2025 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო ზამთრის სკოლას „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“, რომელსაც ერთობლივად ატარებენ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულება (დოქ. მარიამ ყამარაული), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. დარეჯან თვალთვაძე) და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო (პროფ. მანანა თანდაშვილი).
საერთაშორისო ზამთრის სკოლის ორგანიზებისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა 2023 წლის 4-8 ოქტომბერს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალური კავკასიოლოგია – პარადიგმის ცვლა“, რომელზეც გამოიკვეთა ამ ცვლილებების შესახებ ცოდნის ახალგაზრდებისთვის გადაცემის საჭიროება, რისთვისაც კარგ საშუალებას წარმოადგენს საერთაშორისო სეზონური სკოლების პერიოდულა ჩატარება.
საერთაშორისო ზამთრის სკოლა მიზნად ისახავს ჰუმანიტართა ახალგაზრდა თაობისათვის როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას – მეცნიერებაში პარადიგმის ცვლილების არსისა და ფორმების შესახებ, ისე ჰუმანიტარულ კვლევებში ციფრული რესურსების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების ათვისებასა და პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
21-ე საუკუნის მიჯნაზე განვითარებულმა მსოფლიო გლობალიზაციის პროცესმა და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ წარმოუდგენლად დააჩქარა სამეცნიერო საზოგადოების თვისებრივი ცვლილება, დღეს ჩვენს თვალწინ იქმნება მეცნიერების ახალი ფილოსოფია, რამაც, თავის მხრივ, მოითხოვა ძირითადი კონცეპტების – ცოდნისა და რესურსის – რეინტერპრეტაცია. კვლევის ტექნოლოგიზაციამ, შესაბამისად, გამოიწვია ახალი ტიპის ცოდნის შექმნის აუცილებლობა, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა მეცნიერებაში პარადიგმის შეცვლა და მეცნიერების ახალი ფილოსოფიის ჩამოყალიბება.
აღნიშნული ცვლილებები, ბუნებრივია, შეეხო საქართველოს ეროვნულ მეცნიერებას – ქართველოლოგიასაც, რომელიც ღირსეულად შეხვდა 21-ე საუკუნის გამოწვევებს როგორც ციფრული რესურსების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნისა და გამოყენების თვალსაზრისით. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება კორპუსული კვლევების დანერგვასა და ღია რესურსების შექმნისა და გამოყენების საერთაშორისო სტანდარტებს.
ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ითვალისწინებს საერთაშორისო ზამთრის სკოლა „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“, რომელიც 31 მარტიდან 6 აპრილამდე ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
პროექტის ავტორი: დოქტ. მარიამ ყამარაული (ფრანკფურტის უნივერსიტეტი)
პროექტის კოორდინატორი: მარიამ გობიანიძე (თსუ / ფრანკფურტის უნივერსიტეტი)
საერთაშორისო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
სამუშაო ენა: ქართული
საერთაშორისო ზამთრის სკოლის მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.
ინფორმაცია საერთაშორისო ზამთრის სკოლის შესახებ გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“ – https://shorturl.at/SgyMa
ინფორმაცია საერთაშორისო ზამთრის სკოლის შესახებ თსუ-ს ვებგვერდზე – https://shorturl.at/5K0XO
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია