarruduna dakusa“). მეთოდოლოგიური ჩარჩო ეფუძნება ფრაზული ალინირების პრინციპს, რომელიც Rustaveli goes digital კორპუსის პროექტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა. სტატიაში გრამატიკულად გაანალიზებულია გრძნობა აღქმის ზმნები კონკრეტულ წინადადებებში კონტექსტური შინაარსის შესასწავლად. სტატიაში წარმოდგენილი ანალიზის ძირითადი ნაწილი მოიცავს წინასწარ დეტემინირებული და გაანალიზებული ზმნების ტექსტურ გარემოში რეალიზების დეტალურ განხილვას შეპირისპირებუთი მეთოდის გამოყენებით. გარდა ემპირიული ანალიზისა, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მიღებული შედეგების ანალიზსა და შეფასებაზე.

მარიამ რუხაძე (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი)
ნაზმნარი ფუნქციური ელემენტების სემანტიკური ანალიზი კორპუსლინგვისტურ ჭრილში

საკვანძო სიტყვები: გრამატიკალიზაცია, ქართული ენა, კორპუსლინგვისტიკა

აბსტრაქტი: სტატიაში განხილულია ცოცხალ ენობრივ სისტემაში მიმდინარე გრამატიკალიზაციის პროცესის შედეგად მიღებული ზმნური წარმოშობის ფუნქციური ელემენტები ქართულ ენაში: ადგომა; აღება; ჩენა. წარმოდგენილია საკვლევი ერთეულების ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზი. ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზისას გამოყენებულია ლექსიკური სუბსტიტუციისა და ელიმინაციის მეთოდები, ხოლო საკვლევი ელემენტთა როლის განსასაზღვრად დისკურსში გამოყენებულია ენობრივი კომპეტენციის ტესტი. სტატიაში წარმოდგენილია საკვლევი ფუნქციური ელემენტების კორპუსული კვლევის შედეგად შეკრებილი მონაცემების რაოდენობრივი ანალიზი და მოცემულია კომბინატორული წესები, რომლებიც ქართული ენის ეროვნულ კორპუსში (GNC)  ნაზმნარი ფუნქციური ელემენტებით განპირობებული ომონიმიის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. კვლევა კორპუსულ მეთოდს ეფუძნება და ქართული ენის ეროვნული კორპუსის (GNC) ბაზაზე განხორციელდა. საკვლევი მასალა შეკრებილია ქართული ენის რეფერენციალურ კორპუსში (GRC), რომელიც თავის მხრივ, აერთიანებს ძველი, საშუალი და ახალი ქართულის, ქართული დიალექტური ქვეკორპუსების მონაცემებს, ასევე ქართული პოლიტიკური კორპუსისა და იურიდიული კორპუსის ტექსტებს. სტატიაში გაანალიზებულია საკვლევი ერთეულებისთვის ეროვნულ კორპუსში თერთმეტივე მწკრივში მოცემული კონტექსტები. ფუნქციური ელემენტები განსაკუთრებულ სირთულეებს წარმოქმნიან ენის ავტომატური დამუშავებისას, კერძოდ კი კომპიუტერულ ლინგვისტიკაში, ვინაიდან ქართული ენის ენობრივ კორპუსს არ აქვს ალგორითმი, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნავს გრამატიკალიზებულ ფორმათა ლექსიკურ და გრამატიკულ მნიშვნელობებს, წარმოიქმნება ომონიმია და რთულდება ორაზროვნების მოხსნის საკითხი. სტატია მიზნად ისახავს კორპუსში არსებული ორაზროვნების პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებას, რისთვისაც კვლევაში წარმოდგენილია ფორმალური წესები. წესებს საფუძვლად უდევს  საკვლევ ელემენტთა პოზიციური განაწილების სქემა. შემუშავებული ფორმალური წესები სტატიაში მოცემულია სქემების სახით.

III. ენის ტექნოლოგიები

მარკ-დანიელ რანი (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, ფრანკფურტი)
აქვს თუ არა სიტყვების დათვლას აზრი? ვიზუალური ხელსაწყოების მარტივი გამოყენება საბაზისო მანქანური სწავლებისათვის ლინგვისტიკაში

საკვანძო სიტყვები: მანქანური სწავლება, კავკასიოლოგია, ლინგვისტიკა, გრაფიკული ხელსაწყოები

აბსტრაქტი: ბუნებრივი ენის დამუშავების სფერო (NLP) სწრაფად ვითარდება ტექსტისა და ენის ავტომატური დამუშავების ინსტრუმენტების შექმნის გზით. Chat GPT-ისა და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების დანერგვამ მწვავე დისკუსია გამოიწვია ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეებში. ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, როგორც წესი, ეფუძნება მანქანურ სწავლებას (ML) და საშუალებას აძლევს მეცნიერებს, ჩაატარონ წინასწარი კვლევები ჰიპოთეზების გადასამოწმებლად. კომპიუტერულ პროგრამებს დიდ მონაცემთა ბაზების დამუშავებისა და გააანალიზების შედეგად შეუძლიათ თავად „ისწავლონ“ და შექმნან მოდელები კვლევის პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად (გადაწყვეტილების მისაღებად). მიუხედავად იმისა, რომ ML ეფექტურია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ენობრივი მონაცემების კვლევის შედეგების წინასწარი პროგნოზირება, ისინი ყოველთვის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი ან ოპტიმიზებული ენათმეცნიერთათვის. ნაშრომში წარმოდგენილია მარტივი გრაფიკული ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა მანქანური სწავლებისათვის, რათა იგი დაეხმაროს ენათმეცნიერებს ჰიპოთეზების ჩამოყალიბებაში საკვლევ საკითხებთან მიმართებით. სტატიის მიზანია აჩვენოს მანქანური სწავლების შესაძლებლობები, რათა  ლინგვისტებმა გადალახოთ ის ბარიერები, რომლებიც აფერხებენ ენათმეცნიერთა მხრიდან მანქანური სწავლების ტექნიკის გამოყენებას. წინასწარი კვლევებისთვის ასეთი ხელსაწყოს გამოყენების ეფექტურობის საილუსტრაციოდ, სტატიაში აღწერილია სამი ექსპერიმენტი – კონკრეტული საკვლევი საკითხები კავკასიოლოგიის სფეროდან.

IV. პოლიტიკური ლინგვისტიკა

თათია ცეცხლაძე (შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი), ანასტასია ყამარაული (ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ჰაგენბერგი)
თანამედროვე ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველება გენდერულ და პარტიულ ჭრილში

საკვანძო სიტყვები: ქართული პოლიტიკური მეტყველება, კორპუსის ლინგვისტიკა, პოლიტიკური ლინგვისტიკა

აბსტაქტი: სტატიაში წარმოდგენილია თანამედროვე ქართული პოლიტიკური გამოსვლების ანალიზი გენდერისა და პარტიული კუთვნილების ჭრილში, გააანალიზებულია ოთხი პოლიტიკოსის ენობრივ სტრატეგიები და რიტორიკული სტილი, რომლებსაც იყენებენ პოლიტიკური აქტორები. მიუხედავად ქართული პოლიტიკური მეტყველებისადმი ინტერესისა, სისტემური კვლევები ამ დარგში ნაკლებად არის წარმოდგენილი, მით უფრო ნაკლებად გვხვდება ციფრულ მეთოდებზე დამყარებული კვლევები.  სტატიაში განხილულია კვლევის ის ასპექტები, რომლებიც აქტუალურია პოლიტიკური გამოსვლების ანალიზისთვის და წარმოდგენილია შესაბამისი მზა ინსტრუმენტები. რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდოლოგიების, მათ შორის სენტიმენტანალიზისა და არგუმენტაციული სტრუქტურების ანალიზის თვალსაზრისით, კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი  განსხვავებები გენდერულ მეტყველებაში. კვლევის შედეგების მიხედვით, ქალი პოლიტიკოსები უფრო გასაგებ ენაზე მეტყველებენ, ხშირად იყენებენ პირის ნაცვალსახელებს და ფოკუსირებული არიან გამოსვლის ემოციურ მხარეზე. მამაკაცი პოლიტიკოსები უფრო მეტად იყენებენ არგუმენტაციულ სტრუქტურებს და ფოკუსირებული არიან ფაქტობრივ განცხადებებზე, რაც მიუთითებს ანალიტიკური და პოლიტიკაზე ორიენტირებული კომუნიკაციის სტილის გამოყენების უპირატესობაზე. განსხვავებები, რომლებიც შეინიშნება მამაკაც და ქალ პოლიტიკოსებს შორის, ისევე როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის, ხაზს უსვამს პოლიტიკური მეტყველების ლინგვისტური ანალიზის პროცესში როგორც სქესის, ისე პარტიული კუთვნილების გათვალისწინების მნიშვნელობას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს ურთიერთგანპირობებულობა მანიპულაციის ენობრივი სტრატეგიების გამოყენებასა და პოლიტიკურ სტრატეგიებს შორის, რისი გათვალსიწინებაც არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის.

V. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

ნინო საბაძე (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი)
გველეშაპის სახის პრობლემა კავკასიურ და ევროპულ მითოეპიკურ ტექსტებში

საკვანძო სიტყვები: ქართული მითოლოგია, კავკასიური და ევროპული მითოლოგია და ეპოსი, გველეშაპი და გმირი

აბსტრაქტი: სტატიაში განხილულია გველეშაპის როგორც უნივერსალური, ასევე სპეციფიკური ეროვნული მახასიათებლები, გველეშაპის ტიპები, გარემო, მათი დამარცხების გზები და საშუალებები. სტატიის მიზანია ნათლად გამოავლინოს  გველეშაპის სახე ეპიკურ და მითოლოგიურ თხზულებებში, მისი ფუნქციები და როლი გმირების ცხოვრებაში. გველეშაპის სახეს მითოლოგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და გვხვდება მსოფლიოს მრავალ კულტურაში. გველეშაპის სახე მრავალფეროვანია: იგი შეიძლება იყოს ბოროტი ან კეთილი, ფლობს სიბრძნეს, იცავს საგანძურს, ზოგ შემთხვევაში ეხმარება გმირს, ზოგჯერ კი ებრძვის გმირს, რომელიც ხშირად მარცხდება. ამავდროულად, გველეშაპი შეიძლება ჩაითვალოს გმირის ცხოვრებაში ერთგვარ გამოწვევად, ვინაიდან ყველა მითო-ეპიკურ გმირს სჭირდება თავისი გველეშაპი ცხოვრების გზაზე, რათა შეებრძოლოს მას და დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად გმირია. ამ პერსპექტივიდან, გველეშაპი საგმირო ეპოსის აუცილებელი და გადამწყვეტი ფიგურაა.

VI. ისტორია

იოსებ შენგელია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ერთი ციხესიმაგრის ისტორიისათვის სამეგრელოში (ჭაქვინჯის ციხე)

საკვანძო სიტყვები: ჭაქვინჯის ციხე, ისტორიული ძეგლები სამეგრელოში, წმინდა ნიკოლოზის ხატი

აბსტრაქტი: ჭაქვინჯის ციხე, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის გუბერნიის სოფელ ჯიხაშკარში, სამეგრელოს გამორჩეული ისტორიული ძეგლია. გარდა ისტორიული საბუთებისა, იგი მოხსენიებულია 1640 წელს ლევან II დადიანის დაკვეთით შესრულებულ წმინდა ნიკოლოზის ხატის წარწერაში. ჩაქვინჯის ციხე ასევე გვხვდება უცხოელი მოგზაურების ცნობებში, მაგალითად, იოჰან ანტონ გიულდენშტედტისა და ედუარდ აიხვალდის მოგზაურობის მასალებში. ჭაქვინჯის ციხის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს – ციხე მრავალი საუკუნის განმავლობაში თავდაცვითი ობიექტის ფუნქციას ასრულებდა. ფეოდალურ ხანაში ჭაქვინჯის ციხე ოდიშის გუბერნიის ცენტრს წარმოადგენდა; აქ მდებარეობდა დადიანების სასახლე და რეზიდენცია, სადაც 1813 წლის 26 იანვარს დაიბადა სამეგრელოს უკანასკნელი თავადი დავით დადიანი. 1968-1969 წლებში დაიწყო ჭაქვინჯის ციხის არქეოლოგიური გამოკვლევა და მისი არქიტექტურული ნაგებობების გამაგრება. არქეოლოგიურმა გათხრებმა საინტერესო მასალა გამოავლინა, რომელიც სამ პერიოდად იყოფა: პირველი პერიოდის მასალა ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, მეორე – შუაფეოდალური ხანისა და მესამე – გვიანფეოდალური ხანისა. სტატიაში წარმოდგენილია ჭაქვინჯის ციხის შესახებ არსებული და ახლად მოძიებული ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული და ლინგვისტური მასალების ხელახალი ანალიზი. სტატიაში ასევე აღწერილია ჭაქვინჯის ციხის დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ძალიან სავალალოა და საჭიროებს გადაუდებელ კონსერვაციას და აღდგენას.